logo_geo
„კიბო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მაგრამ მასთან ომი მოვიგე!“
- +

23 იანვარი. 2019. 02:08

 

Facebook-ის მომხმარებელი, ახლგაზრდა გოგონა მარიამ ი. სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ფოტო ხომ გახსოვთ?

 

19ივლისია, ბიოფსიის პასუხის დღე. ის დღე, კიბო ოფიციალურად რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა!

 

საკუთარი თმა მაქვს და ჩემი საყვარელი ვარცხნილობა. ეს ფოტო ლაბორატორიის ლიფტში გადავიღე. მარცხენა ხელში განაჩენი მიჭირავს (არ ჩანს). ვიღიმი...

 

საკუთარ თავს ვგავარ, მე ვარ, ნამდვილი მე და მიყვარს ყველა ფოტო, მანამდე გადაღებული, სანამ ბრძოლის ველზე, კიბომ რომ ვერაფერი მომიხერხა, ჩემი იდენტობის ჩამოშლა არ დაიწყო.

 

მოვიმატე 33 კილო, აქედან 25 სითხის სახით ბოლო თვეში, ნოემბრიდან დეკემბრამდე მოვაგროვე და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა უბედურებაც ვატარე მხრებით ეს 6 თვე.

 

დასრულდა ჩემი და სარკეს ურთიერთობა. ერთ ღამეში დავკარგე ყველა წამწამი და წარბი. მერე თმამ დაიწყო ცვენა. გადავიპარსე. ისე რომ ის 10 წუთი, მხოლოდ ერთხელ გავუსწორე თვალი სარკეს, რამდენიმე წამით და მივხვდი, რომ დედამიწაზე არსებულ ყველაზე ვერაგ ავადმყოფობასთან მომიწია ომში ყოფნა.

 

მოვიგე ეს ომი! 102 დღე და 4 საათი მოვანდომე. პროფილაქტიკისთვის დამატებით პაკლიტაქსელის ორი ციკლი დავიმატე და დღეს, ჩემს პროფესორთან და სხვა ექიმებთან ერთად მომავალი დავგეგმე. ყველაზე დიდ რისკებთან დაკავშირებულ ოპერაციას დავთანხმდი. ყველა საშიშროება გავითავისე და ხელი მოვაწერე.

 

13-16 საათი ანესთეზიის ქვეშ ვიქნები. ორი ოპერაცია ერთად გაკეთდება.

 

აბდომინოპლასტიკა და მამოპლასტიკა. პრევენციისთვის მოვიშორებთ სარძევე ჯირკვლებს, მეტი ბუნებრივობისთვის და სილამაზისთვის ,ცარიელი ადგილები მუცლის ცხიმით შეივსება, რის გამოდაც მოხდება მუცლის პლასტიკაც და ეს ძალიან მახარებს. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვაჯერებ საკუთარ სხეულს რომ ყველაფერი კარგად იქნება. რომ აუცილებლად გავიღვიძებ და შემეძლება თქვენთან ლაპარაკი. იმიტომ, რომ დათას დავპირდი დედა ავად აღარ გახდებოდა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს მივეცი იმედი, იმიტომ რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტები წინ მელოდება.

 

კიდევ იმიტომ რომ დღეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ყველაფერი თავიდან დავიწყე ფაქტიურად.

 

არეული ვწერ, იმიტომ რომ ემოცია ისე დიდია, ვერ, ვერ ვწყნარდები. არადა ყველაფერი შეგვიძლია, ღმერთად ყოფნა შეგვიძლია, რეალურად ამიტომ გავჩნდით რომ მას დავმსგავსებოდით.

 

მიყვარხართ“...

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215978861057357&set=a.4109511109099&type=3&theater

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი