logo_geo
თეა ფირცხალავა: 31 იანვარი საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა!
- +

31 იანვარი. 2019. 21:35

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1924 წლის 31 იანვარს ქუთაისში დაიბადა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საერთაშორისო კინოფესტივალების მთავარი პრიზების, სახელმწიფო ჯილდო-ორდენებისა და ჩინ-მედლების მფლობელი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი თენგიზ აბულაძე. შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე გენიალურმა კინორეჟისორმა გადაიღო საკრალური რაოდენობის შედევრები - 7 ფილმი, რომელზეც მსოფლიოს უდიდესი კინორეჟისორები მოაწერდნენ ხელს: „მაგდანას ლურჯა“ (რეზო ჩხეიძესთან ერთად), „სხვისი შვილები“, მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ვედრება“, „სამკაული ჩემი სატრფოსთვის“, „ნატვრის ხე“ და „მონანიება“… რამეში ვცდები?! არ მოაწერდნენ ხელს მაგალითად „მონანიებაზე?!“... თვალდახუჭული მოაწერდნენ... გაიხსენეთ, რა საოცარი მიგნებაა ტაძრის თემა, როდესაც პირველსავე ეპიზოდში ვარლამ არავიძის „ფანი“ აპოლონი ხარბად სანსლავს ქეთევანის გამომცხვარ ტაძარს - ტორტს... ან ფილმის საოცარი ფინალური სცენა, მრავლისმეტყველი შეკითხვით: „ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?... მაშ რისი მაქნისია გზა, თუკი ის ტაძართან არ მიმიყვანს?!“, ან ეს რაღაც ფანტასტიურ-მისტიური და „ბოდვანარევი“ სასამართლო, თავის კუბიკ–რუბიკებით... საიდან მოიგონა, ან როგორ იწინასწარმეტყველა ყველაფერი ეს დიდმა რეჟისორმა?! გაიხსენეთ, როგორ გავს „ის“ სასამართლო „ამ“ სასამართლოს... ახლა მსხვერპლის თემას არ იკითხავთ? ხელისუფლების მსხვერპლი ცოლ-ქმარი და სიკვდილის მანქანის გუგუნი, ღირსების შელახვის აკომპონიმენტით... გაიხსენეთ ტალახში „გართხმული“ მორები, მათზე მიწერილი სახელები და იმ მორების ალერსიანი მიფერება ოჯახის წევრების მიერ... და კიდევ ერთი სიმბოლო - აბელ არავიძე და თევზის ჩონჩხი, თევზისა, რომელიც უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა და ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა იესო ქრისტეს სახებად ადრეული ქრისტიანული პერიოდის ხელოვნებასა და ლიტერატურაში. აქვე გეტყვით, რომ ბერძნული IXOYS, ანუ „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“, ქართულად ნიშნავს თევზს... და ამ დროს ვხედავთ აბელ არავიძეს და თევზის ჩონჩხს, თან ზუსტად მას შედეგ, რაც აბელი წარმოსახვაში გამოცხადებულ დემონ მამას - ვარლამ არავიძეს ჩააბარებს „აღსარებას“, ვარლამს, ანუ ვარლაამს («Βαρλαάμ») - „ძე ღმრთისას“, „ძე პურისას“... და რამდენ რამეზე მეტყველებს თავად სახელი „აბელ არავიძე“, ანუ აბელი არავის ძე, არავინ... აბელი, რომელსაც ვიცნობთ როგორც ბიბლიურ მწყემსსა და უდანაშაულო მსხვერპლს, თენგიზ აბულაძის ერთ–ერთი ინტერვიუს თანახმად, ვარლამ არავიძეზე უფრო დიდი ბოროტებაა... ეჰ, სად შემიძლია ამდენი სიმბოლოს წაკითხვა და ინტერპრეტაცია?! ეგ რომ შემეძლოს, მეც ხელოვანი ვიქნებოდი... ჰოდა, აღსარებაზე ვამბობდი... გახსოვთ სოფიკო ჭიაურელის ფუფალას ერთგვარი „აღსარება" „ნატვრის ხეში“, როდესაც ამბობს: „...არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე..." რამხელა სევდა და ისტორიაა ამ აღიარებაში... ალბათ, ბევრ ადამიანს საკუთარი ცხოვრების „მწარე“ გამოცდილებაც გაახსენდება ფუფალას ამ სიტყვებზე, ისევე, როგორც ღრმა შინაარსის მქონე მრავალ სხვა ფრაზაზე, რომლებიც უდიდესი ქართველი კინორეჟისორის შედევრებიდან ამოფრინდნენ. და... კვლავ ტაძრის თემით დავასრულებ: „...მაშ რისი მაქნისია გზა, თუკი ის ტაძართან არ მიმიყვანს?!“ პასუხი უცნობია...

თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა 1994 წელს დაკრძალულია დიდუბის პანთეონში“ - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი