logo_geo
ცოტნე გამსახურდია: ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც დღესაც არაა ჯეროვნად დაფასებული...
- +

1 თებერვალი. 2019. 16:25

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც არაა ჯეროვნად დაფასებული. ჩვენ, ფეხის ხმას აყოლილი საზოგადოება ყოველ კუთხეში, უფრო სწორად - სუფრაზე, დითირამბებს ვუმღერით უდავოდ გენიალურ გალაკტიონს დიდწილად იმიტომ, რომ სხვაზე ბევრი არაფერი გაგვიგია ხეირიანად.

 

ტერენტი კვირკველია, წალენჯიხელი გლეხის შვილი, მოკლებული სწავლის, საზოგადოებრივი რეალიზაციის შესაძლებლობას, რისკენაც ის მთელი ცხოვრება ტრაგიკულად და საბედისწეროდ ისწრაფვოდა... ახალგაზრდა მანათობელი, რომელსაც ბნელეთში ექაჩებოდა ყველაფერი - დაწყებული ოჯახით და დამთავრებული კოლეგა-ლიტერატორებით.

 

იყო ამ ყველაფერში რაღაც გადაულახავი, კარმული ძალა, ან უფრო - უძლურება, რომ ტერენტი აშკარად არ დაიბადა თავის ადგილას... გარემოებების გამოისობით, რაიმეს მისაღწევად მას, როგორც წესი, სხვაზე ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა. ასე ხდებოდა თითქმის ყველაფრის შემთხვევაში: ყველაფრის, გარდა სიკვდილისა...

 

ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი პოეტის ცხოვრებაში იყო „აბესალომ და ეთერის“ ოპერაში მონაწილე მშვენიერი იტალიელი მომღერალი ქალი, გვარად - გრანელი, რომლისადმი ტრფობის გამოც აიღო ტერენტიმ საკუთარი ფსევდონიმი. თუმც ორიოდე წელიწადში ქალი სამშობლოში გაემგზავრა და ტერენტი მარტო უნდა შეხვედროდა სიკვდილს:

იგი სულ რაღაც 37 წლის იყო, როდესაც წავიდა სისასტიკის, ღალატის, დაბეზღების და სიცრუის სამყაროდან, რასაც ადრებოლშევიკური საქართველო ერქვა...

 

ეს ლექსი პირველად დაახლოებით 17 წლისამ წავიკითხე, მაგრამ ვერ აღვიქვი, სიმართლე გითხრათ... გაუნათლებელი ბიჭი არ ვყოფილვარ, იმავ გალაკტიონს ან ვაჟას - კარგად ვიგებდი და ვიმახსოვრებდი. ალბათ აქაც დასაწყისში ხსენებული დაუფასებლობისა და განწყობის საკითხია. დღეს ის სულ სხვანაირად ესმის ყურს, გულს, და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ...

 

გადარჩება? – ექიმებს ეკითხება ზოზია,

გადარჩება? – გმინავენ ლაზარეთის კედლები.

დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,

დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.

გადარჩება? – ექიმებს ეკითხება ჩემი და,

მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი.

ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან

ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.

უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!..

(სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).

ჩემი სუსტი სხეული – გაწყვეტილი ძაფია,

ჩემი შემოქმედება – დედამიწის სიზმარი.

 

ტ.გრანელი“.

 

 

 

big_banner
არქივი