logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: თამაშები უშანგი ჩხეიძის 33-ში, საყვარელი მოგონებებიდან...
- +

20 ნოემბერი. 2016. 14:21



საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:



„თამაშები უშანგი ჩხეიძის 33-ში...

 

(საყვარელი მოგონებებიდან)

 

ჩემი უშანგი ჩხეიძის ეზო გაყოფილი იყო არა მხოლოდ ორ თითოტირიფიან პატარა ეზოებად, არამედ 2 ბანდად. ერთს ერქვა „კოლორადო" და მეორეს „შავი ფარაონის ბანდა" (ერთი რაც ნამდვილად მახსოვს ისაა, რომ შავი ფარაონი გოგი მარგველაშვილი იყო) და ერთმანეთში სულ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ორივე ბანდაში არსებობდა საიდუმლო შტაბები და საიდუმლო რვეულები, სადაც ინახებოდა ბანდების პაროლები.

 

ერთხელაც მოწინააღმდეგე ბანდის წევრმა, მერაბ ჩაგუნავამ დამიჭირა (მე პარტიზანი ვიყავი) და ჩამიყვანა სარდაფში, „დაკითხვაზე". შემეკითხა: „რამდენი ტანკიაო თქვენს დივიზიაში?" (სად ბანდა, სად ფარაონი, სად ტანკი, ნუ ეს უკვე სხვა საკითხია). მე ახლა რას ვუპასუხებდი, გმირულ საბჭოთა ფილმებზე გაზრდილი. არ ვიცი თქო და წამების ნიშნად ჭიკარტი ჩამარჭო ხელში. ისე, რომ არც მტკენია, მაგრამ იმხელა ბღავილი ავტეხე, რომ გაიქცა და ასე დამტოვა სარდაფში ჩაკეტილი. ამ დროს თურმე გალიჩკა მეძებს... მოკლედ ისეთი ამბავი ატყდა, რომ ბანდობანას თამაში ამიკრძალეს.

 

მაშინ ახალი თამაში მოვიგონე, უმცროსებისთვის და მე, მაკა მეძმარიაშვილი, მაია ჩაჩავა და ნანა გეგელიშვილი მთელი დღეები ჩვენივე ეზოში ვეძებდით განძს. წინასწარ გვქონდა გამზადებული რუკები, საჭმელი, ბინოკლები... მერე ვერ მოვძებნეთ... გაგვიკვირდა და შევეშვით და გადავედით „პრივიდენიობანას" თამაშზე. ანუ, რომ შეღამდებოდა, ვიცვამდით თეთრ ზეწრებს, ვიხურავდით თავზე „კასტრულებს" და დავდიოდით სახლის წინ... შენელებულად.

 

ერთხელ, მახსოვს ვიღაცა წყვილი გამოვიჭირეთ და ყმუილი დავიწყეთ, ხოდა ბიჭმა აიღო ჟურნალი, გამოგვეკიდა და სულ თავში გვირტყა. მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევა. როგორც წესი, ხალხს ეშინოდა და რომ დაგვინახავდნენ ზეწრებში, ჩვენი სახლისკენ შემოსახვევში აღარ უხვევდნენ.

 

ერთხელაც სახლში ავედი და ჯემალიკოსთან წამომცდა: „აი, რა მაგრები ვართთქო... ხალხს მოჩვენებები ვგონივართთქო"... ჯემალიკომ შემომხედა და მითხრა: „შვილო, რა მოჩვენებებიო, ხომ არ დაგავიწყდაო, ჩვენი სახლს და საგიჟეთს საერთო კედელი რომ ყოფსო".

 

ამის შემდეგ გადავედით უფრო „ინტელექტუალურ" თამაშებზე. სახლებში რესტორანებს ვაწყობდით, ლამაზ მენიუებს ვიგონებდით და სინამდვილეში სულ პეჩენიე, მურაბიანი წყალი და ჩაი გამოგვქონდა, ოღონდ ლამაზი ჭურჭლით... მერე კიდევ, გავიზარდეთ და კითხვა რიომ შეგვიყვარდა, ბიბლიოთეკებს ვაკეთებდით სახლში და ერთმანეთში წიგნებს ვცვლიდით...

 

მე კიდევ სულ ის მახსენდება, რომ მაწამებდნენ და მაინც არ გავყიდე სამშობლო...

 

ისე კი, საინტერესოა, დღეს ბავშვები ეზოში საერთოდ რამეს ასეთს თამაშობენ? მე, მაგალითად, ვერ ვხედავ..." - წერს ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 


 

 

 

big_banner
არქივი