logo_geo
ქეთი დოლიძე: წავიდა ჩემი ბობოქარი, ერთგული მეგობარი გურანდა!
- +

5 თებერვალი. 2019. 17:03

 

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წავიდა ჩემი ბობოქარი, ერთგული მეგობარი! გურანდა! უღალატო, სიკეთით სავსე, უკომპრომისო! როგორ წარმოვიდგენდი, რომ 1993 წლის სექტემბერში ოთარი უსიტყვოდ, იმწამსვე გამოუშვებდა აფხაზეთში და გაგვაცილა კიდეც იმ ავბედით გზაზე!

 

აფხაზეთში გაზრდილს, საოცარი ტკივილი ჰქონდა და უამრავ სიკეთეს უკეთებდა ლტოლვილებს. აი, ამაზე არასდროს არცერთი სიტყვას არ ამბობდა და სხვასაც არ აძლევდა ამაზე ლაპარაკის უფლებას! ოთარის ნიჭის ქვეშ თითქოს ჩრდილში იყო, მაგრამ გურანდა თვითონაც იყო დიდი მსახიობი! საოცრად დამყოლი და უღალატო იყო პროფესიაში...

 

როდესაც გლაზგოში თემურ ჩხეიძის „ოტელო“ წავიღეთ და ედინბურგში დოიაშვილის „ლირი“, მარტინ დიუჰერსტი, ცნობილი შოტლანდიელი კრიტიკოსი ამბობდა ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში: „როცა ასეთი ძლიერი მსახიობი გყავთ, როგორიც გურანდა გაბუნიაა, რატომ არ დგამთ მისთვის „მაკბეტს“, რომ ლედი მაკბეტი ითამაშოს!“

 

ვერ პატიობდნენ პირდაპირობას, მისი და ოთარის უკიდეგანო, ერთგულ სიყვარულს, მის თავდადებას... ოთარის შემდეგ, ამ ქვეყანაზე მხოლოდ მისი ქალიშვილი აჩერებდა, მარიამი და შვილიშვილები... მაგრამ ოთარით იწყებოდა მისი დღე და ოთარით მთავრდებოდა...

 

როცა მედეა ჯაფარიძეს ვაცილებდით, ოთარმა საოცარი გამოსამშვიდობებელი სიტყვა უთხრა და მიმართა: „ეს არის ის დღე, როდესაც არ დაგიგვიანია, ჩემო მედეა, რადგან რეზოსთან პაემანზე მიდიხარ და იქ ვერ დაიგვიანებო...“

 

ახლა, ოთარის ეს სიტყვები გამახსენდა...

 

ერთხელ ოთარმა მითხრა, ავად რომ გახდა: „მე რომ რამე დამემართოს, ამას რა ეშველებაო...“

 

გურანდამ პატივი მიაგო ოთარს, ძეგლიც დაუდგა და მაინც ვერ გაჩერდა... მასთან წასვლა იჩქარა... შეიძლება ითქვას, რომ ერთ სულ და ერთ ხორც იცხოვრეს და ერთ დღეს დატოვეს ეს წუთისოფელი...

 

მშვიდობით, ჩემო კეთილო მეგობარო!

 

შეხვედრამდე...

 

სანამ ვარსებობ, ჩემთან იქნები...“ - წერს დოლიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი