logo_geo
ნინო ლაბარტყავა: ერთი ვრცელი ამბავი მინდა დავწერო...
- +

20 ნოემბერი. 2016. 15:07



გაზეთ „ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ახლა ერთი ვრცელი ამბავი მინდა დავწერო, ჩემი სტუდენტობის პერიოდის, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. არაა აუცილებელი, წაიკითხოთ, ბევრს ალბათ დაგეზარებათ კიდეც. უბრალოდ მინდა, ეს აქ შევინახო. თან, ჩემი აზრით, ამ ამბიდან რაღაც დასკვნების გამოტანაც შეიძლება და რა ვიცი...

 

მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის იმდენად დაძაბული, რთული და რაღაცნაირი იყო, რომ ამის გამო, უნივერსიტეტში ყოველდღიური სიარულით არ გამოვირჩეოდი, განსაკუთრებით კი სწავლის ბოლო პერიოდში. როდესაც ქმარს გავშორდი, ზუსტად მაშინ გადავედი ბოლო კურსზე. მძიმედ ვიყავი შინაგანად, დეპრესიასავით რაღაც მჭირდა და ამის გამო, სწავლისა და უნივერსიტეტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მქონდა - „ეს ერთი წელიც და ეგაა, რა".

 

როდესაც დეკანს ვხვდებოდი უნივერსიტეტის დერეფნებში, ვერც კი მცნობდა... ერთხელ კი, როცა გაიგო, რომ მე ვიყავი ის „საძაგელი" ნინო ლაბარტყავა, დაღლილი თვალებით შემომხედა, როგორც ყველაზე „ცუდ", „არასწორ" სტუდენტს და საყვედურებიც კი არ მითხრა, იმდენად არასაინტერესო ვიყავი, ეტყობა, მისთვის. რაღაც მოინიშნა თავისთვის და ეგ იყო.

 

ეს ამბავი გავატარე, „ერთი წელიც და ეგაა"-ს ამბავში.

 

სწავლის დასაწყისში ჯავახიშვილში, ერთ-ერთ ლექციაზე, რომელიც პირველად გვიტარდებოდა, მე და ჩემი „პაძელნიკი" თანაჯგუფელი გოგო გვერდიგვერდ ვისხედით, ვსაუბრობდით, ვიცინოდით და საერთოდ არ ვუსმენდით ჩვენს ახალ, ძალიან ლამაზ და არაჩვეულებრივ ლექტორს.

 

გვიყურა ცოტა ხანს, გვიყურა და ყელში რომ ამოუვიდა ჩვენი საქციელი, გადმოგვხედა და მთელი ჯგუფის გასაგონად გვითხრა:

 

-თქვენ, „ილფი და პეტროვი" რომ სხედხართ მანდ, ლექციაზე როგორ უნდა მოიქცეთ, მე უნდა გასწავლოთ ამხელა გოგოებს? გაჩუმდით და ისე მოიქეცით, როგორც სტუნდენტებს შეეფერებათ! - დაახლოებით, ეს ტექსტი იყო.

 

ვაახ... ეს „ილფი და პეტროვი" იმდენად ირონიული და ვაღიარებ - ღირსი შეფასება იყო, ხმა გავიკმინდეთ ეგრევე. უფრო მეტიც, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე - რატომ ვიქცეოდი ისე, რომ ლექტორებს წყალწაღებული ვგონებოდი?

 

ამ შეფასებამ ისე შემაჯანჯღარა, ისე გამომაფხიზლა... იმ წუთებიდანვე თავიდან ბოლომდე გადავეშვი სწავლაში, უნივერსიტეტში ერთ ლექციასაც არ ვაცდენდი (თუ ამის მართლა ობიექტური მიზეზი არ მქონდა).

 

განსაკუთრებული მონდომებითა და აქტიურობით გამოვირჩეოდი იმ ლამაზი, მაგრამ მკაცრი ლექტორის ლექციებზე. ტყავიდან ვძვრებოდი მისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემს შეფასებაში ცდებოდა...

 

რამდენიმე ლექციის შემდეგ, მისგან ასეთი შეფასება მივიღე:

- ყოჩაღ, ნინო... თურმე შეგძლებია, ხედავ?

 

კიდევ რამდენიმე ლექციის შემდეგ:

- შენ როგორი მაგარი გოგო ყოფილხარ! - და ესეთი შეფასებები აღარ წყდებოდა.

კიდევ რამდენიმე ლექციის შემდეგ, ასე ვთქვათ, ტესტური გამოცდასავით გვქონდა ჯგუფში, სადაც 10 კითხვიდან კარგი იქნებოდა, თუ 3-4-ს მაინც გავცემდით პასუხს, რადგან შესასრულებელი დავალება საკმაოდ რთული იყო. როდესაც ყველა სტუდენტმა წაიკითხა საკუთარი პასუხები, აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ყველაზე მაღალი შედეგი 4 სწორი გაცემული პასუხი იყო.

 

მე ბოლო ვიყავი და ჩემი დრო რომ დადგა, აღმოჩნდა, რომ ათივე კითხვას სწორად ვუპასუხე. მიყურა იმ ლამაზმა, მაგრამ მკაცრმა ლექტორმა, მიყურა და ხმამაღლა მითხრა:

 

- ნინო, შენ ხარ გენია! შენ ხარ საოცარი გოგო! - და გამიღიმა...

 

ვერ გეტყვით, რა გრძნობა იყო ეს... მთელი ამ „სასწავლო ბრძოლის" განმავლობაში ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ სულაც არ ვარ „წყალწაღებული" და „ცუდი", უბრალოდ ცხოვრება მქონდა ისეთი, რომ ვერასდროს ვერ დავუდე სწავლას გული და არასდროს არ მიცდია, გამომეჟღავნებინა ჩემი შესაძლებლობების, თუნდაც, 20 პროცენტი... იმიტომ, რომ უნივერსიტეტის მიღმა ცხოვრებაში - ძალიან მიჭირდა, ძალიან მტკიოდა და ძალიან ცუდად ვიყავი...

 

იმ ლამაზი, მაგრამ მკაცრი ლექტორის „ილფი და პეტროვი" რომ არა, ალბათ ვერც ვერასდროს მოვიდოდი აზრზე სასწავლებელში და მას ისე დავასრულებდი, როგორც ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული, უინტერესო და უტვინო სტუდენტი.

 

იმ ლექტორის რჩევით, წლის ბოლოს მონაწილეობა მივიღე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც საერთოდ კურსიდან მხოლოდ მე და ერთმა გოგომ გავიმარჯვეთ და დიპლომიც გადმომცეს... ესეც საინტერესო ამბავია, ამას მერე მოვყვები.

 

სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში, არცერთხელ არ მითქვამს ჩემი ლამაზი, მაგრამ მკაცრი ლექტორისთვის ის მიზეზები, რაც ხელს მიშლიდა სწავლაში და რის გამოც ასე ჩამოვრჩებოდი სტუდენტურ ცხოვრებას...

 

მას ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ვუთხარი, როცა სწავლა დავამთავრე, ოღონდ პირადად ვერა, მერიდებოდა და ამიტომ ელექტონულ ფოსტაზე გავუგზავნე ვრცელი წერილი, სადაც მადლობას ვუხდიდი, რომ „შემაჯანჯღარა", აზრზე მომიყვანა და საკუთარი თავის რწმენა შემძინა...

 

დღემდე ვგიჟდები იმ ლექტორზე... სხვებიც არ იყვნენ ცუდები, მაგრამ ის ჩემთვის მაინც გამორჩეულია.

 

ხო, კიდევ: წლის ბოლოსკენ უნივერსიტეტში მოსულ მამაჩემს დეკანმა, რომელიც ადრე სახეზეც ვერ მცნობდა წესიერად, ასე უთხრა - ბატონო თამაზ, თქვენი შვილი არის უნიკუმი...

 

მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობდა და თქვენც უნდა იამაყოთ მისითო... (ეს მომენტი დღემდე გამორჩეულად ახსოვს მამაჩემს.

 

მოტივაცია - ყველაზე მაგარი რამაა!

 

რაც მთავარია, ადამიანმა არასდროს არ უნდა ჩაიქნიოს ხელი და ყოველთვის უნდა იბრძოლოს. თუ ერთხელ დამარცხდი, უნდა ადგე და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, no matter, what.

 

ესაა მაგარი, თორემ დამარცხებულად ყოფნას რა უნდა.

 

პ.ს. - ჩემი ლამაზი, მაგრამ მკაცრი ლექტორი აქ მყავს, მეგობრებში, ალბათ წაიკითხავს კიდეც ამ პოსტს და ასე საჯაროდ მინდა ვუთხრა: მიყვარხართ ძალიან!" - წერს ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში. 


 

 

 

big_banner
არქივი