logo_geo
ზვიად ავალიანი: საბედისწერო შეცდომა ჯერ კიდევ მაშინ დავუშვით, როცა...
- +

11 თებერვალი. 2019. 13:53

 

 

„ადრეც მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ: ჩვენ საბედისწერო შეცდომა ალბათ ჯერ კიდევ მაშინ დავუშვით, როცა უარი ვთქვით გათბობა-გაცხელების ცენტრალიზებულ სისტემაზე და გავანადგურეთ საერთო ბოილერები, რომლებიც საცხოვრებელი სივრცისგან მოშორებით მდებარეობდა და ავარიის შემთხვევაშიც კი შეუდარებლად უსაფრთხო იყო ადამიანებისთვის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ზვიად ავალიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე არ ვარ გათბობის სისტემების სპეციალისტი, მაგრამ რამდენიმე ენაზე ვკითხულობ და რაც ამ დღეებში წავიკითხე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ სფეროში ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები გვაქვს. ამიტომ მე სრულიად ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბომბზე ვზივართ. მეტიც - მე ვიტყოდი, ფაქტობრივად ჩვენ ვცხოვრობთ გაზის კამერებში და ყოველ ღამე რუსულ რულეტკას ვთამაშობთ თავად და ვათამაშებთ ჩვენს შვილებსაც.

 

ეს ფაქტია, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, მკრეხელობად მეჩვენება ადამიანების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და განათლებაზე ლაპარაკი; ბოლოს და ბოლოს, კიდეც რომ დავიჯეროთ, რომ ყველა ტრაგედიაში არის ინდივიდუალური უყურადღებობის ფაქტორი, უპასუხოდ რჩება ორი ფუნდამენტური კითხვა. პირველი: როგორ შეიძლება სისტემამ თუნდაც უპასუხისმგებლო ადამიანს დაუტოვოს საშუალება, დახოცოს პატარა ბავშვები ან მეზობლები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ვერავითარ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ და მეორე: როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქე გამოირჩეოდეს სახიფათო მოწყობილობებთან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით და მათი ექსპლუატაციის წესების ზუსტი დაცვით?

 

ალბათ დამეთანხმებით, ამ კითხვებზე პასუხები უბრალოდ არ არსებობს და სწორედ ამიტომ მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ განვითარებულს ვუწოდებთ და სადაც გათბობა-გაცხელების სისტემა საერთოდ საჭიროა (ბევრ ქვეყანაში ეს უბრალოდ საჭირო არ არის კლიმატური პირობების გამო), ეს სისტემა გატანილია ან მთლიანად შენობის გარეთ, ან სულ მცირე, საცხოვრებელი სივრცის გარეთ მაინც.

 

ცხადია, მოქალაქეებს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ საოჯახო მოწყობილობებიც (მაგალითად, კონდიციონერი), მაგრამ ეს მოწყობილობები, როგორც წესი, მუშაობენ ელექტროენერგიაზე და არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სიცოცხლეს.

 

დიახ - წყლის გამაცხელებელი ან ოთახის გამათბობელი, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს, არ არის ელექტროჩაიდანი ან თუნდაც სარეცხი მანქანა. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო და ჩახლართული სისტემა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება წყალგაყვანილობა, გაზმომარაგება, ელექტროქსელი და განიავება. საკმარისია ამ ოთხი კომპონენტიდან ერთ-ერთში წარმოიქმნას პრობლემა და ადამიანები სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან...

 

ამიტომ არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით იმასაც, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი ან გამაცხელებელი რეალურად არის საძინებელში შეტანილი სახიფათო ენერგოსადგური, ანუ იგივე ბოილერი, რომლის ექსპლუატაციასაც სპეციალური უნარები სჭირდება და ამ უნარებს ყველა მოქალაქეს ვერ მოვთხოვთ.

 

მათ შორის, არ მგონია, ამ უნარებს ფლობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ტრაგედიის შემდეგ მსხვერპლს განიკითხავენ და პასუხისმგებლობის ხარისხს უწუნებენ.

 

ასეა თუ ისე - მე არავის ვუსურვებ, შეემოწმებინოს საკუთარი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ხარისხი ბუნებრივ აირთან მიმართებაში, პრობლემიდან გამოსავალს კი ვხედავ გათბობა-გაცხელების მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული სისტემის აღდგენაში, ხოლო სადაც ეს შეუძლებელია (მაგალითად, სოფლად ან ზოგადად, არამჭიდრო განსახლების შემთხვევაში), ამ სისტემების საცხოვრებელი სივრცის გარეთ გატანა მაინც უნდა მოხერხდეს.

 

ცხადია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს ძვირი დაჯდება ან რომ კორპუსის სარდაფიდან საცხოვრებელ ოთახამდე ენერგიის ნაწილი დაიკარგება და ა.შ., მაგრამ მათ უბრალოდ უნდა ვკითხოთ, თუ რა ღირს მათი შვილების სიცოცხლე და ისინი გაჩუმდებიან.

 

პრინციპში, იგივე პასუხი აბათილებს „ენერგეტიკული დანაკარგების“ კონტრარგუმენტსაც: რეალურად, რასაკვირველია, ენერგიის გადაცემას ახლავს გარკვეული დანაკარგები. მათ შორის ელექტროენერგიის გადაცემასაც. ასე, მაგალითად, ელექტროსადგურიდან საცხოვრებელ კორპუსამდე სულ ოქრო-ვერცხლის მავთულებიც რომ გავჭიმოთ, ენერგიის ნაწილი მაინც დაიკარგება ქსელში, მაგრამ ამის გამო სახლში მცირე ზომის ატომურ ელექტროსადგურს არავინ აწყობს“, - წერს ავალიანი.

 

 

 

big_banner
არქივი