logo_geo
ამირან არაბული: იშვიათობაა ბუნებრივი ფერების ასეთი სიჭარბე და ჰარმონია!
- +

11 თებერვალი. 2019. 23:13

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ამირან არაბული, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს:

 

„იშვიათობაა ბუნებრივი ფერების ასეთი სიჭარბე და ჰარმონია! მთიულეთის მიშემოდგომებული პეიზაჟი თენგიზ მირზაშვილს ჰგავს, ხოლო თენგიზი - სივრცეს, სადაც ის ძალზე მყუდროდ და კომფორტულად გრძნობდა თავს. უყვარდა ხანდო და ჭართალი, სეფე და ქვეშეთი, ხევშა და ჩაბარუხი. საერთოდ, თეთრი არაგვის შარმიანი ხეობა, ხმებით მდიდარი და თვალმისავალი წელიწადის ნებისმიერ დროს!..

 

ლაპიდარული წარწერებით, ნაივური მხატვრობითა და უძველესი ორნამენტებით დამშვენებული სამარის ეს ხავსიანი ქვებიც, განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა პირწმინდად ქართული იმ გარემოსა, რომელიც შემოქმედთათვის ათგზის უფრო მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - ხედვა დასაზღვრულ რიგით მოკვდავთათვის!

 

ჩაყუჩებულ ტყეში, თაფლის სანთლებად იღვენთებიან ნაყოფისგან განძარცვული ველური ხილის ხეები. კორომებიდან ნეკერჩხლის ნესტიანი სიწითლე მოჟონავს. ხასხასა სიმწვანეს ყავლი გასვლია და სახილველის სიღრმიდან „შორი თეთრი მწვერვალის“(რ.ინანიშვილი) თოვლიანი კალთები ჩამოგვჩერებიან.

 

საფლავის ლოდების გარემოცვაში, სიტყვა სიკვდილზე ჩამოვარდებოდა და თენგიზიც მზად იყო სიჭაბუკეში გაგონილი ხალხური ლექსის, სტრიქონების წაღიღინებით გაეარაფრებინა, არყოფნის უბერებელი დილემის სიმძიმე და სისასტიკე: „სანდრომ თქვა, ახლა დავბერდი, გავხდი სამოცი წლისაო, სიკვდილი ეგრე მაშინებს, როგორც მიმინო ჩიტსაო. წავალ და დავიკარგები, ჩავალ ალაზნის პირსაო, სიკვდილი იქ ვერ მიპოვის, გადავა თავის პირსაო!..“ მთა და თენგიზ მირზაშვილი. ამოუწურავი თემა, რომელიც თავის ღირსეულ ავტორს ელის. თემა, აუცილებლად რომ უნდა „დამუშავდეს“!

 

P.S.გუშინ,10 თებერვალს, თენგიზს 85 შეუსრულდებოდა“.

 

 

big_banner
არქივი