logo_geo
გიო საჯაია: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...
- +

15 თებერვალი. 2019. 19:42

 

 

პოეტი გიო საჯაია ქართველი საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ეს დღეებია, ერთი ამბავია ატეხილი მაყვალა მრევლიშვილის ლექსის გამო. „პოეზიის ექსპერტი“ მშობლების ერთ ნაწილს არ მოეწონა სახელმძღვანელოში შეტანილი მისი ლექსი, აქაო და, „ბავშვებს რას ასწავლიან“-ო და ატყდა ერთი ამბავი და ვაი-ვიში. მერე სხვებიც აჰყვნენ და დააფრიალებდნენ ამ ლექსს სოციალური ქსელის ერთი კედლიდან მეორეზე. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში კომენტარები იყო. ერთი წერდა, არც ვიცი, ვინ არის ეს მაყვალა და არც მაინტერესებს, როგორ ბედავს და ასეთ ლექსებს როგორ წერსო. უხსენი ახლა შენ, რომ კი არ „წერს“, არამედ „წერდა“ და საბავშვო პოეზიის მთელი ეპოქა შექმნა ქალმა, გასულ საუკუნეში… ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ქალბატონი, ვისაც „საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ იყო მაყვალა“, განათლების რომელიღაც ფონდის თანამშრომელი თუ საერთოდ – დამფუძნებელი (ზუსტად არ მახსოვს) გახლდათ. კი მინდოდა მეკითხა, სად გაიზარდეთ, ქალბატონო იმანო, ან „კიკლი, კიკლი კიბესა“ არ წაგიკითხავთ ბავშვობაში, ან „ეს საწყალი კურდღელი“ არ გიმღერიათ, რამ გაგაბოროტათ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და დავანებე თავი. საერთოდ, იმდენად სასაცილოა უბავშვობო უფროსებისგან საბავშვო პოეზიის კრიტიკის ამბავი, რომ არც ჩავთვალე საჭიროდ, რამე მეთქვა ამასთან დაკავშირებით და ალბათ არც არაფერს ვიტყოდი, დღეს რომ მაყვალა მრევლიშვილის დაბადების დღე არ იყოს. პრინციპში, არც ახლა ვამბობ რაიმეს ამ სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ, ინიციატივა შემომაქვს, დღევანდელი დღე – 14 თებერვალი, გამოცხადდეს საბავშვო პოეზიის დღედ. როგორც წესი, საბავშვო პოეზიის კითხვა ბავშვთა დაცვის დღეს ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ეს პოეტიც და ეს ჟანრიც უდავოდ იმსახურებენ ცალკე ყურადღებას და აღნიშვნას. ვფიქრობ, ყველაზე კარგი პასუხი იქნება საბავშვო პოეზიის წინააღმდეგ მიმართულ, ბოლოდროინდელ ისტერიულ შეტევაზე. რა ვიცი, მე მითქვამს და დანარჩენი თქვენ იცით. მე უამისოდაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ როგორც უფროსი თაობის, ასევე ჩემი თანამედროვე მწერლების: Vaso Guleuri-ის, Lela Tsutskiridze-ს, Mariam Tsiklauri-ს პოეტურ თუ პროზაულ საბავშვო ნაწარმოებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონ მაყვალას და მის შემოქმედებას“, - წერს გიო საჯაია.

 

 

big_banner
არქივი