logo_geo
ხათუნა ლაგაზიძე: შეწყვიტეთ მისგან „გმირის“ შექმნის მცდელობა
- +

17 თებერვალი. 2019. 17:53

 

 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მოკლედ, ერთი წელია ვუყურებ ამ პროცესს და ხმა არ ამომიღია, არც ახლა ვეხები მის მონაწილეობა-არმონაწილეობას „ციანიდის საქმეში“, რადგან მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველასგან ცრუ გმირებს ვქმნიდეთ: ამოვიდა ყელში! ის რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს, ის არის, რომ არ არის, ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს: თავისუფლების შეზღუდვის გამო კი, რა თქმა უნდა.

 

ძალიან მოკლედ: რამდენიმე წლის წინ ჩვენს სასტუმროში ულამაზესი ცისფერი ანაფორით (თავიდან მხოლოდ ანაფორის უჩვეულო ფერმა მიიქცია ყურადღება) ახალგაზრდა მამაო შესახლდა საკმაო ხნით. ისე გავიდა მისთვის განკუთვნილი დღეები, რომ ახალგაზრდა მამაო ცოცხალი თავით ფულის გადახდას არ აპირებდა, რომ არა თანამშრომლების მოხერხება: ცოტა ხნით მამაო სასტუმროდან გასული დაიგულეს და მის თანმხლებ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს პასპორტი გამოართვეს, რის გარეშეც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა და მხოლოდ ამ გზით მიიღო სასტუმრომ კუთვნილი ანაზღაურება. არავისი საქმე არ იყო ეს, რომ არა მისგან ყალბი გმირის შექმნის და საზოგადოებისთვის შეტყუების დაუსრულებელი მცდელობა. არანაკლები მორალურ-ზნეობრივი „ავტორიტეტით“ სარგებლობს ის ბათუმშიც. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, აღადგინეთ სამართლიანობა მის საქმეში, თუ აღსადგენია, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან „გმირის“ შექმნის მცდელობა“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

 

ორი დღის წინ, გიორგი მამალაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით  მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მანამდე კი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი მამალაძის ზიარება, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეეძლო.

 

გუშინ კი, ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

 

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

 

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

big_banner
არქივი