logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: სამარცხვინოა, ნამდვილად გულდასაწყვეტს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ კარგა ხანია აღარ მწყდება
- +

19 თებერვალი. 2019. 02:20

 

„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

გუშინ სარკასტულ განწყობაზე დამაყენა სააკაშვილის უბადრუკმა განცხადებამ მისი სისხლის სიწმინდეზე.

დღეს უფრო სერიოზულად ვიტყვი.

მე ნაწილობრივ ოსი ვარ.

ბებია მყავდა ოსი. ვინც გამზარდა, ის ბებია.

პატარა რომ ვიყავი, ასე 10-12 წლის, ყურადღება მივაქციე, რომ ბებიაჩემი ხშირად ამბობდა, რომ ოსია.

“მე ოსი ვარ”, – ს რომ იძახდა, ხმაში რკინას და უცნაურ სიჯიუტეს იოლად ვატყობდი. ვხვდებოდი, რომ მისი მხრიდან, ეს განცხადება იყო და არა უბრალოდ ინფორმაცია. მითუმეტეს, რომ ძალიან ახლოს ვიყავი, ასაკი არ ჰქონდა, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ნახულობდა საერთოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

მახსოვს ვკითხე, რატომ იძახი რომ ოსი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ არ ვიძახი, რომ ქართველი ვარ მეთქი.

მნიშვნელობა, რომ არ აქვს, ზუსტად მაგიტომ ვიძახიო – მაშინ კარგად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე მივხვდი.

ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის მზიანი პროვინცია ვიყავით, არ გვქონდა სახელმწიფო – ყველანი ვიყავით საბჭოთა.

ერთადერთი გზა, ქართველი ყოფილიყავი იყო ის, რომ ეთნიკურად ქართველი ყოფილიყავი – სახელმწიფო არ გვქონდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა.

მეორე გზაც იყო – გვარის გადაკეთება! იმისთვის, რომ “ქართველებად” წოდებულიყვნენ, ჩვენივე თანამემამულეები გვარებს იკეთებდნენ. სხვაგვარად საბჭოთა ბოროტების იმპერია მათ ქართველობის შესაძლებლობას არ აძლევდა.

დღეს საქართველო სახელმწიფოა – ერი სახელმწიფო.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეთნიკური წარმომავლობით, რელიგიური მრწამსით, კანის ფერით … მაგრამ ისინი ქართველები არიან.

ამიტომაა განსაკუთრებით სამწუხარო ის, რომ ლიდერი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში (მათ შორის, ეთნიკური წარმომავლობის გრაფის ამოშანთვაში – პასპორტიდან), ასე გაიხრწნა და ასეთ უმსგავს აქცენტებს სვამს.

 

სააკაშვილისგან არ გვჭირდება მისი წვლილის შეხსენება – ვიცი მისი წვლილი და სწორედ ამიტომ ვიყავი მისი მხარდამჭერი მაშინ, როდესაც ვიყავი.

მაგრამ ადამიანი ადამიანია, ადამიანს აქვს კარგი საწყისიც და ცუდი საწყისიც.

საბოლოო ჯამში, მისი ადამიანობა იმით განისაზღვრება რა არჩევანები აკეთა რთულ ვითარებებში!

პოლიტიკოსის ძალა კი იმით განისაზღრება, თუ რა გავლენას ახდენს ის მოწინააღმდეგეებზე.

სააკაშვილი ძალაუფლების წყურვილმა ისე დაასუსტა, რომ თავად დაემსგავსა მის მოწინააღდეგეებს და თავად იბრძვის იმ წესებით, რითაც მას ებრძოდნენ.

სამარცხვინოა, ნამდვილად. (გულდასაწყვეტს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კარგა ხანია აღარ მწყდება)”, – ასე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილის მიერ დნმ-ის ტესტის შედეგების გამოქვეყნებას.

 

“განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა-აბა,თქვენ თავს დაუსვით კითხვა,საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა ქართველმა სომხემა, იმიტომ,რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი…ვისაც აზერბაიჯანელი სძულს,მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი..ათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, მათ ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს,ყველაზე ქართველად დავრჩები.
უახლოეს ისტორიაში არავის გაუკეთბია იმაზე მეტი,
ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის.
და ამიტომ,მადლიერმა ხალხმა,მიუხედავად დიდი ზეწოლისა,მაინც მოგვცა ხმა”
,- წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი