logo_geo
ხათუნა ხოფერია: „ის“ აღარასოდეს მეორდება... თავისუფლება არაფრისათვის...
- +

10 მარტი. 2019. 15:17

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რატომღაც გამახსენდა... თვალები დავხუჭე და დაუვიწყარი გრძნობის მწარე გემო ვიგრძენი... აღარასოდეს განმეორდება... უბრალოდ ვეღარასოდეს შევძლებ... და რომც შევძლო, იმ დაუვიწყარ გრძნობას ვეღარასოდეს გავაღვიძე... ვეღარასოდეს...

 

ზარი... ბოლო წამებს რომ ითვლი... დიდი შესვენების ზარი... მერხიდან ისე დგები, როგორც სპრინტერი... ერთი-ორი მსუბუქი მუჯლუგუნით ითავისუფლებ გზას კარისკენ... გადიხარ დერეფანში და გარბიხარ... ოღონდ, ჯერ არ გადაგიწყვეტია სად გარბიხარ... მთავარია, რომ გაიქცე... მერე ტემპს კრეფ, სხეულს ტერფს ზემოთ მარცხნივ ატრიალებ და... მასტიკიან პარკეტზე დაყრილ, ნავთში დასველებულ ნახერხზე მისრიალებ... თან ხელებს შლი... და ასე ხელებგაშლილი მიჰქრიხარ თავისუფლებისკენ!!!

 

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვისგან ან რისგან ხარ თავისუფალი... სად მიდიხარ და რატომ... ისიც იცი, რომ „ბუფეტში“ აღარაფერი დაგხვდება, ისიც იცი, რომ 10 წუთში ისევ ზარი დაირეკება, ისიც - რომ ეს ყველაფერი ყოველ დღე განმეორდება, მაგრამ მაინც გარბიხარ, ერთი-ორი მუჯლუგუნი, ტემპის აკრეფა და... ხელებგაშლილი თავისუფლების შეგრძნება...

 

მერე მთელი ცხოვრება სულ გარბიხარ, იმორჩილებ სხეულს, გონებას, გრძნობებს, ხელებსაც კი შლი... მაგრამ „ის“ აღარასოდეს მეორდება... თავისუფლება არაფრისათვის...“ - წერს ხოფერია.

 

 

 

 

big_banner
არქივი