logo_geo
მარი ნაკანი ნიკა გუჯეჯიანზე: თითქოს უფალმა გვაჩუქაო ეს ბიჭი... რატომ დაგვტოვე, სად გეძებოთ ახლა?!
- +

19 მარტი. 2019. 19:14

 

 

ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუდაურში მქონდა გადაღება.

 

თბილისიდან წავიყვანე მოდელი გოგოები.

 

რაღაცა მაკლდა, ვერ ვიღებდი ისე საინტერესოდ.

 

ბიჭი აკლდა კადრს.

 

გავედი შუა ტრასაზე, სადაც სრიალებდნენ ადამიანები.

 

ვათვალიერებდი ხალხს.

 

უცბად შევამჩნიე, როგორ ჩამიქროლა მაღალმა, სიმპათიურმა, უცხოელმა ბიჭმა, თავზე ფერადი უცნაური ქუდი ეხურა.

 

ფეხით გავეკიდე.

 

ის მისრიალებდა.

 

მივდევდი და ვეძახდი, - ჰელოუ, ჰელოუ.

 

გამომხედა გაკვირვებულმა, სრიალი შეანელა.

 

ინგლისურად დავუწყე ლაპარაკი, ვუხსნიდი, რომ ფოტოგრაფი ვარ და მისი გადაღება მსურს.

 

- ქართველი ვარ, - მითხრა და გამიღიმა ჯადოსნური ღიმილით.

 

ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა, სათვალე ეკეთა და ჯონ ლენონს ჰგავდა... - მადლობა, მაგრამ არ მიყვარს გადაღებაო.

 

გული დამწყდა.

 

მეორე დღეს, ჩემთვის მოულოდნელად facebook-ზე მომივიდა წერილი.

 

„ბოდიში, მარი, გუშინ უარი რომ გითხარი, მერე მითხრეს, რომ მარი იყავი, ნაკანი.

 

უცბად ვერ გიცანი.

 

მე და შენ ნათესავები ვართ, ჩვენი ბებიები ძალიან მეგობრობდნენ და სულ მინდოდა შენი გაცნობაო...“

 

სულ მალე „ჯეოსელის“ გადაღება მქონდა და facebook-ზე დავწერე, რომ ველოსიპედები მჭირდება.

 

გადაღებაზე დაგვადგა, ველოსიპედებით...

 

გადაღების დროს ისეთი სწორი შენიშვნები მოგვცა, გაგვიკვირდა მე და გოგას.

 

აშკარად გამორჩეული აზროვნების პატრონი იყო.

 

დავგეგმეთ, მეორე დღეს ველოსიპედებით გვესეირნა ქალაქში.

 

გაზაფხული იდგა, ნუშის სუნი ყველგან, სანაპიროზე დავნიშნეთ შეხვედრა...

 

მოქანდნენ ველოსიპედებზე ამხედრებული ძმები გუჯეჯიანები, ფერადი მაისურებით, გაბრწყინებული სახეებით...

 

დედაენის ბაღიდან დაწყებული, მთელი სანაპირო, მერე ლესელიძე, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, ვერა, ვაკე, საბურთალო, ლისი... ხან ვასწრებდით ერთმანეთს, ხან ვუთმობდით.

 

გვიხაროდა. ნაცნობ სულს რომ იპოვი, ისე ვუყურებდით ერთმანეთს მე, გიორგი, ნიკა და ბექა...

 

საოცარი საღამო გამოვიდა!

 

იმის მერე დღე არ ყოფილა, რომ არ გვენახა ერთმანეთი...

 

ნიკა გადაღებებზე სულ დაგვყვებოდა და ისე გვეხმარებოდა, ისე მაგრად გვეხმარებოდა, თითქოს უფალმა გვაჩუქაო ეს ბიჭი...

 

წლების განმავლობაში, ყველა გადაღება, ხან სიცივე, ხან წვიმა, გიჟური გადაღებები, შუაღამის გადაღებები, საოცარი, დაუვიწყარი დღეები და მთავარი რაც იყო, ეს იყო ჩვენი ზურგი, უდიდესი, დაუღლელი, კრეატიული, ერთგული, მხიარული, გულკეთილი ნიკა გუჯეჯიანი.

 

ჩვენი ნიკა.

 

ჩვენი მფარველი ანგელოზი.

 

რამდენი მე და გოგას ჩხუბი უნახავს, რამდენჯერ დაუცინივართ და იუმორში გაუტარებია ყველაფერი, რამდენჯერ შეგვარიგა მისმა ტკბილმა ენამ, მისმა სიდინჯემ, მისმა მეგობრულობამ.

 

რამდენჯერ ყოფილა ჩემი საწყალი გოგა მოწყენილი, რამდენჯერ მიტკენინებია მისთვის გული უაზროდ.

 

ზუსტად იმდენჯერ დადგომია ნიკა მხარში.

 

წამით არ ტოვებდა.

 

სულ ამხნევებდა.

 

ცალკე ჩემზე ზრუნავდა, მიჯდებოდა, სხვანაირად მარიგებდა ჭკუას, ფილოსოფიურად მიხსნიდა ყველაფერს.

 

ეს პატარა ბიჭი.

 

ყველას გვჯობნიდა...

 

მახსოვს, ერთხელ ჩემი ფოტოები, არც მკითხა, ისე აიღო, გადაარჩია, გამიკეთა პორტფოლიო და გადააგზავნა ბიჰენსის უპრესტიჟულეს კონკურსზე. მე არც ვიცოდი, დაჯილდოება როდის იქნებოდა. არც წავსულვარ.

 

უცბად მირეკავს, სად ხარ, შენ გაიმარჯვეო. მოდიო! თქვენ გყოლიათ ასეთი მეგობარი?!! სწორედ ბიჰენსის ფოტოკონკურსზე გამარჯვებით მოვხვდი „ჯიპა“-ში. სწორედ ამ გამარჯვებამ მომიტანა ცხოვრების მეორე ეტაპი - ლექტორობა...

 

ეს სულ ნიკას დამსახურებაა.

 

მეშინოდა, „ჯიპა“-მ როცა შემომთავაზა ლექტორობა.

 

არც ვიცი, ლექცია როგორ წავიყვანო-მეთქი.

 

მთელი ღამე გამითენა, პორტფოლიო გამიკეთა, პირველი ლექციის პრეზენტაცია...

 

როცა ჩამეძინა, ის ისევ მუშაობდა.

 

დილას დამხვდა ბრწყინვალე პრეზენტაცია...

 

საერთოდ ყველაფერში ნიკა მეხმარებოდა, რაშიც ვკოჭლობდი.

 

სპოტლაითზე #spotlight რომ მიმიწვიეს სპიკერად, 2 კვირა მამზადებდა, მისი გაკეთებულია მთლიანად „გენიოსობანას“ სფიჩი.

 

რამხელა მეგობარი მყავდა, ხალხო...

 

როგორი გულშემატკივარი.

 

როგორი მხარდაჭერა!

 

როგორ უხაროდა, როცა „ჯიპა“-მ საუკეთესო ლექტორის პრიზი გადმომცა.

 

ეს ნიკას გამარჯვებაც იყო...

 

გამარჯვება ხომ ნიკას მოგონილი რამეა ზოგადად.

 

ყველგან იმარჯვებდა. ყველაფერში !

 

„მაიამი ედ სქულიდან“ დაწყებული სად აღარ #artditectorsclub-ით დამთავრებული რამდენი ჯილდო ჰქონდა მიღებული!

 

რამდენს სწავლობდა, როგორი განათლება მიიღო ჰოლანდიაში და მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერსპექტივა ელოდებოდა საზღვარგარეთ, მაინც საქართველოში დაბრუნდა... გიჟდებოდა თავის ქვეყანაზე.

 

გინახავთ #წერექართულად პროექტის ფარგლებში ქართულ ანბანზე გაკეთებული ანიმაცია?

 

გენიალური ანიმაცია!

 

ვისი გაკეთებულია? ნიკასი!

 

ან #რაგბიჩვენითამაშიას ანიმაცია ნანახი გაქვთ?

 

ეს ნიკა იყო, ვინც გაიძახდა, საქართველოს მალე დავაყენებთ ფეხზეო.

 

გაგებული გექნებათ 3D ქვევრის ამბავი.

 

ამის უკანაც ნიკა იდგა...

 

ჯერ მარტო ის ამბავი რად ღირს, რომ 26 წლის ბიჭი „საქართველოს ბანკის“ კრეატიული დირექტორი რომ გახდა...

 

ეს არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი...

 

დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი.

 

ასეთ მოკლე დროში ასეთი სწრაფი განვითარება.

 

უცნაურად საუკეთესო ყველაფერში.

 

როგორ ტირის დღეს მთელი თბილისი ჩემს ნიკას, როგორ ანაწილებდა დროს ყველასათვის.

 

რომ იცოდეთ, ჩემი შვილები როგორ უყვარდა.

 

ხან ლიტა მოჰყავდა სკოლიდან, ხან სოფოს ეთამაშებოდა თოფობანას.

 

წელს, სოფოს დაბადების დღეზე „ჰარი პოტერის“ ყველა ტომი მოუტანა ერთად და აჩუქა. სთხოვა, წაიკითხეო.

 

უცხოეთიდან ისე არ ჩამოვიდოდა, რომ ლიტა-სოფოსთვის საჩუქარი არ ჩამოეტანა.

 

ყველაფერში როგორ იყო ასეთი იდეალური, როგორ...

 

არ დამავიწყდება მოგზაურობა, როცა ყაზბეგში გავქანდით სკუტერებით ერთად, კარვებით...

 

რომელი ერთი დღე გავიხსენო?

 

8 წლის ყოველდღიური ჯადოსნური მეგობრობა!

 

ერთად ჩაის სმა, ერთად კინოს ყურება, ერთად მოგზაურობა, ერთად თამაში, ერთად გადაღებებზე, ოჯახის წევრი იყო, სუპერ მფარველი.

 

ახლაც, გაზით რომ დამეწამლნენ ბავშვები, ჩვენ ხომ გუდაურში ვიყავით, მე და გოგა. პირველი ვისაც დავურეკეთ, რა თქმა უნდა, ნიკა იყო.

 

ნიკა გაქანდა ჩემი შვილების საშველად.

 

მთელი გზა მირეკავდა, ნელა იარეთო, ყველაფერი კარგად არისო ,მატყუებდა, დედაშენს არ დაუჯერო, ტყუილად პანიკობსო, ოღონდ თქვენ ავარიაში არ მოყვეთ, წყნარად იარეთო, მთხოვდა, მთელი გზა მელაპარაკებოდა და მამშვიდებდა, სანამ ჩამოვიდოდი...

 

ეს რა მიქენი, ნიკა...

 

მე რომ მიფრთხილდებოდი, ნელა იარე ტრასაზეო, შენ სად გეჩქარებოდა, ნიკა?

 

რატომ დაგვტოვე მარტო?!

 

სად გეძებოთ ახლა...“ - წერს მარი ნაკანი.

 

 

big_banner
არქივი