logo_geo
ნატო კორსანტია: 19 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დიდი მაესტროს, გალაკტიონის ძმისშვილისა და მისი ღირსეული მემკვიდრის ნოდარ ტაბიძის დაბადების დღე იყო
- +

22 მარტი. 2019. 00:33

 

 

 ჟურნალისტი ნატო კორსანტია სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინ, 19 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დიდი მაესტროს, გალაკტიონის ძმისშვილისა და მისი ღირსეული მემკვიდრის ნოდარ ტაბიძის დაბადების დღე იყო.

 

მე და ჩემი ჯგუფელები, ჩვენი „შვიდკაცა“ - ნანა, ნაირა, სოსო, კაკი, გიგლა, მე, (ნუგზარს გზადაგზა საჩხერეში ვეხმიანებოდით) და „შვიდკაცას“ განუყრელი მეგობარი თამრიკო ბატონი ნოდარის საფლავთან ვიდექით ბოლომდე შეურიგებელნი იმ რეალობასთან, რომ ეს იყო პირველი დაბადების დღე ჩვენი მოძღვრისა და უახლოესი მეგობრის გარეშე. მერე კი ერთ მყუდრო კაფეში ჩამომსხდარნი, გვიანობამდე ვიხსენებდით ბატონ ნოდართან ერთად გატარებულ განუმეორებელ დღეებს, ამბებს, რითაც ის გვანებივრებდა და გვიფერადებდა ხშირად გაუფერულებულ სინამდვილეს. იქ გავიხსენე ეს ჩანაწერიც ჩემი დღიურიდან.

 

***

 

15 ოქტომბერი, ორშაბათი, 1979 წელი.

 

საღამოა, კუს ტბის მახლობლად ჩვენს დეკანთან, ბატონ ნოდარ ტაბიძესთან ერთად პურობის შემდეგ, მე და ჩემი ჯგუფელები ერთმანეთს ვაკის პარკთან დავემშვიდობეთ. ბატონი ნოდარი, თამუნა და მე თამარაშვილის ქუჩას გავუყევით, ერთი გზა გვაქვს.

 

"ქალბატონო თამარ, როდის წავიდეთ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ?" - მესმის უცებ ბატონი ნოდარის ხმა. თავიდან მე დავიბენი, თამუნამ კი მაშინვე უპასუხა: "ალბათ, მომავალ კვირას, ბატონო ნოდარ".

 

"იცით რა, ქალბატონო ნატო, - ახლა მე მომიბრუნდა ბატონი ნოდარი, - გუშინ თქვენს გრაფთან ერთად მონმარტრზე დაგინახეთ. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა, ბანდიტს ჩამოჰგავს. ის არ არის თქვენი ღირსი".

 

"მაგრამ თუ გული მაინც მისკენ მიიწევს?" - მორიდებით ვცდილობ სიტუაციას ალღო ავუღო.

"ქალბატონო თამარ, იცით, რატომაც იზიდავს გრაფი ქალბატონ ნატოს? მე ვნახე პარიზში მისი მიწისქვეშა ალმასის სასახლეები ზღაპრული დარბაზებით".

 

"ბატონო ნოდარ, რას ამბობთ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე სიმდიდრე მხიბლავს?" - შემცბარი ვეკითხები, თითქოს მეფიქრება, ვაითუ, ასეთი ვგონივარ-მეთქი.

 

"რას ბრძანებთ, ქალბატონო ნატო, ის დარბაზები უბრალო ხომ არ არის, ალმასისაა. ქალბატონ თამარ, მე თქვენი გრაფიც არ მომეწონა, გუშინ ერთად ქეიფისას თავი გამოიდო თავისი სიმდიდრით, ტრაბახობდა კიდეც. თქვენც ხომ შეამჩნიეთ, ქალბატონო ნატო? დიახ, ხომ? ხედავთ, ქალბატონო თამარ, რატომ იჩქარეთ?"...

 

შემდეგ ბატონი ნოდარი ესპანეთში, კორიდაზე გვეპატიჟება: "ეს არის ველურობის უდიდესი ზეიმი, - ამბობს იგი და დასძენს, - გახსოვთ, ქალბატონო ნატო, ამას წინათ ესპანეთში, კოცონის გარშემო გამართულ რიტუალს რომ შევესწარით. რა ველური ყიჟინა და აღტკინება იყო ირგვლივ. მაშინ მართლა შემეშინდა, კოცონში არ ჩამაგდონ-მეთქი".

 

"კი, მაგრამ იმ რიტუალსაც ჰქონდა თავისი ხიბლი, დიდი შინაგანი ძალისა და დამუხტვის შეგრძნებას ბადებდა", - ვამბობ მე.

 

"დიახ, მეც შევნიშნე, მაშინ თქვენც უცნაურად გიელავდათ თვალები, თქვენც სხვა იყავით იმ წუთებში", - იღიმის ბატონი ნოდარი და ისევ თამუნას მიმართავს:

 

"ქალბატონო თამარ, როდის გეწვიოთ თქვენს იახტაზე, როდის გავისეირნოთ? ქალბატონო ნატო, იცით, რა იახტა აქვს ქალბატონ თამარს? სპილოს ძვლით არის მოპირკეთებული, კედელზე კი ვან გოგის ნაჩუქარი ნახატი უკიდია".

 

მერე ბატონი ნოდარი თამუნას ეკითხება: "ქალბატონო თამარ, რას აპირებთ, პარიზში დარჩებით თუ თბილისში დაბრუნდებით?" თამუნას თბილისში დაბრუნება ურჩევნია თურმე, მე კი თბილისში დარჩენაზეც უარს ვაცხადებ და ბატონ ნოდარს ვუმტკიცებ, როგორი სიმძაფრით მიყვარს ჩემი სოფელი. "მშობლიურ სახლთან და სანახებთან დაკავშირებული განცდები შეუდარებელია-მეთქი", - ვეუბნები და ისიც მეთანხმება.

 

საუბარი კიდევ ათას რამეს გადასწვდა, ბოლოს თამუნა ახლობლების წრეში ბალზე გვეპატიჟება. ბატონი ნოდარი თავაზიანად უარობს:

 

"მე და ქალბატონი ნატო ქალაქგარეთ გავუხვევთ, ერთ ძველებურ, გამჭვარტლულ დუქანში შევალთ, გაქონილ მაგიდას მივუსხდებით და ძველ ღვინოს მოვითხოვთ. იქ დაგვხვდება მოხუცი ფრანგი მხატვარი, რომელიც ქალბატონ ნატოს ჩვეულებრივ ქათინაურს ეტყვის: თქვენს თვალებში განუწყვეტლივ გიკრთით აღტაცების ნაპერწკალი. ქალბატონი ნატო მორიდებულად გაიღიმებს და წამწამებს აახამხამებს. რა შესანიშნავია არა, გარეუბნის, გამჭვარტლული დუქნის, გაქონილი მაგიდისა და წარმოსახვის უნარი რომ გაქვს ადამიანს! ერთი წუთით, ამ ბარში შევივლი, ვნახავ, სიგარეტი თუ აქვთ", _ გვეუბნება ბატონი ნოდარი და თითქოს ახლაღა ვამჩნევ, რომ თურმე პარიზში კი არა, თბილისში ვართ და ბარის ნაცვლად ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზიის წინ ვდგავართ.

ბატონი ნოდარი მალე ბრუნდება და, საერთოდაც, დროსა და სივრცეს დაუმორჩილებელი, ახლაც გაარღვევს მას და (უკვე ხვალინდელი დღის გადასახედიდან) იტყვის : "გახსოვთ, თბილისში, ერთ საღამოს კუს ტბაზე რომ ავედით. მერე იქიდან მობრუნებულები თამარაშვილის ახლად გაჭრილ ქუჩას გავუყევით. საღამო იყო ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო და ჩვენ ვოცნებობდით ათას რამეზე"...

 

***

ახლა უკვე ახლებურად "ვკითხულობ" 1998 წლის ოქტომბრის იმდღევანდელ ჩანაწერს და ვფიქრობ, მართლაც სად უფაქიზდება და უმახვილდება ადამიანს "გულით ხედვა” და "გულით სმენა”, თუ არა ბავშვობისა და სტუდენტობის წლებში ბედისწერასავით დამგზავრებული ადამიანების გვერდით.

 

ასე რომ, ბატონო ნოდარ, "ცოდვა" თქვენზეცაა, თუ ჩემი და ჩემი მეგობრების ფიქრები და ოცნებები რეალობის ჩარჩოებში ვერა და ვერ ჩაეტია...წუხელ კი „საღამო იყო ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო და ჩვენ ვოცნებობდით ათას რამეზე", - წერს ნატო კორსანტია.

 

 

big_banner
არქივი