logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ, რომ ხმა ვერ ამოიღო?!
- +

26 მარტი. 2019. 13:37

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სულ რაღაც ერთ კვირაში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ჯერ კრემლის აგენტებად შეგვრაცხეს, მერე - ამერიკის და მასონების! პრემიად ქრისტიანობის, სამშობლოს და გალაქტიკის მტრობაც შეგვეტენა.

 

ეს ამბავი გამოხატვის თავისუფლებაში შეიძლება კი ჯდება, მაგრამ მთლად ვან გოგის მზესუმზირებსაც არ ჰგავს!

 

ერთი ჯგუფი თავისუფლების(!) სახელით ლაპარაკს და აზროვნებას გვიკრძალავს, მეორე - ქრისტიანობის(!) სახელით ჯვარზე გაკვრით გვემუქრება!

 

წესით, პირველები ვოლტერს უნდა აღიარებდნენ წინამორბედად, ხოლო მეორეები მეორე ლოყის შეშვერას უნდა გვასწავლიდნენ, თუმცა, პირველები გილიოტინას გვპირდებიან, მეორეები კი - ინკვიზიციის კოცონს! არადა, ვოლტერმაც და ქრისტემაც აშკარად სხვა რამ თქვეს!

 

ერთმანეთს ტოლს არ უდებენ ბრალდებებში და თანაც როგორში, თავის დროზე ციმბირს რომ უკან დაგატოვებინებდა - ერთი კრემლის აგენტობას გვაბრალებს, მეორე - ამერიკისას! სხვა წვრილ-მსხვილი შეურაცხყოფები მათ სინდისზე იყოს.

 

კი ბატონო, ეს თვითგამოცხადებული სისულელეები დღეს შეიძლება სასაცილოდ ჩანს, რადგან „დანოსებს“ ძველებური ჭრა და გასავალი არა აქვს და დიდი, დიდი, ნერვები მოუშალოს რომელიმე დამწყებ ან იქნებ გამოცდილ ჟურნალისტსაც კი, თუმცა, ამ ისტორიაში სევდას ის იწვევს, რომ ცალკეული ადამიანები ისევ „კომსომოლური“ შემართებით წერენ „დანოსებს“ და არიგებენ ხალხის მტრის იარლიყებს.

 

არ მოგეწონა ადამიანის ნათქვამი და აცხადებ კრემლის აგენტად, იმის აგენტად, ამის აგენტად, ქრისტიანობის მტრად, ხალხის მტრად, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თქვა! და ხალხის მტერს როგორ უნდა მოვექცეთ?! ცოტათი ხომ არ დავხვრიტოთ, ან ჩავქოლოთ, ან გავასახლოთ! როგორც ადრე?! სულ ცოტათი...

 

სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ (დავაბულინგეთ!), რომ ხმა ვერ ამოიღო?!

 

ხალხთა საპყრობილის გისოსებიანი ფანჯრებიდან ევროპა განსაკუთრებით მიმზიდველად სწორედ იქაური მრავალაზრიანობისა და თავისუფლების გამო გამოიყურებოდა და დღეს ცალკეული ნეოკომსომოლებისგან პროდასავლელობის ეგიდით აზრის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა ისეთივე ნონსენსია, როგორც ქრისტეს სახელით „ყოფის ტირების“ მუქარა.

 

თუ ასე გავაგრძელეთ, ეს ორმხრივი წნეხი (რაც სინამდვილეში ერთი მოვლენის თუ მედლის ორი მხარეა) შეიძლება საბოლოოდ კარგ გამოცდილებადაც კი გამოადგეთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უკეთ გაითავისებენ, რომ ადამიანის სიძულვილი არ არის ლიბერალიზმი და ფარისევლობა არ არის ქრისტიანობა!

 

მაგრამ იმის მისახვედრად, რომ გილიოტინა და კოცონი სწორედ ლიბერალიზმის და ქრისტიანობის წინააღმდეგ მოიგონეს, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც საკუთარი შეცდომების დაშვება, როდესაც უკვე არსებობს დიდი მსოფლიო გამოცდილება კუდიანების დევნის უარყოფითი შედეგების შესახებ.

 

ჩვენს საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად თავისუფალი აზროვნების ნაკლებობის, რაც იწვევს ბულინგისკენ მიდრეკილებას! ტოტალურ ბულინგს! დღეს ერთადერთი, რისთვისაც წარმატებით გამოიყენება სიტყვის თავისუფლება, არის გინების თავისუფლება და ბულინგის თავისუფლება!

 

ყველა განსხვავებული მტერია, მოღალატეა! მარტო ტერმინები რად ღირს - კრემლის აგენტი, ამერიკის აგენტი... დანარჩენებს აღარ ვიტყვი.

 

ეს ცალსახოვნება კლავს თავისუფალ აზროვნებას, დისკუსიის და კამათის კულტურას... რეალურად შეჯიბრია გინებაში. თუმცა, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, კაცობრიობამ და განსაკუთრებით ევროპამ გაიარა ეს ეტაპი.

 

შუასაუკუნეებში ჯადოქრობისთვის წვავდნენ! განა რა ჯადოქრობა უნდა მოეხდინათ იმ საცოდავებს, მაგრამ „დანოსის“ საბაბი არ იყო ძნელი მოსაძებნი - ზოგს ხალი ჰქონდა, ზოგიც ცაცია იყო და ახლა კი ჩანს სისულელედ, მაგრამ მაშინ სჯეროდათ ამისი! სტალინის დროსაც სჯეროდათ, რომ კულაკები ხორბალს წამლავდნენ, ზოგს დღესაც სჯერა, რომ ის ხალხი დასახვრეტი იყო... ახლა კი არიან რეაბილიტირებულები ფარატინა ფურცლებზე, მაგრამ რა მერე?! და ჩვენი ისტორიის პატრონებს კიდევ ახალი „დანოსები“ გვინდა?!

 

მწარეა კოცონზე სიკვდილი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მძიმეა, დაბნელებული გონებით რომ უყურებ კოცონს და ფიქრობ, ალბათ, ცოტათი მაინც წაუჯადოქრებდა ეს ადამიანი, თორემ ასე ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო.

 

და ვიდრე ასე ფიქრობდა საზოგადოება, შეეძლოთ, მისი ნებისმიერი წევრი შეეკეთებინათ ცეცხლში და ახლა უკვე იგი ეგონებოდათ ჯადოქარი.

 

P.S. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ...“ - წერს მაღლაფერიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი