logo_geo
ვინ იყო სუკ-ის თანამშრომელი, ვინც 9 აპრილის ექსკლუზიური კადრები გადაიღო
- +

11 აპრილი. 2019. 15:06

 

Facebook-მომხმარებელი ზვიად გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და საზოგადოებისათვის უცნობ ისტორიას ჰყვება – როგორ გადაიღო მამამისმა 9 აპრილის ღამეს ექსკლუზიური კადრები და მიაწოდა 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელ კომისიას:

 

„1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ ყველა დღეს, 2019 წლის 9 აპრილს – 30 წლის შემდეგ… თუმცა ბევრმა არ იცის, რომ იმ ღამეს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა, უცნობი გმირი, ვინც არა მხოლოდ გადაიღო ორლესული ნიჩბებით ადამიანების უმოწყალო ჩეხვა, არამედ საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლის რისკის ფასად, ამ საიდუმლო ვიდეომასალის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიერ შექმნილი 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ელდარ შენგელაიას. ის იმ დროს საქართველოს უშიშროების კომიტეტის მეშვიდე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი იყო მხოლოდ და 4 აპრილიდან მოყოლებული, რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების ე.წ. „მხატვრის სახლის“ კონსპირაციული ოთახიდან ვიდეოზე აღბეჭდვა ევალებოდა. 8 აპრილს, ღამის 23:00-დან ბრძანება მიიღო, შეეწყვიტა გადაღება, თუმცა, მისი და მასთან ერთად მყოფი რუსი ოპერატიული თანამშრომლის გაყვანა ვერ მოხერხდა და იმ ღამით ოთახში დარჩენა მოუწიათ… ის მამაჩემი იყო – ანზორ იაკობის ძე გოგიაშვილი.

 

9 აპრილის ღამე დადგა... მთავრობის სასახლის წინა მოედანზე სიხალვათე იყო, რადგან საკმაოდ აცივდა და პლედებში გახვეულ მოშიმშილეთა და ლიდერთა გარდა, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა ღამის გასათევად… ცეცხლი დაანთეს, რომ ცოტა მაინც გამთბარიყვნენ… სითბომ იმედი გააღვიძა, იმედმა სიმღერა, სიმღერამ ცეკვა… მამამ აიღო ვიდეოკამერა (Panasonic M7, შავი ფერის კამერა, რომელმაც შემდგომშიც ჩემთვის ძვირფასი არაერთი კადრი აღბეჭდა) და გადაღება დაიწყო, თუმცა, ნაბრძანები ჰქონდა, შეეწყვიტა გადაღება… თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ მის გულს უბრძანა, რომ არ უნდა გაეშვა ეს ისტორიული მომენტი აღუბეჭდავი… არც მას და არც არავის იმ მომენტში, ვინც მოედანზე სახელდახელოდ აგიზგიზებული კოცონის გარშემო ცეკვავდა და მღეროდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა მზაკვრობასა და განსაცდელს უმზადებდა ბოროტების იმპერია მათაც და მთელ საქართველოს…

 

…რუს „ოპერს“ ისევ ეძინა, როდესაც ლენინის მოედნის (მაშინ ასე ერქვა თავისუფლების მოედანს) მხრიდან მთავრობის სასახლეს სახანძრო დახმარების მანქანები მოადგნენ… მათ უკან კი ტანკები მოღოღავდნენ… სიბნელეში რკინისჩაფხუტიანი, ნიჩბებით შეიარაღებული სამხედროები გაკრთნენ… ორი მათგანი სპეციალური ჭოკის გამოყენებით, მხატვრის სახლის მეორე სართულზე, იმ ოთახის გვერდით, სადაც მამა იმყოფებოდა, მდებარე აივანზე აძვრა და გადმოფენილი ქართული სამფეროვანი დროშა ჩამოგლიჯა… მათ რომ მამაჩემი შეენიშნათ, რომელიც ჩაბნელებული ოთახის სიღრმიდან აგრძელებდა ვიდეოს გადაღებას, მამას ალბათ ტყვია არ ასცდებოდა… ამიტომაც იყო თავდაპირველი კადრები ბუნდოვანი და გამოღებული ფანჯრებით რამდენადმე დაფარული… ამ ვიდეოში ისმოდა მამაჩემის გამწარებული ხმაც „смотри, смотри, как бьют лежащего…“ შემდგომში, როდესაც ეს მასალა ელდარ შენგელაიას და გოგა ხაინდრავას ფილმში მოხვდა, ხმა დაფარეს…

 

…დასკვნა, რომ მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევა განხორციელდა სწორედ ორლესული ნიჩბების გამოყენებით, რომ მიტინგი იყო მშვიდობიანი, რომ არავინ დასხმია თავს სამხედრო პირებს და რომ არავის უცდია შეჭრა მთავრობის სასახლეში, სწორედ ამ ვიდეო ფირის წყალობით გახდა შესაძლებელი. ამ ვიდეომასალით გაქარწყლდა გენერალ როდიონოვის ბრალდებები მომიტინგეთა და ლიდერთა მიმართ, რომ ისინი დაესხნენ თავს სამხედროებს და სამხედროები იძულებულნი გახდნენ, ძალა გამოეყენებინათ! რომ არა ეს ვიდეო, მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე და ადამიანთა გარდაცვალებაზე ე.წ. „არაფორმალურ ლიდერებს“ დაეკისრებოდათ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მათ საბჭოთა ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯიდა და ვერც ვერავინ გაუწევდა წინააღმდეგობას! ყველას გვახსოვს კომენდანტის საათის დროს ტყვიით მოკლული გია ქარსელაძე… მერწმუნეთ, ასობით გია ქარსელაძე მოკვდებოდა თბილისის ქუჩებში, გენერლებს და თავად გორბაჩოვს რომ მათი ტყუილის დამტკიცების საშუალება მისცემოდათ! ვერც მხოლოდ სობჩაკის კომისიის დასკვნა შეძლებდა ცხრა აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა სრულ რეაბილიტაციას და გადარჩენილთა დაცვას, რომ არა ის ვიდეოფილმი, რაც ელდარ შენგელაიამ და გოგა ხაინდრავამ სხვადასხვა ვიდეომასალის, მათ შორის მამაჩემის მიერ გადაღებული ვიდეოს გამოყენებით დაამონტაჟეს და მსოფლიოს ქვეყნებს აჩვენეს! სწორედ მსოფლიო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად დაიხია აგრესიულია სამხედრო ძალამ უკან და ბოლომდე ვერ მიიყვანა ის სადამსჯელო ოპერაცია, რომლის მიზანი არა უბრალოდ მიტინგის დაშლა, არამედ ეროვნული მოძრაობისა და მის ლიდერთა სრული განადგურება იყო! თუმცა საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ, საბჭოთა რუსეთმა (რომელიც დღესაც წითელ რუსეთად რჩება) ეს ოპერაცია ჩვენდა საუბედუროდ, წარმატებით განახორციელა, როდესაც მისი ემისრის – ედუარდ შევარდნაძის – მეთაურობით სათითაოდ გაუსწორდა ყველა ლიდერს (გაიხსენეთ მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის მკვლელობა მოწყობილ ავტოკატასტროფაში, ზვიად გამსახურდიას დამხობა და მკვლელობა, გიორგი ჭანტურიას მკვლელობა) და მთლიანად, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ სულს და ეროვნულ იდეას!!!

 

P.S. როდესაც 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი წლისთავი აღინიშნებოდა, მე გადავწყვიტე, რომ დამერღვია დუმილი… დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, თომა ჩაგელიშვილს და მოვუყევი ეს ისტორია, მან კი ამის შესახებ „კურიერი პოსტ-სკრიპტუმის“ მაშინდელ წამყვანს, დათო კიკალიშვილს უამბო და 9 აპრილისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემაში მამაც მიიწვიეს პირდაპირ ეთერში სასაუბროდ… ეთერის დაწყების წინ, სტუდიის მოსაცდელში მას ელდარ შენგელაია შეხვდა, რომელიც ეთერში მამაჩემის წინ უნდა შეეყვანათ… მან, ცხადია, იცნო მამა და როგორც „ჭეშმარიტმა წითელმა ინტელიგენტმა“ ისეთი რამ იკადრა, რომ სრულიად გადახაზა, თუ რამ პატივისცემა გამაჩნდა მის, როგორც კარგი რეჟისორის, მიმართ… „რისთვის მოხვედი აქ დღეს, დაფნის გვირგვინი რომ მიიღო?“ – ეს იყო მისი შეკითხვა მამაჩემის მიმართ, როდესაც მისი სტუდიაში ყოფნის მიზეზი გაიგო… მამამ იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მან პირდაპირ ეთერში არცერთ კითხვას, რომელიც იმ ღამის დეტალებს ეხებოდა, პრაქტიკულად არ უპასუხა და ფაქტიურად ეთერი ჩააგდო… ახლაც მახსოვს ის ელდა, რაც გადაცემის ნახვის დროს მქონდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა დაემართა და რატომ არ საუბრობდა არაფერზე… მხოლოდ მისი სახლში დაბრუნების შემდეგ გავიგე სიმართლე, რომელიც ახლა თქვენც გადმოგეცით…“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი