logo_geo
რეზო ადამია: ესსე - „გონების და ფანტაზიის სრული სახოვნებაა ჩადებული ნოტრ-დამში“...
- +

16 აპრილი. 2019. 17:13

 

 

არქიტექტორი მაია ადამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ დაწვას რეზო ადამიას ესსეთი ეხმიანება:

 

„ესსე

ნოტრ-დამი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ნოტრ-დამის დასავლეთით, ძველის-ძველ პარიზულ კაფეში ვზივარ და თაფლისფერ ფრანგულ ლუდს შევექცევი. ჩემს წინ, ათიოდე მეტრის დაშორებით აღმართულია ქანდაკებათა, ორნამენტთა და გეომეტრიულ სხვადასხვა ფორმათა ათასგვარი ვარიაცია, უსაზღვრო ფანტაზია და რა საოცრებაა; ამ უძველესი ტაძრის კედელთა სიბრტყეზე XX საუკუნის სიურრეალიზმის სულიც ტრიალებს.

გონების და ფანტაზიის სრული სახოვნებაა ჩადებული ნოტრ-დამში...

ვუმზერ აღტაცებული, გაოგნებული და ჩემს გონებაში, უცაბედად ფერად კადრად გაისრიალა მცხეთის ჯვრის მონასტრის გამოსახულებამაც. პარიზის ღვთისმშობლის მშვენებით ამაღლებულს ამ ხილვამ მშობლიური სიამაყე შემმატა. მცხეთის ჯვრის არქიტექტურაში ხომ სამყაროში არსებული და ჩვენთვის უხილავ გეომეტრიულ ფორმათა ყველაზე საუკეთესო მხატვრული გაანგარიშებაა.

 

ვზივარ ჩაბინდული ფერებით მოცულ კაფე-რესტორნის მუქ, მაჰაგონის ხისფერ მაგიდასთან განმარტოებით, მაგრამ ამჟამად ეულად არ ვგრძნობ თავს. ჩემს წინაა დიდი მასპინძელი, კეთილი და თბილი ნოტრ-დამი, რომელიც ათასგვარი ფორმის ქვისაგან აწყობილ ჰარმონიათა მშვენებადაა გადაშლილი. ცივი ქვისაგან შექმნილი ნოტრ-დამის მზე მიყურებს, კაცთა სულის ჯადოდ ქცეული.

 

XX საუკუნის ბოლო პერიოდის, ცივილიზირებულსა და ურთულეს ეპოქაში, ყველას თვალწინ სცვივა ტაძრის კედლიდან, სვეტებიდან თუ ქონგურებიდან უნიკალური მხატვრული ფორმები, მის სხეულზე აღმოცენებული უთვალავი ქანდაკებები და ფილიგრანულად ნაქარგი ორნამენტები (ჩვენი ხახულის კარედის დონეზე), ყოველივე ნადგურდება დრო-ჟამისგან. ულმობელი და უმკაცრესი დრო დაუზოგავად აჩქარებს მის დაშლას.

ვიქტორ ჰიუგოს ცხოვრების პერიოდში ნოტრ-დამი თითქმის დაშლამდე ყოფილა მისული, მაგრამ გენიალური მწერლის დიდი ზრუნვით, რესტავრირებული და კონსერვირებულ იქნა ნოტრ-დამის ტაძარი. როგორც მოგახსენეთ, ამჟამადაც მეორდება პირველადი პროცესი და, ჩვენდა საუბედუროდ, ტაძრის მშვენება ორნამენტები, ჩუქურთმები და ქანდაკებები, თავისი ჰორელიეფით, ბარელიეფებით, დაშლამდეა მისული. დღევანდელმა საფრანგეთის მთავრობამ სასწრაფოდ დაადგინა ტაძრის აღდგენა, მისი რესტავრაცია და კონსერვაცია, რომელიც სახელმწიფოს დიდი თანხა უჯდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს, უნდა გადარჩეს კაცობრიობის შეუდარებელი შედევრი.

ქვაში ამღერებული უდიდესი ორკესტრია აქ და მთელი ტაძარი უმშვენიერეს სიმფონიურადაა აჟღერებული. მარადიულობის გამომხატველი უხმო, კლასიკური მუსიკა ისმის ამ არქიტექტურულ ანსამბლ საოცრებაში. ბოტიჩელის, მატისის და მოდილიანის ხაზთა ლაკონიურობა, სინარნარე და შინაგანი ჰარმონიაა ჩასახული მის ორნამენტთთა მთლიან სხეულში. ტაძარი თბილი ნაცრისფერი, შედარებით რბილი მასალითაა აქარგული და მისი მთლიანი არქიტექტურული ანსამბლის ცად ატყორცნილი. იგი მუქი ლურჯი სივრციდან უფლის უკეთილშობილესი თვალით იმზირება. მაგრამ დრო, ურჩხული, რომელიც შესაძლებელია, ღმერთსაც არ მორჩილებს, ცვეთს და აბერებს მას, გადაშენებითაც ემუქრება, საოცრებად შობილ, ღვთიური ნიჭით დამშვენებულ ქვათა გალობას.

სიყვარული მშვენიერებისა და მის მაღალმხატვრული ფორმად შექმნის სრულყოფაა აქ და ადამიანის უსასრულო ფანტაზიის რეალურ სახედ წარმოჩინდება. პარიზული ნარინჯისფერი მზე ქალაქი განაპირას ჩაესვენა და საქართველოზე ჩემი ფიქრ-ოცნებებიც ჩაჰყვა მას. ნაცრისფერი სინათლეა ირგვლივ, რომელიც ყოველ წამს და წუთს მიიპარება ჩემთვის გაურკვეველ უსასრულობაში. ხელოვნების შედევრთა გარემოცვას ბინდი ეუფლება და მოაქვს სამყაროს სივრცის ბნელი სახე: ასეთი ფიქრებით და ოცნებებით ვზივარ პარიზის მშვენების წინ.

ნოტრ-დამის ტაძარი აგებულია სენის ბუნებრივ კუნძულზე, რომელსაც უძველესი ხომალდის ფორმა აქვს, შესაძლოა ნოეს კიდობანისაც. პარიზის ამ წმიდათაწმიდა კუნძულზე ძვირად ფასობს ოდითგანვე ყოველი მტკაველი მიწა.

ნოტრ-დამის უზარმაზარი ტაძარი, მხოლოდ ქვითაა ნაქარგი და ღვთიურ არქიტექტონიკადაა დაბრძანებული... მისი სვეტები, გეომეტრიულ-დეკორატიული ფორმები, ქანდაკებები, ბარელიეფები, ჰორელიეფები, ორნამენტები, ქიმერიონები და ჩუქურთმები, მარგალიტის მძივის დარადაა ერთმანეთში ასხმულ-აქარგული. ნოტრ-დამისმიერი კედლის ფორმათა მრავალფეროვნება, მსოფლიოში არც ერთ საყდარს, ისტორიულ შენობას, სამეფო სასახლეს თუ მუზეუმს, არ გააჩნია, ალბათ.

ტაძრის წინა ფასადის სამი უზარმაზარი შესასვლელის ქონგურზე, ერთი კუთხიდან მეორე მოპირდაპირე კუთხემდე, ჩამწკრივებულია დიდი ზომის ქანდაკებები, ბიბლიური მეფეები ისრაელისა. ბრძენთა ბრძენი და ზეაღმატებული გმირები უსაზღვრო სიკეთით და სიბრძნით გადაჰყურებენ პარიზს და მათგან ღვთიური მადლით ივსება ქალაქი. ქანდაკებათა ზემოთ, ისევ ერთი კუთხიდან მეორის ბოლომდე, მცირე სვეტებიანი კოლონადები გადის.

შუაში და გვერდებში, დეკორატიული მზის გამოსახულებაა, ხოლო წინა ფასადის ცენტრში დიდი მზის მშვენებაა, რომელიც მთავარი მხატვრული აქცენტია ტაძრისა. წინა კედლიდან გამოწეული დამატებითი ოთხკუთხედი კედელი, ოთხ სვეტად მიემართება ზევით. დიდი მზის ფორმის ზედა დასასრულთან გაედინება დეკორატიული ანსამბლი და მასზე ეყრდნობა მრავალი ულამაზესი სვეტი. ისევ მათ თავზე დასმული სასწაულებრივი დეკორატიული მოტივით, ციურ გვირგვინადაა შემკული. მერმე ფანტასტიურ-დემოკრატიული მოტივი ლაღად გაედინება და საყდრის ბოლო ორი უზარმაზარი ოთხკუთხედი ქონგურითაა დამშვენებული, რომელნიც ციური მშვენების დეკორითაა გაწყობილი. ამ უდიდესი და საერთო ფორმით, კუბისმაგვარ ქორნგურთ შუა ცარიელი სივრცეა, რაც ტაძარს ცასთან დამაკავშირებელ გარემოს უქმნის. ეს საყდრის გვირგვინ ორქუდი, საოცარი კავშირია ცისა და მიწისა, რომელიც, გოლიათურობით მკერდგაშლილი ამაყად გადაჰყურებს პარიზს.

ერთ დროს ქვის კარიერებზე მიყრილ-მოყრილი ლოდები, ულამაზესი ხელოვნების ნიმუშად ქცეულა აქ და ფილიგრანული სინატიფით შერწყმია ღვთისა და სამყაროს სივრცეს.

უფლისადმი სიყვარული იმდენადაა ამაღლებული და ხორცშესხმული, რომ ჩვეულებრივი გონებისათვის მასში ჩაწვდომა შეუძლებელი ხდება. ნოტრ-დამის შემოქმედნი უსასრულოდ მაღლა, მაღლა მიისწრაფვიან, ნაქარგი და სულჩადგმული ქვის ფორმებით.

სპილოსძვლისფერი აბრეშუმის მატერიაზე ოქროს ძაფით მოქარგულ ნიმუშად იხატება ნოტრ-დამი პარიზის ზღვა შედევრთა სივრცეში.

ქართული ჯვრის მონასტერი თუ მიწიდან აღმოცენებული წმიდა ქანდაკებად იკითხება (ეგვიპტის პირამიდების შემდეგ, ჯვრის მონასტერია არქიტექტურა-ქანდაკება). პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ციდან ჩამობრძანებული უცხო, ჩვენთვის შორეულ ღვთიურ სულადაა დამკვიდრებული, პარიზის ღვთით კურთხეულ მიწაზე. გოთური არქიტექტურა, მიწიდან უკუ ცისკენ სწრაფვაა ქვის ფორმებად ქცეული სულისა...

ღმერთის და ადამიანის ნიჭთა გაერთიანების გასაიდუმლოებაა აქ. ექსტერიერი იმდენად ციურია და მაღლა მფრენი; ინტერიერში რომ შედიხართ, პირველად თითქოსდა სულის, გარკვეული ფორმით, შეზღუდული სივრცეში მომწყვდევასა გრძნობთ, რადგან ათასობით არამლოცველთა და ტურისტთა გარემოში ხართ მომწყვდეული, ამდაგვარი გარემოება სადღაც ზედაპირულ სახეს იღებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ინტერიერის არნახული სივრცე და მისი უზარმაზარი მოცულობა, მშვენება-ვიტრაჟები, საკურთხეველთა სიდიადე, ჭერის თითქოსდა უსასრულოში გამდინარე ციური მოცულობა და მასზე მოცურავე დეკორატიულ-ორნამენტული ხაზები, რომლებიც ძვირფასი ქვებითაა აწყობილი, შეუდარებელი სილამაზის გეომეტრიული მოხაზულობის კედლები და სხვადასხვა განუმეორებელი აღნაგი (ფორმისაგან გაწყობილი უმშვენიერესი) სვეტები. ასეთ გარემოში მყოფს უმალ ეცვლება განწყობილება და სული მაღლა, მაღლა ფრენას იწყებს, თითქოს შორდები შენს სხეულს და ამავე დროს თავისუფლდები ინტერიერისათვის დამახასიათებელი ზოგადად შემოფარგლულობის გრძნობისაგან, რის შედეგად მთლიანი არქიტექტურის ციურ სივრცეში გასვლის მონაწილე ხდები. თითქოსდა ადამიანი ფიზიკურ წონადობას ჰკარგავ და მარტოსული დადიხარ, ამაღლებული, განწმენდილი და ღმერთთან მიმლტოლვი; ბედნიერი ხდები უსაზღვროდ, სიცოცხლის წყურვილით და ჯანსაღი ოპტიმიზმით ივსები. ინტერიერში ხარ. გადის დრო და გარეთ გასვლა გინდა, რათა ისევ ექსტერიერითაც დატკბეთ, გარეთ გასულს და ექსტერიერით მოხიბლულს, ისევ შიგნით ინტერიერში გინდა შესვლა და შენეული სულის გასაიდუმლოების ხილვა: იმდენად დიდია მთლიანობა ნოტრდამისა, რომ ასეთი დაუსრულებელი პროცესის დინებაში ხვდები. ამდაგვარად ისედაც ადამიანის აღუვსებელი სული, ღვთიური სილამაზის, მარად ხილვის ტყვეობაში ვარდები და მასთან უსასრულოდ ყოფნის ოცნებაში იძირები. შემდგომ მისეული სილამაზისაგან, ტყვეობის ვარდისფერი შიშიც გეუფლება.

ყოველი ჩვენგანის მოუსვენარ სულს, ალბათ მარადიულ სივრცეში გადასვლა თუ დაამშვიდებს ან ატმოსფეროში არარაობად ჩაქრობა. ადამიანი იმდენად, სამყაროს შორეულის უკიდეგანობაში, მაძიებელი და მცოცავია, რომ თვით ღმერთის ხილვაც არ დაამშვიდებდა და ვერ მოასვენებდა, როგორც ნოტრ-დამის ექსტერიერიდან ინტერიერში გადასვლა, ინტერიერიდან კი ექსტერიერში და უსასრულოდ ჟინი და საოცრებათა ხილვის დაუსრულებელი გახელება...

დედამიწის ოთხივ კუთხიდან ადამიანთა დაუოკებელი ლტოლვაა ნოტრდამისაკენ, მიუხედავად სხვადასხვა სარწმუნოებისა და მხატვრული ფორმებზე თავისებური შეხედულებებისა, ყველასთან ამაღლებული და თანაბარი სიყვარული აქვს მისდამი.

ნოტრ-დამის (ყოველი მზის გამოსახულებანი) ხომ თვალთუხილავი დეკორატიული ქარგვითაა დამშვენებული. ნოტრ-დამის (ბუმბერაზი მზე) წარმართობის და ქრისტიანული სამყაროს ხიდია, (მისი ყოველი მზე, ჩვენი) მზის სისტემის თუ სამყაროს უთვალავ სხივთა სიყვარულის სიმბოლოა.

ნოტრ-დამში მაღალი ფანტაზიის, ცისფერი ბიბლიური ფრინველის, უსასრულო ნავარდია.

მზე და მასთან ტრფიალი ქრისტიანობის ეპოქაშიც არ შეუწყვეტია ქართველ კაცს. მაგალითისათვის გვეყოფოდა ბოლნისის ჯვარი და (მასზე ირგვლივ შემოფარგლული) მზის გამოსახულება: ხოლო ფრანგი ხალხის შემოქმედებაში დიდი სიყვარულითაა ჩადებული მზის უსაზღვრო კულტი. ამან XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ვინსენტ ვან გოგთან იჩინა თავი განსაკუთრებით; საქართველოში კი, ღრმად და მძაფრად დიდ გრიგოლ რობაქიძეში.

ფრანგი ხალხის ნიჭის და მისი ქრისტიანული სამყაროს განდიდების განსახიერებაა ნოტრ-დამი, კაცობრიობის მშვენებაა ის, სრულიად დედამიწისა და მსოფლიოს ხალხთა სულიერი საკუთრებაა.

ცოცხალი არსების სისხლძარღვია, არტერიის და გულის ფეთქვათასიცოცხლე კი არაა მასში, არა! აქ ღვთიური სულიერებაა და სამყაროს სულიერი მოძრაობის ყველა თვისებაა ღვთისმშობლის ტაძარში თავმოყრილი; ზე სიდიადე და საოცრება ქვის ნარნარი ხაზებით და დეკორით იქმნება.

როგორც სულისათვის, ასევე გონისთვის უკიდურესად მტკივნებულია ნოტრდამთან განშორება. ტოვებ და გულაჩუყებული იყურები მისკენ. იგი კი ნელი-ნელ, ვერცხლისფერი ხდება. მერმე პარიზული გარემოს ნათელ ბურუსში ეხვევა. ცოტაც და მთლიანად ცის ფერს გადაიკრავს, ლაჟვარდში უჩინარდება, შემდეგ სივრცის უსასრულო ოკეანეში იძირება რეალურად ნანახი. ერთ დროს შენგან ნაფერები მხატვრული ფორმა, ღვთიური სილამაზე, რომელსაც მიუახლოვდი და შეეხე, სიზმარ-ოცნებად იქცევა, ბოლოს კი ნოტრ-დამი დროის გარემოცვაში და ოცნების უხილავ, ცისფერ ჭურჭელში თავსდება და პარიზის განაპირას ჩასვენებული ნარინჯისფერ მოწითალო მზესავით შორეული და მიუწვდომელი ხდება.

რეზო ადამია

პარიზი 2001 წ“.

 

 

big_banner
არქივი