logo_geo
რა ედო სუფრაზე ქრისტეს უკანასკნელი ვახშმის დროს? - თვითონ ვეგეტარიანელი იყო!
- +

26 აპრილი. 2019. 16:58

 

 

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელ Facebook-ში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„#აქმუზეუმია რა ედო სუფრაზე ქრისტეს უკანასკნელი ვახშმის დროს? 21 საუკუნის წინანდელი მენიუ თუ ლეონარდო და ვინჩის ფანტაზია!!! კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვახშმის ისტორია იესოს ეხება. L'Ultima Cena ანუ The Last Supper ანუ საიდუმლო სერობა - ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზია დედამიწაზე; უკანასკნელი ღამე, რომელიც კაცობრიობის მხსნელმა დედამიწაზე გაატარა, მის მოწაფეებთან ვახშამს აღწერს...

 

და სწორედ დღეს, ამ ვახშმიდან გასულია1986 წელი და მინდა, წაკითხული და ნაფიქრი პოსტად ვაქციო; ამიტომ დავწერ 2 პოსტს - ჯერ N1 წაიკითხეთ, მალე მეორეს მოგართმევთ!

 

521 წლის წინათ ლეონარდო და ვინჩიმ მილანში, დომინიკურ მონასტერში - სანტა მარია დელლა გრაციეში (Chiesa e Convento Domenicano di Santa Maria delle Grazie) სატრაპეზოს მოხატვა დაამთავრა;

 

4 წელი ზანტად მუშაობდა, ამბობენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა სატრაპეზოში შესვლის დღიდან დღეში 2-ჯერ აწყობინებდა გემრიელ სუფრას საუკეთესო ღვინითა და თავის შეგირდებს ანაყრებდა;

 

გაწყობილი სუფრა ნატურად მჭირდებაო, აიღებდა, დადებდა, გადადებდა, გადმოდებდა, ივახშმებდა... თუმცა თვითონ ვეგეტარიანელი იყო!

 

ფლორენციიდან (მიქელანჯელოს ტალანტისგან შევიწროეული) ლეონარდო 17 წელი გადაიხვეწა ლომბარდიაში, სადაც მისი მფარველი მილანის მთავარი ლუდოვიკო სფორცა გახდა;

 

სფორცას და მისი (რენესანსის ყველაზე ლამაზი ქალის) ცოლის ბეატრიჩეს ქორწილის მენეჯმენტი-ორგანიზება ლეონარდო და ვინჩის უკისრია და ბეატრიჩემაც მილანის მონასტრის სატრაპეზოში „საიდუმლო სერობის“ ფრესკა დაუკვეთა;

 

როგორ გაშალა დიდმა იტალიელმა ფრესკის სუფრა? რა საინტერესოა, არა? ალბათ, წარმოიდგენთ, რომ „სახარების“ ტექსტებიდან უნდა ესარგებლა, მაგრამ ვერა... სახარება დუმს უკანასკნელი სერობის მენიუზე;

 

მათე მოკლედ წერს, ეს იყო პასექის ვახშამი, რაც ნიშნავს, რომ სუფრაზე იქნებოდა ბატკნის ხორცი და უსაფუარო პური - მაცა;

მარკოზის და ლუკას თანახმად, საიდუმლო სერობა პასექის ჟამს მოხდა; თუმცა იოანე წერს, რომ საიდუმლო სერობა პასექზე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და ე.ი. ბატკნის ხორცი ვერ იდებოდა სუფრაზე; იოანე მხოლოდ პურს ახსენებს, რომელიც იესომ წვნიანში ჩააწო და იუდას გაუწოდა; იოანე ღვინოს და პურს ცალკე არ ახსენებს;

 

დანარჩენი სამი მოციქული კი, კაცობრიობას უყვებიან, რომ იესომ ვახშმისას არტოსი გატეხა და ღვინოში ჩააწო;

 

ლეონარდოს „საიდუმლო სერობას“ საბოლოოდ რესტავრაცია 1990 წელს გაუკეთეს და სწორედ მაშინ გამოიკვეთა სუფრაზე საგნები;

 

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ხელოვნების ისტორიკოსმა ჯო ვარიანომ (John Varriano) სამეცნიერო ჟურნალში „გასტრონომიკა“ (Gastronomica: The Journal of Critical Food Studies, Vol. 8) საინტერესო სტატია მიუძღვნა, სახელად - „ვახშმად ლეონარდოსთან“ (At Supper with Leonardо), სადაც აღწერა ლეონარდოს წარმოსახვაში გაშლილი სუფრა;

 

რაც ყველაზე საინტერესოა, ლეონარდომ იესოს უკანასკნელ სერობაზე სერვირება დადო: დევს თეფშები, დანები და წყლის დოქები; ასევე ჭიქები და პატარა ჯამები თითების დასაბანად;

 

პასექის მთავარი სარიტუალო კერძი - ბატკნის ხორცი სუფრაზე არ ჩანს;

 

მაგრამ ჩანს გველთევზა - ფორთოხლის ნაკუწებით; ასევე: პური, ხილი (ვაშლი ან ბროწეული - დღემდე კამათობენ);

 

საიდუმლოს სერობის ტექსტებში არაა მოხსენიებული თევზი, მაგრამ თევზი არის ქრისტიანობის სიმბოლო; ბევრი მოციქული მებადურია, ასევე იესოს სახელში ბერძნული ასოები Jesus Christos Theou Uios Soter (იესო ქრისტე ღვთის შვილი მხსნელი) ქმნის სიტყვას ichthus (იოტა, ხი, ტეტა, უპსილონი და სიგმა) და ეს სიტყვა არის „თევზი“;

 

და საიდან მოიტანა ლეონარდომ გველთევზა ფორთოხლით? ისტორიის მკვლევარები წერენ, რომ ეს იყო ძალიან პოპულარული კერძი შუასაუკუნეების იტალიაში;

 

გველთევზა - მილანის ახლოს მდინარეებში გავრცელებული თევზი იყო და მაღალი საზოგადოების წვეულებების დელიკატესი; ბერძენი პოეტი არქისტრატი, ვინც პირველი კულინარიული წიგნის შემქმნელად არის აღიარებული, მას ყველა თევზზე მაღლა აყენებს;

 

„გველთევზა ფორთოხლით“ რეცეპტი აღწერილია XV საუკუნის მწერლის ჯენთილე სერმინის (Gentile Sermini) მოთხრობების ნაკრებშიც (1424 წელი):

 

აუცილებელია, გველთევზა გაატყაოთ, შემდეგ მოხარშოთ, დააქუცმაცოთ, შეწვათ შამფურზე და ბოლოს ჩადოთ მარინადში 6 ბროწეულისა და 20 ფორთოხლის წვენში;

 

ეს რეცეპტი იცოდა ლეონარდომ, ეს კერძი შედიოდა სფორცების ქორწილების და დღესასწაულების ყველა მენიუში!!! გარდა ამისა, ლეონარდო თავად იყო შეფ-მზარეული და სანდრო ბოტიჩელისთან ერთად საკუთარი რესტორანიც ჰქონდა. ამ ამბავს და მის მენიუს ცალკე მოგართმევთ!

 

ეს რეცეპტი მოხსენიებულია დედამიწაზე ნაბეჭდ პირველ გასტრონომიულ წიგნში, სახელად - „De honesta voluptate et valetudine“ („სწორი სიამოვნებისთვის და კეთილი ჯანმრთელობისთვის“), რომელიც იტალიელმა ჰუმანისტმა და გასტრონომმა ბართოლომეო პლატინამ (Bartolomeo Platina) 1465 წელს დაწერა;

 

გარდა ამისა, სასწაულად რეალურია ყველაფერი, რასაც ფრესკაზე ხედავთ; აი, თუნდაც იაკობის წინ მდგომი წყლიანი დოქი, რომელიც ისეთი გამჭვირვალეა, რომ უკან თეფშიც მოჩანს; გოეთე წერდა: „ქრისტეს უნდა ევახშმა დომინიკანელებთან მილანში“; გოეთემ სანტა-მარია დელლა გრაციე XVIII საუკუნის ბოლოს მოინახულა; და თავისი თვალით ნახა, რომ მაგიდების განლაგება იგივენაირად იყო დარჩენილი: აბატის მაგიდა შესასვლელის მოპირდაპირედ იდგა, ამაღლებაზე, ხოლო ბერების მაგიდები კედლებს მიჰყვებოდა; გოეთე მიხვდა, რომ სწორედ ეს მაგიდები გამოიყენა ნატურებად ლეონარდომ სერობის ხატვისას;

 

ეჭვგარეშეა, რომ ნაოჭებიანი სუფრა ქრისტეს ვახშმის მაგიდაზე, მონასტრის სამრეცხაოდან აიღო, ხოლო თეფშები, ჯამები, და სხვა ბერების ჭურჭლიდან გადახატა; ერთგვარი უცნაურობაა, ქრისტეს სავახშმო ოთახში კედლებზე ფლანდრიული შპალერებიც; ეს ის შპალერებია, რომელიც უაზროდ ძვირი ღირდა XV საუკუნის მილანის არისტოკრატიაში; დიახ, თავისთავად, ლუდოვიკო სფორცას ოჯახშიც ჰქონდა ნანახი და მკვლევარები ამბობენ, რომ მხატვარმა ამით ხაზი გაუსვა ფრესკასა და სფორცების დიდებულ კარს შორის ერთიანობას;

 

ანუ ის ხატავდა არა სახარების ზუსტ კოპიოს, არამედ ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავდა და მიირთმევდა!!!

 

ლეონარდოს ამქვეყნად არსებობის 400 წლის შემდეგ თანამედროვე არტისტმა ენდი უორჰოლმა თქვა „კვება ერთადერთი ადგილია, სადაც ის კომფორტულად გრძნობს თავს“ და უორჰოლმა ლეონარდოს „სერობა“ 40 ნამუშევარში გადაიმეორა და ენდის ერთ-ერთი სერობა აგერ ახლახან €6,8 გაიყიდა, სტოკჰოლმში, Bukowski აუქციონის სახლში;

 

დარჩით ჩემთან. შემდეგ პოსტში (უკვე მზად მაქვს) ქრისტეს და მის მოწაფეთა ნამდვილ მენიუს გაგაცნობთ: რა იდო საიდუმლოს სერობის სუფრაზე 1986 წლის წინათ?“, - წერს ესმა კუნჭულია.

 

 

 

big_banner
არქივი