logo_geo
გიორგი კეკელიძე: ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან „გარდაცვლილებს
- +

29 აპრილი. 2019. 18:45

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, კანონზომიერების ცვლილებაზე წერს. მისი თქმით, თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს სასაფლაოზე მიასვენებენ, ახლა სასაფლაოდან ცოცხლებს ოღონდ სიმთვრალისგან გარდაცვლილებს „მოასვენებენ“.

 

ამ „რიტუალს“ კეკელიძე ცრუ ტრადიციებში გაჯიუტებას ეძახის და ამბობს, რომ რეალურად სასაფლაოზე საკვების გატანას სხვა დანიშნულება შეიძლება მიეცეს.

 

„გარდაცვლილთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან “გარდაცვლილებს”.

 

კვერცხის მაგივრად, წაქცეულები გორავენ. გვინახავს თვალითაც, ფოტოებითაც.

 

ასე არ ვარგა, არავის წაადგება. მათ შორის ტრადიციასაც.

 

ყველაზე ნაკლებად მორალისტ-მიმთითებელი ვარ. თუ მაინცდამაინც გინდათ, შემიძლია გითხრათ: ყირაზეც გადასულხართ ნათესავის საფლავზე. კაცმა რომ თქვას, რა ჩემი ან სხვისი საქმეა?

 

მაგრამ არ მოგეწონებათ. როგორ? – მეტყვით თქვენ – ნუთუ წინაპრის სამარხებს პატივი არ უნდა ვცეთ? ნუ ილეშებით მეთქი და აქაც ცხადად მომესმის თქვენი ხმა: აბა ტრადიციები აღარ შევასრულოთ, წინაპრის დანაბარები? ამ ერთადერთ დღეს მაინც?

 

ჰო, ვიცი, იქნება ასეთი მოძახილიც: ვისაც არ გვეხება, ჩვენ რატომ ვილანძღებით? ჩვენც არ გავიდეთ სასაფლაოზე?

 

წესით, მე არ უნდა მეკითხებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩემი პასუხი გინდათ: ვისაც არ გეხებათ, გადით!

 

ზოგადად კი, ეს არის მორიგი ჩვენებური სენი – ცრუ ტრადიციებში გაჯიუტება, გუშინდელის გაკერპება და იმისწინდელის მივიწყება.

 

ახლომხედველობა დასაძლევია. სოფელ-სოფელ ხეტიალისას, უძველეს ფოტოებზე ხშირად მინახავს, როგორ უსხდნენ სუფრას ჩვენი უკეთესი წინაპრები და ისიც, როგორ უსხედან ახლა. ამაზე ოდესმე. ანუ იმაზე, რა დაგვამრთა საბჭოთა სენმა.

 

აღდგომას სასაფლაოზე გასვლას მცირე საკვებით კი, გარდა რიტუალური ნაწილისა, ასე გასინჯეთ, ერთგვარი საქველმოქმედო ფორმაც ჰქონდა. ბებიაჩემს ბაბუაჩემის სასაფლაოზე რამდენიმე პასკა, კვერცხი და ხაჭაპური გაჰქონდა და გამოსაჩენ ადგილზე ტოვებდა. მერე ჩამოივლიდნენ შეჭივრებულები და მიჰქონდათ.

 

თუ მაინცდამაინც, მოდი, ბებიებს მივბაძოთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი