logo_geo
უვადო პატიმრობამისჯილი ვოვა არუთინიანი საცოლეს ეძებს
- +

10 მაისი. 2019. 23:43

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აფეთქების მცდელობისთვის გასამართლებული, უვადო პატიმრობამისჯილი ვოვა არუთინიანის წერილს აქვეყნებს, რომელმაც ჟურნალისტს დახმარების თხოვნით მიმართა:

 

„ვოვა არუთინიანი (უვადო პატიმარი): საკანში ადრეც დავწერე წერილი, რომ ვეძებ საცოლეს. მაშინ ერთი გოგონა გამომეხმაურა. მქონდა მიმოწერა და სატელეფონო საუბრები

 

სამუდამო პატიმრობამისჯილი ვოვა არუთინიანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აფეთქების მცდელობისთვის გაასამართლეს, ოჯახის შექმნის მიზნით ციხიდან საცოლეს ეძებს. დახმარების თხოვნით მან მე წერილით მომმართა:

 

ბატონ ზაზა დავითაიას!

 

მოგესალმებით ბატონო ზაზა. როგორ ბრძანდებით? იმედი მაქვს, თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ. დიდი მადლობა – დედაჩემმა მითხრა, რომ მომილოცეთ დაბადების დღე. კარგია, თუ თქვენნაირ ადამიანებს ვახსოვარ. ამჯერად, თქვენი დახმარება მე და დედაჩემს ძალიან მნიშვნელოვან საქმეში გვჭირდება.

 

უკვე რამდენიმე წელია, ციხიდან ვეძებ ადამიანს რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი. როცა თავისუფალი ვიყავი, ვერ მოვასწარი ოჯახის შექმნა, არადა ძალიან მინდოდა. ოჯახი არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ის, რომ უვადო პატიმარი ვარ და ვიმყოფები ციხეში – არ ნიშნავს რომ შანსი არ მაქვს.

 

ამჟამად, დედის გარდა არავინ მყავს. მსურს ვიპოვნო გოგონა, რომელიც ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას – ეს კაცი ალბათ ხუმრობს, ან გაგიჟდა! უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო?! მოგახსენებთ – არ გავგიჟებულვარ და არც ვხუმრობ! მიუხედავად იმისა, რომ უკვე 13 წელია საკანში სრულიად მარტო ვარ, არც არაადეკვატური ვარ და არც ადამიანური თვისებები დამიკარგავს!

 

საკანში ადრეც დავწერე წერილი, რომ ვეძებ საცოლეს. მაშინ ერთი გოგონა გამომეხმაურა. მქონდა მიმოწერა და სატელეფონო საუბრები, მაგრამ გაგრძელება ამას არ მოყვა, ოჯახის შექმნამდე საქმე ვერ მივიდა, არადა ძალიან მინდოდა. ახლა ძებნას თავიდან შევუდექი.

კარგად მესმის, ვიცი, რომ ახლა ყველაფერი სოციალური ქსელებით ხდება, არსებობს გაცნობის საიტები და ა.შ.

სამწუხაროდ, არც მე – პატიმარს და არც დედაჩემს – 78 წლის მოხუცს – ამ საიტებამდე ხელი არ მიგვიწვდება. ამიტომ, ჟურნალისტების დახმარების იმედი მაქვს. რაც მეტი ადამიანი შეიტყობს, მით მეტი შანსი მექნება.

ცოცხალი ადამიანი ვარ და არ მინდა ვიყო მარტო. არ მინდა დედაჩემი იყოს მარტო… თუ საქართველოში ვერავის ვიპოვი, დავიწყებ ძებნას საზღვარგარეთ.

 

ორიოდე სიტყვით, ჩემი დღევანდელი ყოფის შესახებაც გიამბობთ:

ვარ 41 წლის და ციხეში დღეში 3–ჯერ ვვარჯიშობ (კრივი, სირბილი, პრესი, სიმძიმეები), ყოველდღე ცივი წყლით ვბანაობ. როდესაც ვამბობ “ყოველდღე,” ეს ნიშნავს რომ მართლაც ყოველდღე ასე ხდება, მთელი წლის განმავლობაში და ეს არ არის ტრაბახი, არამედ, რეალობაა!

ციხეში ვმუშაობ კიდეც. ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არხებზე… ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს.

 

დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ჩემთვის ახლობელი გახდება, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვნო დამოუკიდებლად, რადგან შეზღუდული ვარ კომუნიკაციაში. მხოლოდ წერილების მოწერა შემიძლია და ზოგჯერ, ლიმიტირებული დროით დარეკვა. აბა, მეუღლეს როგორ იპოვნი ასე? მით უფრო ახლა, როცა ყველა გადასულია სოციალური ქსელებით ურთიერთობაზე, მე კი, წვდომა არ მაქვს ინტერნეტთან. იქნებ საზოგადოებამ ამ წერილით მაინც შეიტყოს, რომ მჭირდება სანდო და ერთგული ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს არც გარეგნობას და არც ბევრ სხვა წვრილმანს. მთავარია გული ჰქონდეს ადამიანის, იყოს სანდო. დამეთანმებით ალბათ, რომ ჩვენს დროში ასეთი ადამიანის პოვნა იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. მთავარია ეძებო და იპოვი!

იქნებ, რომელიმე სატელევიზიო არხს ისეთი გადაცემაც აქვს, რომელიც ადამიანებს ეხმარება ერთმანეთის გაცნობაში, ოჯახების შექმნაში. ადამიანი შეიძლება 13 წელი იყოს ციხეში და მაინც ადამიანად დარჩეს, ოჯახის შექმნაზე მაინც იფიქროს. მჯერა, რომ მიზანს მივაღწევ!

 

ხომ არიან ისეთები, ვინც მომავალთან დაკავშირებით ყველანაირი იმედი დაკარგა, ვინც ფიქრობს, რომ არავის სჭირდება? ზუსტად მათ მინდა ვუთხრა, რომ მე – უვადო პატიმარმა – არ დავკარგე იმედი. მასაც შემიძლია დავეხმარო და ბედნიერება მივანიჭო. მთავარია გამომეხმაუროს, არ შეეშინდეს, გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი რომ გავიცნო და როგორმე დავამყარო მასთან კონტაქტი, თავიდან – მიმოწერით ან ზოგჯერ ხანმოკლე ზარით.

 

თუ ჩემი ოჯახის წევრად გახდომის მსურველი გამოჩნდება,

დაეკონტაქტოს დედაჩემს – ანჟელა არუთინიანს, რომელიც ციხეში ჩემთვის წერილის გადმოგზავნაში დაეხმარება. ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, 0159 ვაშლიჯვარი, კორპუსი 11, ბინა 35. ტელეფონი: 593 58–34–56 (საღამოს 6 საათის შემდეგ).

 

შენ, ჩემთვის აქამდე უცნობო ქალბატონო! თუ მიხვდები, რომ ის ხარ, ვისაც ვეძებ, გთხოვ, შეგვეხმიანე, გადადგი ეს ნაბიჯი, რაც არ უნდა რთული იყოს იგი! არც ჩემთვის იყო ადვილი ამ წერილის გამოქვეყნება! შენი მომავალი მხოლოდ შენ ხელშია, შენ უნდა გადაწყვიტო რა გელის წინ და არა სხვა ვინმემ!

 

ბატონო ზაზა, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას დახმარებისთვის და სიკეთისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.

 

მოკითხვა თქვენს კოლეგებს ჩემგან! პატივისცემით, იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი“, – ვკითხულობთ ზაზა დავითაიას facebook გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი