logo_geo
გელა ჩარკვიანი: ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს
- +

18 მაისი. 2019. 16:09

 

 

გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის:

 

„18 მაისი ნანას დაბადების დღეა!

 

ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება, მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.

 

ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო, ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა.

 

გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულელეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შეძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შეძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად.

 

იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს. ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“. Nevermore“,- წერს გელა ჩარკვიანი.

 

 

big_banner
არქივი