logo_geo
დავით სერგეენკოს კომენტარი „ფრესკოს“ თანამშრომლების განცხადებაზე
- +

9 თებერვალი. 2017. 14:46



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში „ბიბლუსისა" და „ფრესკოს" თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისინი მენეჯმენტს შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ეხმიანება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, რა მოქმედების არეალი აქვს შრომის ინსპექციას.


სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერი კომპანიის თანამშრომელს თუ ინდვივიდუალური შრომითი დავა აქვს, სასამართლოს უნდა მიმართოს, კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში კი - ჯანდაცვის სამინისტროს.


მინისტრის განცხადებით, „ბიბლუსის" შემთხვევაში, ინდივიდუალური შრომითი დავაა და მათ სასამართლოს უნდა მიმართონ. რაც შეეხება „ფრესკოს", მინისტრის თქმით, მაღაზიათა ქსელის არც ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

„იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ აამუშაოს თავისი მანდატი, რაც 2 მიმართულებით არის, ერთია მოქალაქეების ტრეფიკინგისგან დაცვა, მეორე შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი. ყველაფერს აქვს თავისი დადგენილი წესი, და ამ წესის მიხედვით, თუკი ეს არის შრომითი კოლექტიური დავა, ეს საერთოდ სხვა სამსახურია, ეს არის შრომითი დავების მედიაციის სამსახური, ასე რომ, თხოვნა მექნება, თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, ამის შესახებ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს, და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

როდესაც საუბარია შრომით უსაფრთხოებაზე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ შრომის ინსპექცია არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შრომით უსაფრთხოების საკითხებს მოაგვარებს და რატომღაც, სამინისტროს ჯიუტად არ სურს ამის დანახვა.

 

შრომის უსაფრთხოების 6-ეშელონიანი სისტემაა და შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი. არის ტექნიკური ზედამხედველობა და ა.შ. რაც შეეხება შრომით დავებს, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, რაც მხოლოდ ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე წლებია ვმუშაობთ და შევათანხმეთ ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებთან. შრომით დავას თავისი დეფინიცია აქვს და შრომის დავის მედიაციის ინიცირებასაც თავისი წესი და რიგი აქვს. ანონიმური ზარების გამო, რომ შრომის ინსპექციამ ან შრომის დავის მედიატორმა დაიწყოს ობიექტ-ობიექტ სიარული, წარმოუდგენელია. შრომითი დავების მედიაცია და შრომითი ინსპექციაც თავისი ფუნქციის მატარებელი ორგანოა, მაგრამ ისინი არ ჩაანაცველებენ სასამართლოს.

 

თუ ვინმეს, ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართოს სასამართლოს. ხოლო, თუ არის კოლექტიური შრომითი დავა, ამას აქვს თავისი პროტოკოლი და უნდა მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

big_banner
არქივი