logo_geo
გიორგი ფოფხაძე: შე მამაცხონებულო, თუ ასეთი არაპროფესიონალები იყვნენ, შენ არ მიიღე სამსახურში?
- +

10 თებერვალი. 2017. 11:32



„პირობას ვიძლევი, რომ ვიბრძოლებ ჟურნალისტების უფლებებისთვის „საზოგადოებრივ მაუწყებელში". პირობას ვიძლევი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ძველი მენეჯმენტის შესაცვლელად. ძალღონეს არ დავიშურებ მართლა რეიტინგული „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შექმნისთვის, სადაც თითოეული ჟურნალისტი, ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი იქნება დაფასებული", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წერს.


„ალბათ, ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანი ვიყავი, რომელიც მუდმივად ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობ ამ ტელევიზიის პრობლემებზე, მოვუწოდებდი და მოვუწოდებ მშვიდობიანი მანიფესტაციების, გაფიცვებისა და პროტესტისაკენ საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგრამ ასევე პირველი დავგმობ ნებისმიერ ძალადობას, შევარდნებს, ანარქიას, რადგან ჩვენ 90-იანი წლების მწარე გამოცდილება გვაქვს. კარგად გვახსოვს, რა შედეგიც მოგვცა მაშინ ტელევიზიაში შევარდნებმა და „ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა".

 

ამიტომ, არ შეიძლება ისევ იმ მდინარეში და მორევში შეცურვა, რომელმაც უკვე ერთხელ დაგვახრჩო.

 

ამასთანავე ტელევიზიაში („საზოგადოებრივი მაუწყებელი" ოფიციალურად სსიპ-ია) მიმდინარე მოვლენებზე, იმ ბაკქანალიის შექმნაზე, რასაც ახლა ვუყურებთ, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. როგორც მე ვიცი, პირველ რიგში პროტესტის გამომხატველთა აღშფოთება გამოიწვია მენეჯმენტის იმ წარმომადგენლის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად გამოჩენამ, რომელიც სწორედაც რომ ერთ-ერთ „კარმუშნიკად" მოიაზრება... დღეს ბევრი ჩემი კოლეგა და არა მარტო კოლეგა ზუსტად ამას მეუბნებოდა, ოპტიმიზაცია ჯერ ზუსტად აი, ამ ადამიანებიდანაა დასაწყები და არა ჟურნალისტებიდანო და საერთოდ, რომელ ატესტაციაზე გველაპარაკება მენეჯმენტი, როცა ის ჟურნალისტები, რომლებსაც თურმე ატესტაცია უნდა ჩაუტარდეს, ამ მენეჯმენტის მიერაა მიღებული სამსახურში... (შე მამაცხონებულო, თუ ასეთი არაპროფესიონალები იყვნენ, შენ არ მიიღე სამსახურში? მაშინ ჩაგეტარებინა ატესტაციაც და კონკურსიც, ჰოდა, თუ მაშინ შეცდი, ე. ი. არ ვარგიხარ და დაიხურე ქუდი და წადი, სანამ წაუბრძანებიხართ)... ამიტომ, მთავრობის პასუხისმგებლობა სახეზეა... მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მოვლენები გადავიდეს დიალოგის ფორმატში და ცივილიზებული პროტესტის ფორმებში", - წერს ფოფხაძე.




 

big_banner
არქივი