logo_geo
1930 წლის 6 ივნისს ივერი ფრანგიშვილი დაიბადა
- +

6 ივნისი. 2019. 17:07

 

1930 წლის 6 ივნისს დაიბადა ივერი ფრანგიშვილი - (1930-2006).

 

ცნობილი ქართველი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985), რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

 

ივერი ფრანგიშვილი დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში.

 

ივერი ფრანგიშვილი იყო რუსეთში მართვის სისტემების თეორიისა და ტექნიკის შემუშავების ერთ-ერთი ინიციატორი, 1985 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს გახდა საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში, 1992 წელს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ამავე დროს იყო მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.

 

ივერი ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისათვის; დიდმასშტაბიანი სისტემებისა და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება. მანვე დააფუძნა საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო–პრაქტიკული მიმართულება. მისი დიდი თანადგომით ჩაეყარა საფუძველი თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებს „ელვასა“ და „ალგორითმს“. მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეცნიერმა თავის მოწაფეებთან ერთად სხვადასხვა ბუნების მოძრავი ობიექტების გამოვლენისა და ამოცნობის ზოგად-სისტემურ კანონზომიერებათა პრინციპების შესწავლას მიუძღვნა. მათი კვლევების შედეგად გამოვლენილმა მეცნიერულმა აღმოჩენამ, რომელიც „ფონური პრინციპის“ სახელითაა ცნობილი, ფართო გამოყენება ჰპოვა ფსიქოლოგიის, მედიცინის, ბიოლოგიის, დაცვითი ტექნიკის წარმოებისა და სხვა თანამედროვე მიმართულებებში. ივერი ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგის რთული სისტემების მართვისათვის. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენის და 40 გამოგონებისა. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში ფართო აღიარება მოიპოვა. ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მისი უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. მეცნიერი დაინტერესებული იყო ადამიანისა და კოსმიური ძალების ურთიერთგავლენის ფენომენით. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მეცნიერება და რელიგია“, რომელიც უშუალოდ მისი ორგანიზებით ჩატარდა, წაიკითხა საინტერესო მოხსენება – „მეცნიერებისა და რელიგიის, ცოდნისა და რწმენის სისტემური ურთიერთობანი“. ივერი ფრანგიშვილი პარაფსიქოლოგიას XXI საუკუნის მეცნიერებად თვლიდა. მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტში იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამყაროს იდუმალი მოვლენების შემსწავლელ ლაბორატორიულ-კვლევით სამუშაოებს.

 

ივერი ფრანგიშვილი დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით (ორგზის) და მედლებით. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს რუსეთში.

 

ივერი ფრანგიშვილი 2006 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი