logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ვულოცავთ დიდებულ ადამიანს, პაატა მძინარაშვილს დაბადების დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს!
- +

10 ივნისი. 2019. 12:32

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„10 ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს ჩვენი მეგობარი, მხატვარ-არქიტექტორი, თეატრალური სპექტაკლების დამდგმელი მხატვარი, დიზაინერი, რამდენიმე ფესტივალის ლაურეატი, მრავალი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სახლის პროექტის ავტორი, კარგი პოეტი, იუმორისტული ჩანახატების ავტორი, კოლორიტული პიროვნება პაატა მძინარიშვილი.

 

დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, შემდეგ თსუ, სამხატვრო აკადემია დიზაინის განხრით. პაატა პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, „გალა გალერეის“ დამფუძნებელი.

 

ვულოცავთ ამ დიდებულ ადამიანს და ვუსურვებთ წარმატებებს!

 

ფოტოებზე წარმოდგენილია პაატას ნამუშევრები, სახლების პროექტები, აქვე გთავაზობთ მის რამდენიმე ლექსს.

 

*********

პაატა მძინარიშვილი

 

***

სიცოცხლის ხამი ვარ...

ვიცი რომ წამი ხარ...

მამღერე ბოლომდე...

ეს მიწა ცოტა ხანს

როგორმე ამიტანს...

ისე ნუ მომკლავ...

ისე ნუ წამიყვან...

 

***

ბროწეული

მალე შევა

მწიფობაში...

გადმოხეთქავს

ძუძუ - მკერდით

კაპილარებს...

აგერევათ

მერე ფეხი

ლამაზებო,

სიყვარულის

„გენერლებს“ და

„ადმირალებს“...

დაგეხვევათ

უცებ თავბრუ

სურვილებით,

ღამეებით

ნატანჯებს და

უძინარებს...

შემშურდება

ვის მკლავებზეც

დაეშვებით,

პირველ თოვლზე

ვინც დაკრიფავს

ყოჩივარდებს...

 

***

დღეს მოიწყინეს

ატმის რტოებმა,

მე მიყვარს შენში

განმარტოება,

აპრილი მიყვარს

შენში...

თვალებდახუჭულს

შენით განცხრომა,

სურნელი

შენით მდედრის,

ყველაფრისაგან

თავის დაღწევა,

მიყვარს

დამალვა შენში...

თეთრი ღილების

ლამის აწყვეტა,

აშვება

შენი მკერდის,

ყმუილი მგლის და

საკუთარი ხმა,

ასვლა

ზეცით და ზევით,

შენი თითების

კვალად დამჩნევა,

და არასოდეს

ძებნა ნაპირის,

მიყვარს

დაკარგვა შენში...

დღეს მოიწყინეს

ატმის რტოებმა,

მე მიყვარს შენში

განმარტოება,

დამალვა მიყვარს

შენში...

 

***

მე ყველა ქალის

თვალებში ვეძებ

ლოდინისაგან

დაღლილ შენს თვალებს...

აღარც კი მახსოვს

ეს მარამდენედ

მიმატოვე

შენ სამუდამოდ...

და მერამდენედ

მომენატრე

როგორც არასდროს...

ნაწვიმარ ქუჩას

დაუყვები

ბებერ ძაღლივით,

არაფრის გამო

სახლიდან რომ

გამოაგდებენ,

და ერთადერთი

ნაღდად ვიცი,

შენც იგივე გჭირს

სადღაც დამეძებ,

გენატრები,

სადღაც ხმაურობ...

დაგიწერ დღესაც

თეთრ ლექსს,

ოღონდ,

უსათაუროს...

 

***

- მოხვედი...?

- წვიმად მოხვედი ...?

- მე ფეხის ხმაზე

გიცანი...

- აქამდის საით იარე ...?

- ჩემთან დარჩები

სველ ტუჩით ...?

- თუ ისე

შემომიარე ...?

- ამდენი ცრემლი

სად კრიფე...?

- ესე სად

იდარდიანე...?

- მოდი

რაც გულში

სევდა გაქვს,

- იტირე

და იხმიანე...

-არ მომანატრო

თავი და

მალი-მალ

შემეხმიანე...

 

***

მიყვარხარ...!!!

 

და მერე,როგორ...!!!

ჩემო,

ბეღურა გოგოვ...

ყველა გაფრინდა,

ოღონდ,

შენ ისევ

ჩემთან ცხოვრობ...

ვიცი,

სულ მალე

მოთოვს

და მოფერებას

მომთხოვ,

წამოგახურებ მხრებზე

წითელ და

ყვითელ ფოთოლს...

ყურში

ჩურჩულით გეტყვი -

მიყვარხარ...!!!

და მერე, როგორ...!!!

ჩემო ერთგულო

ჩიტო...

ჩემო ბეღურა

გოგოვ...

 

***

რძე წვეთავს

ცვარად,

ხასხასა

ბალახს...

რატომღაც ისევ,

შემოდგომის

მაცმევენ

ხალათს...

არ მიკვირს უკვე

ეს ქარები

რამ გააგიჟა...

და საფერფლეში

ჩემი მტვერის,

ფერფლი

რომ ცვივა...

არ გადაიღებს

არასოდეს,

უკვე ეს წვიმა...

და გაზაფხულზეც

გაცრეცილი

ფოთლები მცვივა...

აღარ ვწერივარ

აღარც მკვდრებში,

აღარც ცოცხლებში...

უშენოდ მცივა,

მოვალ შენთან

სხვა რას მიშველის,

და კიდევ ერთხელ

ან მოვკვდები,

ან გავცოცხლდები...

არა, არ ვნანობ,

ანდა, რა მაქვს

სანანებელი...

გავცვალე ყველა

დიადემა,

მწვანე ბოთლებში...

ქალის სურნელი

ისევ მირევს

გაფანტულ ჭკუას,

ადექი ეხლა,

გამიშალე

ცაში ლოგინი,

შენი არ იყოს,

დავიღალე

ამდენ ლოდინით...

ვერ ვპატიობდი,

ვერასოდეს

კაცისგან ღალატს,

ვერც პოეზიას

ვერ დავარქმევ,

პროზას და

დრამას...

დაარიგე და

მე გავდივარ,

ვამთავრებ თამაშს...

რა ვქნა ,

ვერ გავცვლი

ვერასოდეს .

"ვალეტში" "დამას."...

აღაც ის მიკვირს,

გახეთქილი

გული რომ

დამაქვს...

შენ დაარიგე,

მე გავდივარ...

ვამთავრებ თამაშს...

 

***

ანასტასია ორლოვას...

 

ვსუნთქავ,

ნასუნთქ

ჰაერს შენსას...

შენში ვეძებ,

რაღაც ჩემსას...

მგონი,

მაგ თვალებით

მგევხარ...

მგონი,

ცოტა

შენში მეც ვარ...

გევხარ,

მოჭიკჭიკე

მერცხალს...

ჩემი,

ჩაუსვლელი

მზე ხარ...

შენ რომ

თავს მომადებ,

ბაბუ,

გული,

ჩიტის გულად

ფეთქავს...

ისე არ მინდოდა

წასვლა,

"მიყვარხარო"

რომ არ გეთქვა...

მე გიტოვებ,

ლოვცავას ჩემსას...

მუხის ფესვზე,

ნატვრის ხეს და...

ყურზე,

ალუბლების ყუნწით,

ღმერთმა

კენწეროზე შეგსვას...

ვსუნთქავ,

ნასუნთქ

ჰაერს შენსას...

გული,

ჩიტის გულად

ფეთქავს...

 

***

მომენატრა

ის წვიმა,

სახლში

რომ არ

გაგიშვა...

მერე,

თეთრი აფრები,

ყველა გემზე

აიშვა...

მე არ მინდა

სხვა წვიმა,

მინდა

რომ არ გაგიშვა...

წვიმით,

როგორ არა წვიმს,

კი წვიმს,

მაგრამ,

რად გინდა...

 

***

მინდიხარ...

ო, როგორ მინდიხარ...

ფიქრი ხარ და ლურჯი ბალახი...

ბინდი ხარ ზღაპარში ნანახი...

ჩამაცვით მე გიჟის ხალათი...

მინდიხარ...

ო, როგორ მინდიხარ...

ყელს ავყვე მფეთქავს და ვნებიანს...

ყურის ძირს ვსუნთქავდე ხმაურით...

ჩიტი ხარ - პატარა ნიბლია...

უბეში გიხუტო როდემდის...?

მახსოვხარ ყაყაჩოს მინდვრიდან,

გულაღმა ცურავდი ლელიანს...

და სანამ მე სული მიდგია

არ მინდა შენს გარდა არავინ...

მინდიხარ...

ო, როგორ მინდიხარ...

ჩამაცვით მე გიჟის ხალათი...

არ მინდა შენს გარდა...არ მინდა...

არ მინდა შენს გარდა არავინ...“ - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი