logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: ხვალ ბაგრატის ტაძარი სამუდამოდ გულში ჩაგიკრავს, მშვიდობით, ძვირფასო მეუფევ..
- +

22 ივნისი. 2019. 14:50

 

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მშვიდობით, მეუფევ...

 

23 ივნისს საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს დედა-ეკლესიის წმიდა სინოდის უხუცეს წევრს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს, ვიცოდი, რომ უკურნებელ სენს ებრძოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება.

 

მეუფე კალისტრატე 1983 წელს გავიცანი, როდესაც უწმიდესი პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიონის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, მისი ღვაწლით სიონის ტაძარს მიაშენეს ვახტანგ გორგასალის პატარა ეკლესია, სულ მალე იგი გახდა ქუთათელ-გაენათელი მღვდელმთავარი, ვესწრებოდი მეუფის საზეიმო კურთხევას. ამ დროს ეპარქიაში შედიოდა ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხონის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ვანის, ბაღდათის რაიონები. მეუფე შეუდგა ეპარქიის აღორძინების რთულ, წინააღმდეგობრივ გზას, 36 წელი ხელმძღვანელობდა უძველეს და გამორჩეულ ეპარქიას, ბევრი, ძალიან ბევრი გააკეთა ეპარქიის აღორძინებისათვის, ჰყავდა ოპონენტებიც, მაგრამ უფრო მეტი მხარდამჭერები, დედა-ეკლესიისაგან მიღებული ჰქონდა ყველა ჯილდო და პატივი, მაგრამ მისი ღვაწლის ყველაზე დიდი საზომი არის ის საყოველთაო მწუხარება და სიყვარული, რომელსაც სრულიად საქართველო, მისი ეპარქია ამ დღეებში გამოხატავს.

 

ყოველწლიურად, მაისში თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან ერთად ვსტუმრობდი მეუფე კალისტრატეს, ვგრძნობდი, გულწრფელად უხაროდა, ვსაუბრობდით წარსულზე და აწმყოზე, იგი საქართველოს ეკლესიის ცოცხალი, თავშეკავებული მატიანე იყო, რამდენიმე წლის წინ დაბადების დღეზე თავის სტიქაროსანს და ჩემს დოქტორანტს ვარდების დიდი თაიგული გამოატანა - „ვარდოსანიძეს ვარდები ვარდისუბნელისაგანო“...

 

ძვირფას სახსოვრად დამრჩება მისი ნაჩუქარი ღვთისმშობლის და წმიდა ნინოს ხატები, მისი საოცარი სითბო და სიყვარული...

 

ხვალ თქვენგან აღდგენილი ბაგრატის ტაძარი სამუდამოდ გულში ჩაგიკრავს, ჩვენ ტკივილის და სინანულის ცრემლებით გაგაცილებთ, მშვიდობით, ძვირფასო მეუფევ...“ - წერს ვარდოსანიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი