ჟურნალისტი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან საინტერესო ამბავი გამოიკვეთა! დაკავებულთაგან ერთ-ერთი - ცოტნე სოსელია წარსულში რამდენიმეჯერ იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო. ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი დაკავებული, კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან... და ესენი აპროტესტებდნენ გავრილოვის სკამზე ტრ...ის ჩამოდებას და ოკუპაციას?“ - წერს თვალაძე.
შეგახსენებთ, პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. დაკავებულები არიან 1987 წელს დაბადებული ზ.ბ., 1980 წელს დაბადებული კ.კ., 1994 წელს დაბადებული ც.ს. და 1974 წელს დაბადებული ბ. თ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.