logo_geo
1879 წლის 7 ივლისს ქართველი მწერალი ჭოლა ლომთათიძე დაიბადა
- +

7 ივლისი. 2019. 17:35

 

„140 წლის წინათ, 1879 წლის 7 ივლისს ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე ბიკენტი (ჭოლა) ლომთათიძე დაიბადა (1879-1915)“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჭოლა ლომთათიძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ მეწიეთში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდებოდა, ბიბონი ძირითადად ოჯახს ვაჭრობით არჩენდა. ჭოლა 9 წლის ასაკში დედით დაობლდა. დედა - ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი, ჭლექით გარდაიცვალა. ბიბონმა მალე მეორე ცოლი შეირთო, ჭოლას არ უყვარდა დედინაცვალთან ცხოვრება და მეწიეთში ბიძასთან, ლავრენტისთან გადავიდა, დედობრივ მზრუნველობას კი ბიცოლა, ლასე ელიაძე უწევდა. სწავლობდა სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ შევიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამო თავი დაანება სწავლას და მუშაობა დაიწყო ხიდისთავის ბიბლიოთეკაში.

 

1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევოლუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა მიტროფანე ლაღიძის ლიმონათის ქარხანაში, 1903 წლიდან კი გაზეთ „კვალის“ რედაქციის თანამშრომელია. ამავე წელს გახდა რსდმ პარტიის წევრი, 1906 წელს აირჩიეს პარტიის IV გამაერთიანებელი ყრილობის დელეგატად გურიიდან.

 

სამწერლო ასპარეზზე ჭოლა ლომთათიძე გამოვიდა 1901 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“. მწერლის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში წარმოჩინდა ავტორის შემოქმედებით ინტერესთა ფართო სპექტრი - სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა და სხვა. ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები („დავითი“, „ზღვა“, „აღსარება“, „სიცრუე“, „კვლავ ფიქრი, ფიქრი“) 1905 წელს გამოქვეყნდა.

 

ქალაქ ნოვოროსიისკში ჭოლამ გაიცნო ოდესელი ებრაელის ბენიამინ გიდერინსკის ქალიშვილი, ცილია გიდერინსკაია, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და 1904 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ცილია ქრისტიანად მოინათლა და მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ცილია გიდერინსკაიასთან ჭოლას შეეძინა ვაჟი – ჭოლიკო, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად. ამ ხნის მანძილზე ჭოლა მუდამ პატიმრობაში იყო.

 

1906 წელს, დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის, ლავრენტის სახლში. მასთან ერთად იყო ასევე რევოლუციონერი და დევნილი იოსებ ჯუღაშვილი, ისინი ტყეში გაიხიზნენ, სადაც ერთი კვირა დაჰყვეს, სურსათ-სანოვაგით მათ ჭოლას ბიცოლა ლასე ამარაგებდა.

 

1907 წლის 20 თებერვალს ჭოლა ლომთათიძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატად აირჩიეს ქუთაისის გუბერნიიდან. იმავე წლის 3 ივნისს მთავრობამ სათათბირო დაითხოვა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 55 წევრი, მათ შორის ჭოლა ლომთათიძეც, გაასამართლეს. მიუსაჯეს 5-წლიანი კატორღა.

 

რევოლუციონერის ბობოქარმა ცხოვრებამ იგი ერთხანს განარიდა ლიტერატურულ სარბიელს, მაგრამ 1907 წლიდან იწყება მეორე პერიოდი, როცა პატიმრობაში, მძიმედ დაავადებული უბრუნდება თავის საყვარელ შემოქმედებას და ქართულ მწერლობას ამდიდრებს ახალი ნაწარმოებით. 1907 წელს გამოქვეყნდა „სახრჩობელას წინაშე“, „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“, „დუმილი“, „მოღალატე“, „უბედური“ და სხვა.

 

1911 წელს ჭოლას გაეყარა მეუღლე ცილია, რომელიც ქმართან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა მისი დაპატიმრების შემდეგ, ის ბოლშევიკური პარტიის წევრ რუბენ კატანიანზე დაქორწინდა და საქართველო დატოვა, თან წაიყვანა შვილიც – ჭოლიკო, რომელიც ახალი ქმრის გვარზე გადაიყვანა. 1937 წელს, რეპრესიების დროს, ჭოლიკო კატანიანს დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა ცილიამ მოახერხა და ქვეყნის პირველ პირს, ჭოლას ძველ მეგობარს, სტალინს შეატყობინა ამის შესახებ, ჭოლიკოს დახვრეტა მცირე ხნით გადასახლებით შეუცვალეს.

 

ჭოლა ლომთათიძე, მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული, 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქვე გარდაიცვალა 1915 წლის 5 ნოემბერს.

 

მოსკოვის სახელმწიფო დუმის წევრის აკაკი ჩხენკელის და ქართველი სოციალ-დემოკრატების თაოსნობით ჭოლას ნეშტი თბილისში გადმოასვენეს, სადაც მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო. ჭოლა ლომთათიძე უზარმაზარი პროცესიის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი