logo_geo
1959 წლის 7 ივლისს ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე მიქელ პატარიძე გარდაიცვალა
- +

7 ივლისი. 2019. 17:39

 

„60 წლის წინათ, 1959 წლის 7 ივლისს ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე მიქელ პატარიძე ბაღდათში გარდაიცვალა (1895-1959)“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„დაიბადა 1895 წლის 5 აპრილს, ქუთაისში. 1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი კეკელიძესა და მის თანამოსაგრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის. იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი. საზოგადოება „შევარდენი“, სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას, როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი.

პარალელურად მ. პატარიძე ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. მართალია, მისი უპირველესი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე პოეზია იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო აქ ჯეროვანი კვალი ვერ დატოვა, რასაც მწვავედ განიცდიდა. მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში ჰპოვა. მწერალმა დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები - პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი, ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები. მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი. პატარიძისეული თარგმანებით დამკვიდრდა ქართულ პოეზიაში შესანიშნავი ფრანგი პოეტი ჟ.მ. ერედია „ტროფეებით“. აქ სრულად გამოვლინდა მთარგმნელის უზადო პოეტური შესაძლებლობანი და დახვეწილი გემოვნება. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოდლერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მ. პატარიძის დამსახურება ვლადიმირ მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია. ასევე დიდი ღვაწლი დასდო გამოჩენილი რუსი პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში, სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი