logo_geo
„მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით“- ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე, საქართველოს ეროვნული გმირი
- +

23 ივლისი. 2019. 16:55

 

 

ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით“- ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე, საქართველოს ეროვნული გმირი.

 

1918-1921 წლებში ვალოდია გოგუაძე იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური. დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა საქართველოს ყოველი მხრიდან უტევდნენ, გოგუაძის ჯავშანმატარებლები იცავდნენ სამშობლოს საზღვრებს შიდა თუ გარე მტრებისაგან. მასთან ერთად იბრძოდნენ მისი ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი - რომელიც ერთ-ერთ ჯავშნოსანს მეთაურობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯავშანმატარებელთა რაზმში ირიცხებოდა ვალოდიას ცოლი ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ იმდენად შეუყვარდა მასზე 11 წლით უფროსი რაინდი, რომ სწავლა მიატოვა და 1919 წლიდან მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა.

 

ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასი ჯარისკაცით სავსე ეშელონების თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა.

 

განსაკუთრებული გმირობა გოგუაძის რაზმმა გამოიჩინა 1918 წლის იანვარ-მარტში აჭარასა და გურიაში შეჭრილი ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

1918 წ. 13 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით ოსმალური სამხედრო შენაერთების მდინარე ჩოლოქზე შეჩერების გამო, გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს. ყრილობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - გოგუაძისთვის „რევოლუციის პირველი გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ.

 

გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებლით მონაწილეობდა მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში. მათ შორის, სამხედრო ნაწილების ამბოხების ჩახშობაში ქუთაისსა და თელავში (1918 წ. თებერვალი), ბორჩალოს მაზრაში (1918 წ. ივნისი), სომხეთთან ომში (1918 წ. დეკემბერი).

 

სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დროს გოგუაძე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

 

საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებერვალი) მძიმედ დაჭრილი ვალოდია მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას მეუღლეც შეუერთდა. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ, 1923 წელს, პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

 

„1918 წლის 8 აპრილი-ჩოლოქის ბრძოლა“

 

მზვერავებმა ამბავი მოიტანეს, თურქების შვიდიათასკაციანი გალიპოლის დივიზია ჩოლოქის ხიდთან დაბანაკდა და ხვალ შეტევისთვის ემზადებიანო, გენერალმა მაზნიაშვილმა ვალოდია გოგუაძე გამოიძახა და უბრძანა - რადგან ძალები არასაკმარისი გვყავს, მდინარე სუფსის იქით უნდა დავიხიოთ, შენი ჯავშნოსანით არიერგარდში (ანუ, სულ უკან) უნდა ჩადგე, რომ მოულოდნელი თავდასხმებისგან დაგვიცვა, ხოლო როდესაც სუფსას გადავლახავთ, ყველა ხიდი უნდა ააფეთქო და შემოგვიერთდეო.

 

პასუხად გოგუაძემ ფანტასტიკური გეგმა შესთავაზა, - მტრის პოზიციაში შევიჭრები მატარებლით და გავანადგურებო, რაზეც ცხადია, თავიდან უარი მიიღო, მაგრამ მერე დაარწმუნა გენერალი, არიერგარდში ჩამდგარს უფრო ადვილად გამანადგურებს მტრის არტილერიაო. გადაწყდა: გოგუაძე თავისი 90 კაცით 7000 თურქის წინააღმდეგ!!!

 

გოგუაძე ჯავშნოსანზე დაბრუნდა და თავის „მხედრებს“ (ასე ეძახდა) მიმართა: - მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს და გენერალთან დაბრუნდეს პოზიციებზე, არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებითო! ისიც უნდა ითქვას, რომ გოგუაძის რაზმში ძირითადად მისი მეგობრები და ნათესავები, ახლო-მახლო სოფლების მკვიდრი ხალხი იყო (მათ შორის მისი სამი ძმა) და მათთვის სუფსის იქით პოზიციების დაკავება მხოლოდ „სტრატეგიული უკან დახევა“ არ იყო.

 

ყველა „მხედარი“ დარჩა „რკინის მერანზე“, დილის ბრძოლისათვის იარაღი მოამზადეს, მატარებლის მექანიზმები დაზეთეს; გიორგის ჯვრის კავალერი გობრონიძე თავისი ჯგუფით დასაზვერად გავიდა და მალე მტრის ზუსტი განლაგების ამბავი მოიტანა.

 

დილის ხუთ საათზე ტყიდან გაშლილ ადგილზე ურჩხულივით „გამობობღდა“ ჯავშნოსანი და გაჩერდა. გოგუაძემ ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა მოწინააღმდეგეს, თითქოს შეცდომით მოხვდა მტრის ბანაკში და ნებდებოდა.

 

ჯერ რამდენიმე თურქი გამოძვრა საფრიდან და მიუახლოვდა ამ ახალ „ტროას ცხენს“, მერე დანარჩენებიც გამოეფინნენ და ატეხეს ყარყაში; ჩარაზულ კარში ვერ შედიოდნენ, ამიტომ ზოგი საფეხურებზე აცოცდა და ტყვიამფრქვევების ლულებს ჩამოეკიდა; თან ყვიროდნენ: „თაალიმ, გოგვაძე“ (დაგვნებდი, გოგუაძე)! და სწორედ ამ დროს ყველა ტყვიამფრქვევმა ერთად „ამოიდგა ენა“! ასკერებში თავიდან დაიბნენ და ტყისკენ გაქცევაც ვერ მოახერხეს, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს, საფრებს მიაშურეს და გააფთრებით შემოუტიეს, მაგრამ ყველგან მისწვდათ გოგუაძის რაზმელების ტყვია.

 

საარაკო გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა - იგი გარეთ იყო და იქიდან აძლევდა ნიშანს მემანქანეს, რომელი პოზიცია დაეკავებინა. ეს კაცი ერთადერთი იყო, ვისაც გამხეცებული თურქები ხედავდნენ; სულ მალე სასიკვდილოდ დაჭრილ-დაცხრილული ობერკონდუქტორი თანამებრძოლებმა ვაგონში აიყვანეს. მტერმა არტილერია ჩართო საქმეში, მაგრამ ჯავშნოსანს კარგა ხანს ვერაფერი დააკლო - მხოლოდ 11 საათზე (ანუ ბრძოლის დაწყებიდან 6 საათის შემდეგ!) გადავიდა რელსებიდან წინა ვაგონი. ამბის გასაგებად ხოხვით წასული სამი ჯარისკაცი დაიჭრა და იქით თავად გოგუაძე წავიდა;

 

ისიც დაჭრეს, მაგრამ მიაღწია დაზიანებულ ვაგონამდე - 25 კაციდან მხოლოდ თავისი ძმა, ნოე დახვდა საღ-სალამათი და მას უბრძანა, უკანა ვაგონისთვის ხმა მიეწვდინა, ცეცხლი წინ მოემართათ, რათა დაჭრილთა გამოყვანა შესძლებოდათ. ნოე მაშინვე დაიჭრა, როგორც კი მიწაზე დადგა ფეხი, მაგრამ უკანა ვაგონამდე მაინც მიაღწია, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა - იქ ტყვიამფრქვევები უკვე გადახურებული და უფუნქციო იყო...

 

მტერმა დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით საბოლოო იერიში მოიტანა; ჯავშნოსნის მეთაურს ბოლო იმედიც გადაეწურა - ალბათ, მაზნიაშვილთან დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძეც დაიღუპაო და ერთადერთი, ყველა თანამებრძოლთან წინასწარ შეთანხმებული გამოსავალი დარჩა: 150 კილოგრამი პიროქსილისაგან დამზადებული ბომბის აფეთქებას ღილაკზე („ფოლაქზე“ - როგორც თვითონ გოგუაძე წერს) თითის ერთი დაჭერა უნდოდა და ჯავშნოსნისა და მისი „მხედრებისაგან“ მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევებიღა შერჩებოდა. - მაინც მენანებოდა სიცოცხლე, უკანასკნელად მოვავლე თვალი მშობლიური ბუნების სილამაზეს და „ფოლაქს“ ხელი დავაჭირეო, - იგონებს გოგუაძე...

 

უფალმა არ გაიმეტა სამშობლოსათვის თავგანწირული გმირები: მტრის ტყვიას პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაეწყვიტა და, რაც მთავარია, ურუშაძეს მაზნიაშვილამდე მიეღწია - გენერალი გორის გვარდიის ოთხასკაციანი რაზმით და კახელი მოხალისეებით გამოჩნდა ბრძოლის ველზე მეორე ჯავშნოსნით და დამფრთხალმა თურქებმა ქობულეთისკენ მოუსვეს.

 

ამ ბრძოლაში თურქებმა დიდი დანაკარგი განიცადეს - ათასი (!!!) კაცი მხოლოდ მოკლული დატოვეს ბრძოლის ველზე და ერთი ამდენი დაჭრილი ქობულეთში ჩაიყვანეს!

 

რამდენიმე დღეში ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოცხადდა და ვალოდია გოგუაძეს საზეიმო ვითარებაში მიანიჭეს გმირის წოდება!“ - წერს სივსივაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი