logo_geo
“ვულოცავთ მარინა თექთუმანიძეს დაბადების დღეს... ეს ორი ამბავი არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ფიქრისთვის, განსჯისთვის...„
- +

1 აგვისტო. 2019. 01:04

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

ვულოცავთ!

დღეს, 31 ივლისს, დაბადების დღე აქვს ჩვენს მეგობარს, ჟურნალისტს, პოეტსა და პროზაიკოსს, საქართველოს ჟურნალისტთა შერმოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარეს 
მარინა თექთუმანიძეს.


მე მისი ასაკისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გეტყვით სრულიად საიდუმლოდ, რომ მარინა მახსოვს ბელინსკის ქუჩიდან, როცა მე ახალგაზრდა კომუნისტში ვმუშაობდი, სკი ნორჩი ლენინელის (შემდგომში ნერგების) რედაქციაში. ის მაშინ პატარა იყო. ახლა ცოტა გაიზარდა, ამბობენ, შვილიშვილებიც ჰყავსო. აბა, გარბის დრო, გარბის. გარბის და გაიქეს, მთავარია, ჩვენ არ გავყვეთ იმ დროს და დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვიყავით - ახალგაზრდული შემართებით, ენერგიით სავსენი, ლამაზები და შეუპოვრები.

 

სწორედ ასეთია დღესაც მარინა. მახსოვს, მცირე ხნით ემიგრაციაშიც წავიდა, მაგრამ ვერ გაედევნა დროს და ისევ დაბრუნდა. მარინა თავისი ლექსებით, თავისი წიგნებით გვახალისებს და თავის გმირებთან ერთად ხან ბავშვობაში გვაბრუნებს, ხანაც დღევანდელობას შეგვახსენებს.
ვულოცავთ მარინას დაბადების დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ!

___________
მარინა თექთუმანიძე

"შერიგება"

"უნდა შერიგდეთ"-დამიწესეს მეგობრებმა,
წრიალებენ, როცა ორივეს ერთად გვხვდებიან...
მეც შეგირიგდი,
უფრო სწორად, წარმოვიდგინე, როგორ შევრიგდით:
ბოდიშს მოიხდი,რომ მაწყენინე,
ბოდიშს მოვიხდი, რომ გაწყენინე...
ჩემი ბოდიში იქნება თავის მოკატუნება,
ვინაიდან სულაც არა ვთვლი თავს დამნაშავედ.
შენ ამას ისე შეიფერებ,როგორც მართალი
და დავცილდებით ასე ''მშვიდად", "შერიგებულნი".
ოღონდ მომავლის გარეშე,
ოღონდ სიმართლის გარეშე,
ოღონდ სიყვარულის გარეშე,
ოღონდ ღირსების გარეშე...
და ყველანი დამშვიდდებიან ამ "შერიგებით".
მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება,
ნაცარი როგორ შევაყარეთ თვალში ახლობლებს...

***
დედის მონოლოგი

ჩამოჯექ, შვილო, მინდა იცოდე,
რა და როგორ გადავიტანე...
იყო მაყრული, 
იყო სეფა,
იყო ჩოხები,
ქართული კაბა,
დალოცვები
და ცაზე
მაღალ სიყვარულს-საესავს
სულს ვუბერავდი
ისე, როგორც ბაბუაწვერას,
რომ ჩემი დიდი სიყვარული
წილხვდომოდა 
არამარტო ქმარს, 
ყველა ნათესავს...
სიყვარულის ყველაზე დიდი ნათელი
ჩუმად მქონდა გადანახული
და შენს მოსვლას
ველოდებოდი...
მერე გამოჩნდი
და ცაც განათდა...
თუმცა ნათებამ, 
შავი ლაქებიც მოიყოლა, 
გადაავსო ჩემი ცხოვრება...
შავი ლაქები-ღამურები აჩნდებოდნენ
სულს და სხეულსაც
და უვარსკვლავო ღამეს
ჰგავდა ჩემი დღე-ღამე!..
მიზეზი კი ათასი იყო...
თავის შველა არ იყო გვიან!
და რამდენჯერაც
შენს ბუთქუნა
ლოყებს ვკოცნიდი,
იმდენჯერ საშველს
მხოლოდ შენში ვპოულობდი,
შენში ვაგებდი, 
ყველაზე მაღალ და
მიუვალ თავშესაფარს
მხოლოდ ორისთვის,
ჩემთვის და შენთვის!
მერე რა თუ ადრე დავბერდი,
მერე რა თუ ნაირ-ნაირმა
ავადობამ ნაადრევად თავი იჩინა,
მერე რა თუ სულ მთლად
უცხო გახდა კაცი რომელსაც მამაშენი ერქვა ოდესღაც...
მერე რა თუ მან გაბედა და მიგატოვა, 
მე კი ვერა, ვერ გაგიმეტე...
მერე რა თუ შენზე მეტად,
ვერც ვერავინ 
ვერ შევიყვარე...
სამაგიეროდ შენ დადიხარ
ბავშვობალაღი
და დედის უპეში
გაჩენილ წვრილ-წვრილ ხაზებში
შენი დედიანი ბავშვობის
ლამაზ სტრიქონს კითხულობ...

***
ბელა ალანიას

კარზე ზარია,
ძველებურად 
აჩქარდა პულსი...
ისე ჩქარობ, რომ შვილებს ასწრებ
იმ ზღურბლთან მისვლას,
რომლის მიღმა დგას მამაკაცი,
ვის თვალებშიც ყოველთვის პოულობ გოგოს,
ვისაც, 
მის დანახვაზე,
ბაგეზე ღიღილოები უყვავდებოდა,
თვალებში კი
სიყვარულის ყველა ლეგენდა ეღვრებოდა,
დედამიწაზე რაც კი შექმნილა...
და თუ შვილებმა 
მიგასწრეს ზარის ხმასთან,
ახლა
მისი თვალები დაგეძებენ გაფაციცებით,
ისევე, როგორც ბევრი წლის წინათ...
წლები გადის და 
ფიქრისაც გეშინია,
ვაითუ ისეთი დრო მოვიდეს,
მთიულეთის მოწმენდილ ცაზე
ერთად ვეღარ დაითვალოთ 
ღმერთის ტერფის ნაკვალევები-
უამრავი დიდი მურიცხი...
გეშინია,
რომ გათენდეს ერთი ცუდი დღე, 
ორშაბათი,
ან სამშაბათი,
ანდაც ჟაშხა დღე,
და კარზე აღარ დარეკოს კაცმა...
ანდა ვინ იცის,
იქნებ ერთ დღეს 
გაფაციცებით მძებნელმა მისმა თვალებმა
შენ ვერ გიპოვონ...
ეს ამბავი კი
შეურთდეს დედამიწის ყველა ლეგენდას,
რაც კი ოდესმე დაწერილა დიდ სიყვარულზე...

***
დედა და ბებია შეთქმულებივით ჩურჩულებენ...
შიგადაშიგ თვალს შემავლებენ...
შიშობენ, ყური არ მოვკრა...
"
ეთი ოსური" მაინც მესმის,
ვიცი, ვისაც გულისხმობენ...
"
ეთი ოსური" ლამაზი ქალია,
ყელმოღერებული დადის ჩვენს ქუჩაზე...
"
ეთი ოსური" მამაჩემის თანაკლასელია...
"
ეთი ოსური" დედას ეჯავრება, იმიტომ რომ მამას უყვარს,
"
ეთი ოსური" მეც მეჯავრება, იმიტომ, რომ დედას ეჯავრება.
"
ეთი ოსური" ჩემს დასაც ეჯავრება, ჩემს ბებიასაც...
მხოლოდ მამას უყვარს "ეთი ოსური"...
მამას ერთი ფოტოსურათი ჩუმად აქვს შენახული.
იმ სურათს, დღეს, მე ვინახავ.
მამა და "ეთი ოსური" პატარები არიან ამ სურათზე...
მათ ერთმანეთი ამ სურათში უკვე უყვართ...
დედა და ბებია გვიმალავენ, მაგრამ მე და ჩემმა დამ ვიცით,
ამ ქალს უბედურება მოაქვს ჩვენთვის...
ჩვენ გავიზარდეთ...
დედა მამას ატყუებს: - იცი. ის ქალი მოკვდა!
მამის ცრემლები დღესაც გულს მიკუმშავს...
-
იცი. ის კაცი მოკვდა, - სიმართლეს ეუბნებიან (ეთი ოსურს)...
იმ ქალის ქვითინი დღემდე მატირებს...
აღარც დედაა.... აღარც მამა...
აღარც სიძულვილი... აღარც ეჭვიანობა...
დღესაც დადის ჩვენს ქუჩაზე ლამაზი ქალი...
აღარ მძულს, მიყვარს...
მამა უყვარდა, მამას - უყვარდა...
მამას ვინც უყვარდა, ის მეც მიყვარს...
ეს სიყვარული, მაპატიე, დედა!!!

***
ეს ორი ამბავი ჩემმა ახლობელმა მიამბო დღეს და არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ ფიქრისთვის, განსჯისთვის...

ამბავი პირველი

თელეთში, ტექნიკუმის ფანჯრის ქვეშ მერცხლებს ბუდე ჰქონიათ მოწყობილი. ერთ დღეს მათ ბუდეში ბეღურა შეფრენილა. მთელი ოჯახი დასხმია თავს ბეღურას, მაგრამ ვერ გამოუძევებიათ.- მერე ყველა მერცხალი სადღაც გაფრინდა და, რომ დაბრუნდნენ, შევამჩნიე, ნისკარტებით ბალახ-ბულახი მოჰქონდათო, მითხრა ჩემმა ახლობელმა. - ბუდის შესასვლელი ამოქოლეს ელვის სისწრაფით და ბეღურა შიგ გამოამწყვდიეს. ასე იძიეს შური წართმეული ბუდის გამოო...
დასკვნა: თავად მე, როგორც ადამიანი, ყოველთვის პატიების მომხრე ვარ, მაგრამ დღეს, ამ ამბის მოსმენის მერე, პირველად დავეჭვდი საკუთარი მოსაზრების სისწორეში.

ამბავი მეორე

ვაკეში, ერთი შენობის თავზე მავთულის ბადე ყოფილა შემოვლებული. ერთ დღეს მერცხლების პატარა გუნდი მოფრენილა შენობასთან და ერთი მერცხალი თავით გაჭედილა მავთულებში. საცოდავად ფართხალებდა თურმე, მერცხლებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. მერე გაფრენილან და ცოტა ხანში უკან უამრავი მერცხალი მობრუნებულა. ათასზე მეტი იქნებოდა თურმე. მთელი გუნდი ეჯახებოდა ბადეს, რომ თანამოძმე როგორმე დაეხსნათ და არაფერი გამოსდიოდათ. რამდენჯერმე უცდიათ. ამ სანახაობას უამრავი ადამიანი უყურებდა. მერე, იმ კორპუსში მცხოვრებ ერთ ახალგაზრდას სახურავიდან ჯოხის საშუალებით მოუხერხებია მერცხლის გათავისუფლება....

დასკვნა: რა კარგი იქნებოდა, ქართველებსაც ასეთი ერთიანობის და თანადგომის განცდა რომ გვქონდეს- წერს ბუთურიშვილი.


 

big_banner
არქივი