logo_geo
ირმა ინაშვილი: პატარა მავნებლის ქება და მისი დანაშაულის დაფარვა ბოლოს მოდურად იქცა... არადა, ყველამ იცოდა სიმართლე...
- +

17 აგვისტო. 2019. 16:31

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ურეკში ვისვენებთ ბებიასთან ერთად. 70- იანი წლებია. მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობს. ისინიც დამსვენებლები არიან. საინტერესო ტიპაჟებია. მათი უცნაური ჰაბიტუსები ახლაც მახსოვს. მამას „ვოლგა“ ჰყავს, დედას ყველა თითზე ოქროს ბეჭედი უკეთია, გიტარაზე კარგად უკრავს, სხვათა შორის. პატარა ბიჭი ჰყავთ, ჩვენზე ასაკით პატარა, ასე 6-7 წლის. ისეთი მავნებელია, გარშემო ყველაფერი გაანადგურა, ყვავილები ქოთნიდან ამოთხარა, ქოთნები დალეწა. დამსვენებელი გოგონას ველოსიპედს ბორბალი გაუჭრა, სახლის მეპატრონეს პანღური ამოარტყა, მოკლედ, საშინელებაა. ამ პატარა მავნებელმა თავისი ქცევით გარშემო ყველა დაიმორჩილა: მშობლები არასდროს აძლევდნენ შენიშვნას, პირიქით, ცუდ საქციელს მუდამ უწონებდნენ... მეზობლები ერიდებოდნენ, - ჩვენც პანღური არ ამოგვარტყასო, ბავშვები მის დანახვაზე გარბოდნენ და სხვაგან თამაშობდნენ. პატარა მავნებელი ამგვარმა გარემომ კიდევ უფრო წააქეზა. იმას კი არ ფიქრობდა, რომ ადამიანები ერიდებოდნენ, თვლიდა, რომ ყველაზე ძლიერია, ყველა დაიმორჩილა და ამით სიამოვნების მწვერვალზე იჯდა. ერთხელ პატარა მავნებელმა სახლის მეპატრონის ღობეს ცეცხლი წაუკიდა, დარბოდა ეზოში და ყვიროდა, - „პაჟარნიკებს“ დაურეკეთ, „პაჟარნიკებს“, ატყდა ვაი-უშველებელი. მოვიდა მილიციის „კანარეიკაც“. ჰოდა, საოცრება: პატარა მავნებლის დედა მილიციელს არწმუნებს, ხანძარი თავისით გაჩნდა და ჩემი შვილი წყალს ასხამდა, რომ ჩაექროო, ნორჩი გმირიაო, ამაზე სტატია უნდა დაიწეროს გაზეთშიო. თვითონ ეს პატარა მავნებელიც იდგა გაღიმებული და დედის ტყუილს ურცხვად იფერებდა. წავიდა მილიცია და პატარა მავნებლის დედა მეზობლებს ეუბნება, - ახლა კარგად მომისმინეთ: ჩემი შვილი გმირია, ცეცხლს აქრობდა და თუ ვინმე (მისი გმირობის პოპულარიზაციის ნაცვლად) იმას მოჰყვება, რომ ღობეს ცეცხლი წაუკიდა, მილიციაში ვუჩივლებო. მახსოვს, ხალხი უცბად დადუმდა, რატომღაც, ზოგს შეეშინდა, ზოგი კონფლიქტს მოერიდა, ზოგი მოდას აჰყვა და აქებდა პატარა მავნებელს... ორ კვირაში მთელი სანაპირო იმაზე ლაპარაკობდა, როგორ გადაარჩინა პატარა მავნებელმა სახლი დაწვას. მშობლები სიამაყით უსმენდნენ დამსვენებლებს და საჩუქრებით ანებივრებდნენ. პატარა მავნებლის ქება და მისი დანაშაულის დაფარვა ბოლოს მოდურად იქცა. არადა, ყველამ იცოდა სიმართლე“, - წერს ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი