logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: პატრიარქის „მოდელირებული“ საუბარი შემოგვასაღეს სრულის ნაცვლად
- +

20 თებერვალი. 2017. 00:12

 

 

„ვკითხულობ, ვინ ამოჭრა პატრიარქის მნიშნელოვანი სიტყვები და ვის დასჭირდა იმ ფრაზების ამოღება რაც ამოჭრილი იყო? პატრიარქს თავად ჰქონია ბევრი შეკითხვა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და ჩვენ თავდაპირველად პატრიარქის „მოდელირებული" საუბარი შემოგვასაღეს სრულის ნაცვლად",- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ტელეკომპანია „ობიექტივის" მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც აკეთებს კომენტარს.


„დღემდე არ გამიკეთებია კომენტარი ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ ისეთი შეკითხვები ჩნდება გზადაგზა, რომ პასუხები ყველას უნდა გვაინტერესებდეს. არ გამოვთქვამ არანაირ ვარაუდს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატრიარქის სრული ჩანაწერი ვნახეთ, საიდანაც, აღმოჩნდა რომ უმნიშვნელოვანესი ნიუანსები ამოჭრილი ყოფილა და ისე გაავრცელეს ტელევიზიებმა, ვინც გაავრცელა... ვკითხულობ, ვინ ამოჭრა პატრიარქის მნიშნელოვანი სიტყვები და ვის დასჭირდა იმ ფრაზების ამოღება რაც ამოჭრილი იყო? პატრიარქს თავად ჰქონია ბევრი შეკითხვა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და ჩვენ თავდაპირველად პატრიარქის „მოდელირებული" საუბარი შემოგვასაღეს სრულის ნაცვლად. რა ხდება და რა მიზნით გააკეთეს ასე, ვინც გააკეთა? მე არ ვიცი ვინ დაამზადა პატრიარქის ვიდეო ჩანაწერის ეს მოკლე ვერსია. აშკარაა, რომ ვინც ეს გააკეთა ამ სკანდალის ერთ მხარესაა! ალბათ, გამოძიება დაინტერესდება",- წერს კვაჭანტირაძე.

 

 

შეგახსენბთ, რომ ტელეკომპანია „ობიექტივმა" გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. „ობიექტივის" მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:


„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?" - ამბობს პატრიარქი.


„ობიექტივის" მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია:


„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

 

რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან -მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?

 

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - აცხადებს პატრიარქი.


 

big_banner
არქივი