logo_geo
მაია კახიძე: გოგი ცაბაძე - მამასავით თბილი
- +

29 აგვისტო. 2019. 01:19

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„გოგი ცაბაძე - მამასავით თბილი

 

მთელი არსებით მიყვარს ლეგენდარული კომპოზიტორი, თბილისის ნამდვილი მოტრფიალე, ყველაზე გამორჩეული მაესტრო - გოგი ცაბაძე!

 

იმ საბედისწერო დღეს გორში ვიყავი, როდესაც ბატონი გოგი სამუდამოდ წავიდა ჩვენგან, ოღონდ, სხვა ღონისძიებაზე. თბილისიდან ჩასულებმა მალევე გავიგეთ მომხდარი და ვერც ვიტყვი, რა დაგვემართა. იმდენი ვიტირე... ტიროდა მერე საქართველო...

 

მე კი ჩემებურად ვეთხოვებოდი ამ უდიდეს თბილისელს, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი.

 

ბავშვობიდან მქონდა პატივი მისი განუმეორებელი ღიმილის, ურთიერთობის, საოცარი თითების, მამისდამი ჩემი წილი სითბოსი და გული მართლა ძალიან მწყდება, იმ პატარა გოგომ რომ არ დავუჯერე. 

 

ბოლოს, მახსოვს, მასთან და ბატონ ოთარ ბახტაძესთან ერთად მეორე სიმღერაც შევასრულე. მომეხვია ბატონი გოგი, დამარიგა და დამლოცა:

 

- შენ ქალაქური სიმღერები კარგად გამოგდის და თუკი ამ საქმეს გაჰყვები, კარგი შემსრულებელი დადგები, მაგრამ რაღაცებზე უარი უნდა თქვა. პირველ რიგში, სიგარეტს არასოდეს მოკიდო ხელი....

 

თვალდახრილი ვუსმენდი...

 

ვგრძნობდი, რა გულით დამარიგა და ეცადა სწორი არჩევანი გამეკეთებინა. იმ გულმა კი, სამწუხაროდ, ნაადრევად უღალატა. შუაგულ ქართლში, ბებერ გორში, ისევ ქართველების გულთან ჩაიმუხლა.

  ეეჰ, მეც ვერ შევუსრულე დანაპირები და ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ვერ გავხდი, თუმცა, სიმღერა ძალიან მეხმარება ჩემს პროფესიებში.

 

დღეს ბატონი გოგის დაბადების დღეა და ყოველ წელს ვულოცავ. იმიტომ, რომ წესად მაქვს! მიყვარხართ ბატონო გოგი! არც გამნელებია თქვენდამი სითბო, მუდამ მემახსოვრება ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, თქვენი, მე ვთვლი, ჯადოსნური, სულ სხვანაირი, გამორჩეული თბილი თითები, რომლებიც ქმნიდნენ და ქმნიდნენ შედევრებს...ვიცი, ჩაიღიმებთ თქვენებურად, მოკრძალებით, საოცრად ლაზათიანად და ამიტომ არ შემეძლო არ მომელოცა.

 

პატივისცემით და სიყვარულით - მაიკო კახიძე“, - წერს კახიძე.

 

 

big_banner
არქივი