logo_geo
აფთიაქებში გრიპის ვაქცინების შეძენა თვის ბოლოდან იქნება შესაძლებელი
- +

11 სექტემბერი. 2019. 17:05

 

 

 

„კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინები სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს.

 

კომპანიის ცნობით, ჰოლანდიური წარმოების, სამშტამიანი „ინფლუვაკის“ შემოტანას 25 სექტემბრიდან გეგმავენ, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“ კი, რომელიც ოთხკომპონენტიანია, ქვეყანაში ოქტომბერში შემოვა.

 

რაც შეეხება ფასებს, კომპანიაში ამ ეტაპზე ფასს ვერ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ ეს ევროს კურსზე იქნება დამოკიდებული. შარშან ღირებულება 30-დან 50 ლარამდე იყო. ჯერჯერობით ასევე დაუზუსტებელია, რა რაოდენობის ვაქცინა იქნება შემოტანილი, თუმცა, როგორც „ჯიპისიდან“ საქართველოს პირველ არხს აცნობეს, შარშანდელთან შედარებით პარტიების გაზრდას გეგმავენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ შესასყიდი ვაქცინების რაოდენობის გაზრდა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს, როდესაც, გრიპის გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი შეიქმნა და დამატება გახდა საჭირო.

 

რაც შეეხება შტამებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წელსაც იგივე შტამების საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, რაც შარშან იყო, მათ შორისაა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპი.

 

გამყრელიძის თქმით, რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების  (მედპერსონალი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომსახურე პერსონალი; ორსულები, C ჰეპატიტით დაავადებულები, აივ ინფიცირებულები) უფასო ვაქცინაციისთვის სახელმწიფო 100 ათას ვაქცინას შეისყიდის, რომლებიც ქვეყანაში ოქტომბრის შუა რიცხვებში შემოვა. შარშან ამ მიზნით, 40 ათასი ვაქცინა შეიძინეს.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიახლეა ისიც, რომ თუ შარშან სახელმწიფომ სამკომპონენტიანი ვაქცინები შეიძინა, წელს არჩევანი ოთხკომპონენტიანზე გაკეთდა. მისივე განცხადებით, თუ არსებული ვაქცინები მთლიანად ვერ გაიხარჯება, სახელმწიფო, აქციების სახით, მათ სხვა კატეგორიის მოქალაქეებზე უფასოდ გასცემს.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა და მისი გავრცელება ნოემბრიდანაა ნავარაუდევი.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრის თვიდანაა რეკომენდებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი