პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია არის დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მის მიმართ სოლიდარულია. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ჩუგოშვილი ასევე ეხმაურება ეკა ბესელიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე და აცხადებს, რომ მაშინ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი იყო, თუმცა, განსხვავებული მიზეზებით და მისი არგუმენტი ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები იყო.
„რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
1.პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.
ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს.
კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით. ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანძღვა-გინებითაა დაკავებული, ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.