logo_geo
გიორგი უძილაური: როგორი გულისამრევი გახდა ქართული facebook, თუ ამჩნევთ?
- +

24 თებერვალი. 2017. 12:57



„როგორი გულისამრევი გახდა ქართული facebook, თუ ამჩნევთ?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი  გიორგი უძილაური წერს.

 

„გენეტიკურად ეპატაჟსა და ფარისევლობაში ამოვლებული ჩურჩხელასავით ქანაობს ვირტუალური ქართველობა ნაძალადევ მაზოხიზმსა და ეროვნულ-ბეროვნულ მესიანიზმებს შორის. ქართული სოციალური ქსელი იქცა არა იმდენად სოციალური აქტივობის და გუნდური ინიციატივების მოედნად, რამდენადაც ერთ დიდ თეატრალურ სცენად, რომელზეც ყოველდღე იმართება ან გლადიატორთა ომები, ან ფარისევლური დრამები. თამაშის წესი უმარტივესია - მონაწილეობა, თანამონაწილება და შეჯიბრი ეპატაჟში.

 

ამ სცენას არ ჰყავს მაყურებელი, მაგრამ ეს მონაწილეებს არ აწუხებს, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან მსახიობობაში და ყველანაირი როლის ყოველდღიურ მონაცვლეობაში და მორჩა. არანაირი სხვა მიზანი, გარდა ყოველდღიური მონაწილეობისა, უბრალოდ არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს არც შედეგი და არც პუბლიკა.

 

არ ვიცი, რა შედეგებს მოუტანს ეს ზედაპირული და ფარისევლური კოლექტივიზმი ქართულ სოციუმს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ქართული სოციუმის ვირტუალური ნაბუშარია სოციალურ ქსელში, ეს ფაქტია. და ამ ნაბიჭვარს სახელად ჰქვია ქართული ელიტიზმი.

 

სულ არაა საჭირო, საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და სხვა ადამიანების სოლიდარობისთვის საკუთარი ელიტა შექმნა ან გაწევრიანდე რომელიმე ტრენდულ კლუბში, ბევრად ეფექტურია, რეალურად, საქმით გააკეთო რამე სიკეთე ან საქმით შეებრძოლო რომელიმე ბოროტებას. რასაკვირველია, თუ შენი სურვილი საქმეა და არა თეატრალური დასის წევრის სტატუსი.

 

თავისთავად სოციალური ქსელები ძალიან კარგი პლატფორმაა კარგი წამოწყებებისთვის. თუმცა არავინაა ვალდებული, ქართული facebook მაინცდამაინც რეალური ინიციატივებისთვის გამოიყენოს. ყველას აქვს უფლება, იყოს ფარისეველიც, ეპატაჟურიც, ნიჭიერი და უნიჭო მსახიობიც და საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მიერ დადგენილი წესებს თანახმად მოთამაშეც. მოკლედ, არაფერი არ ირღვევა, უბრალოდ, აქ ყველა სათიათაოდ კარგი ტიპის ერთობლივი მოქმედება ქმნის ცუდ პროდუქტებს, დგამს ცუდ სპექტაკლებს და იქმნის ილუზიას, რომ ეს სწორი გზაა თვითრეალიზაციისთვის. ამ ყველა-ში ეტყობა მეც ვარ, და ეს უნდა შევცვალო. ეპატაჟურ და ტრენდულ თემებზე წერას, ჯობია, არ დავწერო, მითუმეტეს, რომ მსახიობობა ჩემი მოწოდება არაა... და არც ელიტის წევრობა", - წერს უძილაური.




 

big_banner
არქივი