logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: 1837 წლის 27 ოქტომბერი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ილიას დაბადების თარიღი
- +

5 ოქტომბერი. 2019. 01:25

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მახსოვს, 1984 წელს გამომცემლობა ნაკადულმა სერიით „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“ გამოსცა აკაკი ბაქრაძის „ ილია ჭავჭავაძე–წიწამური“, რომელიც მაშინვე ბესტსელერი გახდა. წიგნში ავტორმა პირველად დააყენა ილიას მკვლელობის ისტორიაში თეთრი ლაქების არსებობა, ილიას მკვლელების სიაში შეიტანა უცნობი იმერელი და დასძინა: მისი ვინაობა დღესაც დაუდგენელია და არავინ უწყის, მოხერხდება თუ არა მისი დადგენაო. მახსოვს, სერგო ორჯონიკიძეს გულისხმობდნენ, როცა საუბრობდნენ ჩუმად ეზოში შეკრებილი ჩემი მეზობელი ბიჭები და მეც მათ მომცეს ეს წიგნი წასაკითხად.

 

რამდენიმე თვის წინ ეს გამოცემა შემხვდა ბუკინისტებთან და ძველი დროის გასახსენებლად შევიძინე. საღამოს გადავხედე 32 წლის წინ წაკითხულ ბესტსელერს და დასაწყისშივე საფიქრალი გამიჩნდა – აღმოჩნდა , რომ აკაკი ბაქრაძე საიდუმლოთი იწყებდა ამ წიგნს და საიდუმლოთი ამთავრებდა. რომელი საიდუმლოთი ამთავრებდა გამოცემას, ზემოთ დავწერე და რომელი საიდუმლოთი იწყებდა, ამას ახლა მოგახსენებთ:

 

წიგნის დასაწყისში ვკითხულობთ: „20 იანვარს პორუჩიკ თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეს და მის რჯულიერ თანამეცხედრეს მაგდალინა ქრისტეფორეს ასულს დაებადათ ვაჟი –ილია. დალოცა და მონათლა იგი ამავე თვის 26–ს მღვდელმა დანიელ ზურიაშვილმა. მიმრქმელი იყო ცოლი განსვენებული თავადის გიორგი ერისთავისა, ნინო მალხაზის ასული. ყვარელი. იოანე ნათლიმცემლის ეკლესია. მეტრიკული წიგნი. 1837 წლის ჩანაწერი # 2.

 

აქვე აკაკი ბაქრაძე აგრძელებს: „თვითონ ილია კი წერდა: „დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს ყვარელშიო“ ორ განსხვავავებულ თარიღს –20 იანვარსა და 27 ოქტომბერს, – თავის დროზე, პატარა პაექრობაც გამოუწვევია, მაგრამ ბოლოს მოკამათენი შეკამათებულან და ილიას დაბადების დღედ 27 ოქტომბერი მიუჩნევიათ“.

 

საოცარიც ესაა, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღად დღესაც 1837 წლის 27 ოქტომბერია მიჩნეული, მაშინ როცა ილია მეტრიკულ წიგნში იმავე წლის იანვარში არის რეგისტრირებული.

 

მოვიძიე, თუ ვის შორის და როდის იყო ეს პაექრობა ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ მხოლოდ მაშინ, როცა მიხეილ გედევანიშვილმა გადაწყვიტა ილიას თხზულებათა აკადემიური გამოცემის დაბეჭდვა. ეს იყო 1912 წელს. წიგნის საგამომცემლო კომისიას მეტრიკული ამონაწერის გამონახვა და შემოწმება მიუნდვია ორი კაცისათვის: ილიას ყვარლის მამულის მოურავის მოსე ცქიტიშვილისა და მწერალ დავით ნახუცრიშვილისათვის. მოსე ცქიტიშვილმა სარედაქციო მდივანს–იოსებ გედევანიშვილს მეტრიკული ამონაწერი გაუგზავნა ყვარლიდან, ხოლო დავით ნახუცრიშვილმა იგივე ცნობა სინოდალურ კანტორაში ნაპოვნი ილიას მშობლების გარდაცვალების ცნობასთან ერთად გაუგზავნა თხზულებათა სარედაქციო კომისიას 1912 წლის 29 მაისს. რამდენიმე თვეში დ. ნახუცრიშვილმა გაზეთ „თემში“ ილია ჭავჭავაძის დაბადების ცნობა დაბეჭდა(გაზ.თემი.1912წ. # 78) სათაურით: ილია ჭავჭავაძის დაბადების დრო.

 

იგი წერდა: “აქედან ნათლად ჩანს, რომ ნამდვილ დაბადების დღედ უნდა დაიდოს 20 იანვარი 1837 წლისა. მართალია, ხშირად მოხდება ხოლმე, ჩვენი მღვდლები ბავშვის დაბადების დღედ შეცდომით სწერენ და იანვრის მაგიერ აპრილს ან მაისს ჩასწერენ , მაგრამ აქ ასეთი შეცდომა მგონია, არ უნდა მომხდარიყოს, რადგანაც ათი თვით ადრეა ჩაწერილი და არა დაგვიანებული, მაშინ შეიძლებოდა შეცდომათ მიგვეღო ასეთი ცნობა, რომ იანვარში დაბადებული ოქტომბერში ჩაეწერა; აქ კი ისე გამოდის, თუ შეცდომად მივიღებთ ამ ცნობას, რომ ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და მღვდელს კი მოუნათლავს და დაუწერია კიდეც წიგნში. რასაკვირველია, ასეთი მოვლენა შეუძლებელია.“

 

ყოველივე ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: 1837 წლის 27 ოქტომბერი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ილიას დაბადების თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღს 1902 წელს ილია ავტობიოგრაფიაში წერს ისეთი პოპულარული ენციკლოპედიისათვის, როგორიცაა ბროკჰაუზ – ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რადგან იგი უკვე ამავე წლის იანვარში იყო რეგისტრირებული. მისი ცხოვრების პერიოდში ილიას თავისი დაბადების თარიღი არაერთხელ მიუთითებია და სულ შეცდომით: 1869 წელს ილიას თავის დაბადების წელთან დაკავშირებით დაუშვია შეცდომა –ფორმულარული ნამსახურობითი სიის მიხედვით 1869 წლის 10 სექტემბერს თავის წლოვანებად 30 წელი მიუთითებია (იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ.1. თბ.1935 წ.გვ.570.) ამ შემთხვევაში პოეტის დაბადების წელი 1839 გამოდის. 1906 წლის 26 მაისს კი ბროჰგაუზ–ეფრონის ენციკლოპედიისათვის ავტობიოგრაფიის დაწერიდან 4 წლის შემდეგ რუსულ ენაზე დაწერილ ავტობიოგრაფიაში, რომელიც სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს კანცელარიას წარუდგინა, თანახმად მათი თხოვნისა, აცნობა, რომ დაბადებულია 1838 წლის 27 ოქტომბერს. ეს დოკუმენტი სანკტ–პეტერბურგში რუსეთის სახელმწიფო არქივში ინახება(ცსსა.ფონდი 1162, აღწერა 6, საქმე #836, ფ.1),

 

ილია თავის დაბადების თარიღად სხვადასხვა დროს სამ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის, თან სამივე ინფორმაციას (1837 წლის 27 ოქტომბერი, 1838 წლის 27 ოქტომბერი, 1839 წელი) ეწინააღმდეგება მეტრიკული წიგნის მონაცემი. ერთი კი აღსანიშნავია, ილია დაბადების თვესა და რიცხვს 27 ოქტომბერს აღნიშნავს ყველგან.

 

გიორგი ლეონიძე 1935 წელს წერდა: “საყურადღებოა მცირე მოგონებანი ილია ჭავჭავაძის დის ელისაბედ საგინაშვილისა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. როგორც მასალებიდან ირკვევა, სადავოდ ჩასათვლელია ილიას დაბადების თარიღი.თვით ილიას მიერ გაცხადებულ და მაშასადამე ოფიციალურ თარიღად დღემდე მიღებულია 1837 წ. 27 ოქტომბერი მაშინ , როცა ყვარელის ივანე ნათლისმცემლის მეტრიკული ამონაწერიდან ილიას დაბადება 1837 წ. 20 იანვარს მიეკუთვნება. გრ.ყიფშიძე –ილიას ბიოგრაფი, გამოუკვლევად ემხრობა პირველ თარიღს მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ გარდა ილია ჭავჭავაძისა, მის დასაც ასე ხსომებია, ერთ ძველებურ სახარებაზე იყო ასე ილიას დაბადების დრო აღნიშნულიო. ყოველ შემთხვევაში, ილია ათი თვით ადრეა ჩაწერილი მეტრიკულ წიგნში და ეს გარემოება თითქოს უნდა აბათილებდეს დღემდე მიღებულს ოფიციალურ თარიღს პოეტის დაბადებისას–27 ოქტომბერს. ამიერიდან საკითხი უნდა შესწავლილ იქნეს და გამორკვეული.“(იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ.1. თბ.1935 წ.გვ.548.)

 

ვნახოთ ელისაბედ საგინაშვილის მოგონება: „...ტყუილია, ვითომ განსვენებული ჩემი ძმა დაბადებულიყვეს იანვარში. მე კარგად მახსოვს, ჩვენს ოჯახში იყო სახარება, რომელშიაც მამაჩემისაგან საკუთარის ხელით იყო აღნიშნული ყველა მისი შვილის დაბადების დღე. კარგად მახსოვს, ჩემი ძმის შესახებ ეწერა, რომ დაიბადა 27 ოქტომბერსაო“ (იხ. ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ.1. თბ.1935 წ.გვ.556.)

 

მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ილიას და ელისაბედ საგინაშვილი არ ამბობს, რომ სახარებაზე ეწერა 1837 წლის 27 ოქტომბერი, იგი ამბობს და წინააღმდეგია ილიას დაბადების დღედ 20 იანვრის გამოცხადებისა, როგორც მეტრიკულ წიგნში წერია, არც იმას ამტკიცებს, რომ 1837 წელს არის ილია დაბადებულიო. მეტრიკული წიგნის მონაცემი გამორიცხავს მხოლოდ იმ თარიღებს, რომლებიც მასში გატარების თარიღის შემდგომია და არა იქამდე.

 

საქმე იმაშია, რომ მეტრიკულ წიგნში ბავშვებს დაბადებიდანვე არ ატარებდნენ, გატარება ხშირად მონათვლის წინ ხდებოდა. ასეთი შემთხვევები თითქმის ყველა ბავშვზე ვრცელდებოდა, ასე აღმოჩნდა სტალინიც, რომლის დაბადების წელი აღმოჩნდა არა 1879, არამედ 1878 წელი. ასეთივე შემთხვევა მოხდა პაპაჩემზე, ნაცვლად 1898 წლისა, 1899 წელს გაატარეს მეტრიკულ წიგნში.

 

ამ ლოგიკით ილია ჭავჭავაძის დაბადების წელი შეიძლება იყოს 1835 ან 1836 წელი, მაგრამ არა 1834 , რადგან ამ წელს ილიას და დაიბადა და ის მისი ტყუპის ცალი არ იყო, იგი მასზე უფროსი იყო.

 

ჩვენი ვარაუდები ვარაუდებად დარჩებოდა რომ არა ერთი ფაქტი:

 

1897 წელს ქართულმა მაშინდელმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღნიშვნა, შექმნა კომიტეტი, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი პოეტის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ–კრიტიკულ ნაშრომზე და დანიშნა პრემია. ნაშრომი შეზღუდული იყო მოცულობით, ხოლო მისი ავტორი – დროით.

 

1898 წლის ივნისში გამოვიდა მიხეილ ნასიძის ავტორობით დაბეჭდილი საიუბილეო ბროშურა „ თ. ილია ჭავჭავაძე. ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“.

 

ავტორი თავისი მოკრძალებული ბუნების გამო „მე გახლავარ“–ის ფსევდონიმით შეიმოსა.

 

სწორედ ამ ბროშურაში ავტორი–მიხეილ ნასიძე თეთრზე შავით წერს, რომ ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1836 წლის 27 ოქტომბერს. მკითხველი იკითხავს, ხომ არ შეიძლება, რომ ეს კორექტურული შეცდომა იყოს? არა, ბატონებო, და რატომ:

 

  1. ეს რომ ჩვენს თავში ჩამჯდარი 1837 წელი ყოფილიყო, მაშინ ეს იუბილე და ეს წიგნიც მიეძღვნებოდა ილიას როგორც მოღვაწეობის 40 წლისთავს, ასევე, დაბადების 60 წლისთავს. არადა, ყდაზე წერია მხოლოდ მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნა.

 

  1. საიუბილეო გამოცემაში უყურადღებობა ნაკლებად დასაშვებია და თან ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისადმი ავტორის მიერ მიძღვნილ ცალში ავტორს შეცდომა სავარაუდოდ უნდა გაესწორებინა, როგორც მაშინდელი ავტორები აკეთებდნენ კიდეც.

 

სხვათა შორის, აღნიშნული გამოცემა ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკაშიც არის დაცული.

 

მაგრამ ისმის კითხვა: სად იყო ამ წიგნის ავტორი, როდესაც 1912 წელს ილიას დაბადების თარიღს იხილავდნენ? ნუთუ მიხეილ ნასიძისათვის აღარ იყო საინტერესო ეს საკითხი? აღმოჩნდა, რომ იგი ამ დროს ბაქოში ცხოვრობდა და იგი ბაქოში 1906 წლიდან იყო გადასული, მას საქართველოში ცხოვრება მეფის მთავრობამ აუკრძალა.

 

საქართველოში მ. ნასიძე მხოლოდ 1917 წელს დაბრუნდა და სიღნაღში დასახლდა. იქაც დაარბიეს შემდგომ, დაუწვეს მდიდარი ბიბლიოთეკა, ცემეს, რის გამოც ყველაფრის ინტერესი დაკარგა და ლოგინად ჩავარდა. გარდაიცვალა 1935 წლის 5 აპრილს, იმ წელს, როდესაც გიორგი ლეონიძემ გამოაქვეყნა ილიას დაბადების წლის პრობლემაზე წერილი.

 

რა პარადოქსულია, რომ საქართველოს ყველაზე სათაყვანებელი შვილის–ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის დასაწყისი და დასასრულიც საიდუმლოებით იყო მოსილი. იყო, რადგან ვთვლი, რომ ამ წერილით ერთი საიდუმლო – მისი დაბადების თარიღი გაცხადდა, მეორეს კი, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ ბოლომდე რადგან ზემოთ განხილულ თითქმის უმარტივეს საიდუმლოს გახსნას 110 წელი მოვანდომეთ.

 

ისიც ვიცი და შეგუებული ვარ, რომ პოეტის დაბადების თარიღად 1937 წლის მითითება, სამწუხაროდ, კვლავ გაგრძელდება. არადა ილიას ამა სოფელში ნაცხოვრები დრო ერთი წლით გაიზარდა. მართალი აღმოჩნდა ექიმი იაშვილი, რომელმაც გაკვეთა ილია 1907 წელს, როცა თქვა, რომ „ის ხომ 70 წლის იყოო“. მართლა 71 წელი იყო მისი ცხოვრებისა. 1906 წელი ილიასათვის, წესით, საიუბილეო უნდა ყოფილიყო, რეალურად კი იგი ყველაფრისგან მოკვეთილი იყო, იმდენად დათრგუნული, რომ საგურამოში აივანზე გასვლას ერიდებოდა, რომ არ ესროლათ“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი