logo_geo
თინათინ მარგალიტაძე: რას ვერჩით თავაზიანი მისალმების ენაში დამკვიდრებულ ფორმას - „გამარჯობათ“?
- +

9 ოქტომბერი. 2019. 11:49

 

პროფესორი თინათინ მარგალიტაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„- გამარჯობა/გამარჯობათ!

 

ანუ რას ვერჩით თავაზიანი მისალმების ენაში დამკვიდრებულ ფორმას „გამარჯობათ!“

 

რამდენიმე ხნის წინ Facebook-ის გვერდზე გამოვაქვეყნე ჩემი მოსაზრება მისალმების იმ ფორმებზე, რომლებიც დამკვიდრებულია ქართულში: გამარჯობა/გამარჯობათ!

 

ჩემი პროტესტი და ამ ტექსტის გამოქვეყნება გამოიწვია იმან, რომ, როგორც გაირკვა, სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან „გამარჯობათ“ არასწორი ფორმააო, უფრო მეტიც, გამოცდაზე მას შეცდომად უთვლიან. ამიტომ, ჩემი სტუდენტების თაობა იყენებს მხოლოდ ფორმას „გამარჯობა“ და, სავარაუდოდ, როდესაც მე მათ ვესალმები და ვეუბნები „გამარჯობათ“, ფიქრობენ, რომ მე ქართული ცუდად ვიცი.

 

გამარჯობა/გამარჯობათ არ არის ჩვეულებრივი სიტყვები, ისინი მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან ჩვენი ენის მიერ შემუშავებული თავაზიანობის გამომხატველი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. გამარჯობა/გამარჯობათ ეუბნები ადამიანს და გამარჯვებას უსურვებ! ფორმა „გამარჯობათ“ შეტანილია ქართული ენის დიდ განმარტებით ლექსიკონში და ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ბოლო რედაქციაში. „გამარჯობათ“ თავაზიანი მისალმების ფორმის უმართებულოდ შერაცხვამ გამოიწვია ის, რომ თავაზიანი მიმართვისას ბევრი არიდებს თავს ფორმას „გამარჯობა“ და უფრო ხშირად იყენებს სიტყვას „მოგესალმებით“. რა მივიღეთ რეალურად? დავკარგეთ თავაზიანობის გამომხატველი ქართული სიტყვა, რომელიც ადამიანს გამარჯვებას უსურვებს და შეგვრჩა არაბული „სალამი – მოგესალმებით“.

 

რამდენად მეცნიერულად გამართული იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და თავაზიანი ფორმის „გამარჯობათ“ ხმარებიდან ამოღების მცდელობა?

 

ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტს ცხარე დისკუსია მოჰყვა. ჩემი მოსაზრების ოპონენტები ამბობენ, რომ „გამარჯობა“ მომდინარეობს „გამარჯვებიდან“ და არ შეიძლება არსებით სახელს დაემატოს ზმნური დაბოლოება -თ. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ოპონენტები მოიხსენიებდნენ ცნობილ ენათმეცნიერს, ქალბატონ შუქია აფრიდონიძეს, რომელიც ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტია.

 

ვნახოთ, რას წერს თავად ქალბატონი შუქია აფრიდონიძე თავის წიგნში „ჩვენი ენა ქართული“. ქ-ნი შუქია თავის წიგნში მართლაც წერს შემდეგს: „გამარჯობა უნივერსალური მისალმებაა ნებისმიერი პირისადმი ორსავე რიცხვში“, მაგრამ იმავე წიგნის მომდევნო აბზაცში ენათმეცნიერი ხსნის, თუ საიდან გაჩნდა ენაში ფორმა „გამარჯობათ“.

 

„როცა გამარჯობით მიმართავდნენ ერთზე მეტს, უმატებდნენ სიტყვას თქვენი, ასე გამარჯობა თქვენი. ქართულში გვაქვს წინამავალ სიტყვასთან მომდევნო სიტყვის პირველი ასოს შერწყმის ნიმუშები. მაგ., ღმერთმანი მიღებულია გამოთქმისგან ღმერთმან იცის; ასევე, ა. შანიძის აზრით, „დიახ“ მიღებულია დია ღმერთო-საგან: დიაღ > (დაყრუებით) დიახ, ისევე როგორც კარგია < კარგი არის. (შეადარეთ რუსული спасибо რომლის ამოსავალია спаси боже). მხოლოდ ამის გამო თუ შეიძლება გამონაკლისის სახით დასაშვებად იქნეს მიჩნეული გამარჯობათ“.

 

ამის შემდეგ, ქალბატონი შუქია აღნიშნავს შემდეგს: „… მით უფრო, რომ ამჟამად ერთზე მეტ მოსაუბრეს ან პატივსაცემ პირს ფაქტობრივ თითქმის აღარავინ მიმართავს ამ სიტყვით -თ ელემენტის გარეშე (თანიანი ფორმა განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულშიც დასტურდება)“.

 

როგორც ვხედავთ, ქართველი ენათმეცნიერი კარგად ხსნის ფორმის „გამარჯობათ“ ეტიმოლოგიას, იგი მომდინარეობს „გამარჯობა თქვენის“ შერწყმის შედეგად. ქალბატონი შუქია იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ფორმა ფართოდაა გავრცელებული.

 

სოციალურ ქსელში გაჩაღებული კამათისას საინტერესო მოსაზრება გამოთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კათედრის პროფესორმა რუსუდან ზექალაშვილმა: „ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ნებადართულია „გამარჯობათ“ ფორმა! ენა იცვლება და ახალმა რედაქტორებმა (მათ შორის ქ-ნმა შუქია აფრიდონიძემ) მიზანშეწონილად მიიჩნიეს -თ-ს დამატება. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯობა – არასწორია. ვისაც ძალიან მოსწონს, გამოიყენოს, ოღონდ ენა თვითონაც ადგენს კანონებს – თავაზიანობის სისტემამ ამ ფორმაშიც მოითხოვა -თ! მე ასე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს ქართული ენის მართლწერასა და ნორმალიზაციაში“.

 

ახლა მივმართოთ კიდევ ერთ ავტორიტეტს, ქართული ენის ეროვნულ კორპუსს. ქართული ენის ეროვნულ კორპუსში ფორმა „გამარჯობათ“ იძებნება 450-ჯერ, ხოლო „გამარჯობა“ 1150-ჯერ. კონკრეტული კონტექსტების ანალიზი ავლენს, რომ ფორმა „გამარჯობა“ უპირატესად შენობით მიმართვისას გამოიყენება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციაში შეტანილია მხოლოდ ფორმა „გამარჯობა“, ასევეა სასკოლო ორთოგრაფიულ და ჟურნალისტის ორთოგრაფიულ ლექსიკონებში, თუმცა არც ერთ ხსენებულ ლექსიკონში არ წერია, რომ ფორმა „გამარჯობათ“ უმართებულოა. როგორც მოგეხსენებათ, ორთოგრაფიული ლექსიკონი სწორი ფორმის გვერდით კვადრატულ ფრჩხილებში უთითებს უმართებულო ფორმას. მაგ. გმადლობ, გმადლობთ [და არა მადლობთ].

 

ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, პატივი ეცით ენაში დამკვიდრებულ თავაზიანობის ფორმებს, რომლებიც ლექსიკონებში შეტანის შედეგად სალიტერატურო ნორმადაა აღიარებული და ამ ცოდნაზე თაობებია აღზრდილი.

 

ნუ გვიქმნით უხერხულობას.

 

აჯობებს, იმას მივხედოთ, რაც ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა და რისი შველაც ჯერ კიდევ შეიძლება“, - წერს თინათინ მარგალიტაძე.

 

 

 

big_banner
არქივი