logo_geo
„არ ვიცი, გახდება თუ არა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება“
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:42

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„მახსოვს, ამ საუკუნის გარიჟრაჟზე ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი როგორ უტიფრად ამბობდა ინტერვიუში, – ახლა ფულია მთავარიო, და იმავე ინტერვიუში არც იმას მალავდა, რომ მისი შვილების უცხოეთში განათლების მიღებას ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო საწარმოს დირექტორი აფინანსებდა.

 

გავლენიანი მამიკოს შვილებმა უმაღლესი განათლება ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიიღეს. დღეს ისინი ცნობილი ადამიანები არ არიან და მათ ვინაობას არ გავამხელ. არც მათ მამას და დამფინანსებელს დავასახელებ, თუმცა მაშინ ამ ინტერვიუთი აღშფოთებულმა წერილი გამოვაქვეყნე, რომლის ერთ-ერთი ქვესათაური იყო „მსუბუქი ყოფაქცევის გენერალი“. ვინაობა არც მაშინ დამიწერია, მაგრამ ინტერვიუდან ციტატებით ყველა მიხვდა, ვინ იყო ჩემი წერილის გმირი. გავლენიანმა გენერალმა „ლამპასები შემოიხია“, მაგრამ ვერაფერს იზამდა, – სამართლიანად „დაიჭედა“.

 

მაშინდელი მდგომარეობით შეშფოთებულმა ერთმა მეგობარმა 20 წლის წინათ მითხრა, – ჩვენ რა უნდა გვიქნან, ამათ ასე და ისე ვუზამ, მაგრამ ისე ხდება, რომ ამათი შვილები ჩვენს შვილებს დაჩაგრავენ, რადგან მეტი შესაძლებლობა აქვთ და უცხოეთიდან დაბრუნებულები ჩვენებს მოჯამაგირეებად დაიყენებენო.

 

ახლა რატომ ვწერ ამას:

შალვა თადუმაძის ოჯახს არ ჰქონდა ასეთი გავლენა და რომელიმე სახელმწიფო თუ კერძო საწარმოს დირექტორი მის საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას არ დააფინანსებდა. ისწავლა იქ, სად სწავლის საშუალებასაც მისი ოჯახის შემოსავლები აძლევდა (როგორ ისწავლა და როგორ იცის იურისპრუდენცია, როგორი ადვოკატია, ესეც ყველას მოეხსენება, – განსაკუთრებით იურისტთა წრეს). მაშინდელი განათლების სისტემის ავკარგიანობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა და აღარ შევჩერდები.

 

არ ვიცი, გახდება თუ არა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამ სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება:

შალვა თადუმაძეს გავლენიანი მშობლების ან ნათესავების დახმარებით არ მიუღწევია წარმატებისთვის!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქში“.

 

 

big_banner
არქივი