logo_geo
ედუარდ ჯიშკარიანი: ყველა მებრძოლს გილოცავთ ვეტერანის დღეს!
- +

17 ოქტომბერი. 2019. 13:07

 

 

 

ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„არ მჯერა პარანორმალური მოვლენების და მსგავსი თემების, მაგრამ არც მათი სრული უარყოფა შემიძლია და თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ...

 

1992 წლის სექტემბერში გაგრაში განთავსებული ჩვენი შავნაბადას ბატალიონი მონაწილეობას იღებდა კოლხიდის შეტევით ოპერაციაში. ტაქტიკურ და ოპერატიულ ჩანაფიქრებს და შეცდომებს აქ არ ჩაუღრმავდები და პირდაპირ მთავარზე გადავალ.

 

კოლხიდაზე შეტევა ჩვენს ბატალიონს ცენტრალურ მიმართულებაზე, ანუ ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით უნდა გაგვეხორციელებინა ფლანგებიდან სხვა მხარდამჭერი ქვედანაყოფებთან ერთად. შეტევის დროს ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვედანაყოფი ძალიან ღრმათ შეიჭრა მოწინააღმდეგის ფრონტის სიღრმეში, ისე, რომ ფლანგებიდან მხარდამჭერმა ქვედანაყოფებმა ვერ შეძლეს სწრაფად გადაადგილება და ჩვენი მხარდაჭერა, ფაქტობრივად საცეცხლე ტომარაში აღმოვჩნდით. ორი ერთეული „ბმპ-1“ და ერთი ტ-55 ფაქტიურად ვერც მოქმედებდნენ შეზღუდული მხედველობის გამო. ბზიფთან მიახლოვებულებმა ძლიერი წინააღმდეგობის და მხარდაჭერის გარეშე წინ სვლა ვეღარ შევძელით, ცენტრალური გზა კი დაჭრილებით და დაღუპულებით იყო სავსე. მაშინ ვნახე პირველად უკან დახეული „ბმპ“ და ტანკი, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხედავს „ტრიმპლექსდან“ (სამი მცირე ფანჯარა ჯავშანმანქანაში, საიდანაც მძღოლ-მექანიკოსი იცქირება და ისიც მხოლოდ წინ), თუ როგორ გადადის მუხლუხოებით გვამებზე და დაჭრილებზე, ეს საშინელი სანახავი იყო, ტანკის მუხლუხოებში მოყოლილი ჯერ კიდევ ცოცხალი კაცის ნახვა.

 

დავიხიეთ უკან ფაცხებისკენ, დაღლილებმა, არაქათი არც ერთს გვაქვს შემორჩენილი, ძლივს ვსუნთქავთ, წინ კი, სავარაუდოდ, ათი დაღუპული დაგვრჩა, ვერ გამოვიყვანეთ.

 

ერთი მეგობარი, სოსო ქიმერიძე („ალბანო“) ამბობს:

 

- ცოტა ამოვისუნთქოთ და დაღუპულები უნდა გამოვიყვანოთ, არ ვიქნებით მართლები.

 

ალბათ ნახევარ საათში შეიკრიბა ოც კაცამდე, ერთი ტანკის მხარდამჭერით და დაღუპულთა გადმოსაყვანად ჯავშანმანქანა ე.წ. „ლტმბ“ წავიყვანეთ, რომელსაც შეიარაღებაში მხოლოდ 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი აქვს და საევაკუაციო დანიშნულება აქვს.

 

ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი თავხედური გადაწყვეტილება აფხაზებმა ფართომაშტაბიან ხელახალ შეტევად ჩათვალეს და უკან დახევა დაიწყეს თავდაცვის ფრონტის ხაზის აღდგენის მიზნით, ამით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, წინააღმდეგობის გარეშე მივსულიყავით ჩვენ დაღუპულ ბიჭების გვამებთან. მისულებმა სწრაფად დავიწყეთ დაღუპულთა ჯავშანმანქანაში დატვირთვა, ხოლო რამდენიმე ადამიანმა პოზიციები დავიკავეთ მათი დაცვისათვის.

 

ის მომენტი იყო, როცა ბოლო გვამი ჩადეს ბიჭებმა „ლტმბ“-ში და უკან დაბრუნებას ვაპირებთ რომ წინიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, რასაც ცეცხლითვე ვუპასუხეთ. თან უკან ვიხევთ და ვცდილობთ, ჯავშანმანქანა თავდაცვისთვის გამოვიყენოთ, ანუ ჯავშანმანქანა უკუსვლით იხევს უკან, რადგან წინა მხრიდან გაცილებით თავდაცვისუნარიანია ჭურვების მიმართ. ჩვენც ამ ჯავშანმანქანას ფარად ვიყენებთ და ნელი სვლით უკან ვიხევთ, მორიგი გამოსროლილი „რპგ-7“-ის ჭურვი ხვდება ჯავშანმანქანას, ისხლეტს მას, მხვდება პირდაპირ სახეში და ფეთქდება (ეტყობა, გვერდულად მომხვდა, თორემ მომაცლიდა თავს). ძლიერი აფეთქება მისვრის უკან, რაც, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მახსოვს ის, რომ ზემოდან დავინახე, თუ სად ეგდო ჩემი სხეული ცენტრალურ გზაზე, რომლის მიმართულებითაც ჯავშანმანქანა მოძრაობდა და რამდენიმე წუთში ზედ გადამივლიდა. ეს წამებიც მახსოვს, თუ როგორ წამოვხტი და შევხტი ჯავშანმანქანაში.

 

რა თქმა უნდა, ამ მოვლენას უბრალო ქვეცნობიერს მივაწერ, რადგან რამდენიმე საათით ადრე ვნახე, თუ როგორ გადადიოდა მუხლუხოები გვამებზე და დაჭრილებზე.

 

შემდეგ გაგრის საავადმყოფოში მოვედი აზრზე, კორიდორში ვიყავი, ჩვენი ბატალიონის მიშა ექიმი ჩხუბობდა:

 

- რატომ არ შეგყავთ საოპერაციოშიო?!

 

პასუხი: უიმედოა და სხვას მეტი შანსი აქვს გადარჩენისო.

 

შემდეგ არაფერი მახსოვს, გონს „არამიანცის“ საავადმყოფოში მოვედი (როგორც მოგვიანებით მეტყვიან, ჯაბა იოსელიანის ვერტმფრენში, რომელიც თბილისში მოფრინავდა, ძალით ჩამტვირთა ვიღაც უცნობმა ექიმა), უკვე ოპერაცია დასრულებული. თუმცა, არანაირი ინფორმაცია ჩემზე, ვინ ვარ, საიდან. მხოლოდ ის იციან, რომ ჯაბა იოსელიანის ბიჭებმა მოიყვანეს და მხედრიონელად მთვლიან, თუმცა არც სახელი, გვარი, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ.

 

ერთი კვირის შემდეგ მოვედი აზრზე, ექიმებს ის აინტერესებს, ვინ ვარ, საიდან. მეც უთხარი სახელი და გვარი და ქვედანაყოფი. გაუხარდა ექიმს:

 

- გვეშველა, შეავსეთ ისტორია.

 

ბოლოს მომიბრუნდა და მეუბნება:

 

- ისე, თუ შავნაბადელი ხარ, ჩვენთან პირველ სართულზე თქვენი მეთაური, კობა კობალაძე წევს დაჭრილი, ჯერ შენთვის ადგომა არ შეიძლება და ისიც ვერ ამოვა, გირებზეა ჩამოკიდებული, მოგვიანებით კი ალბათ ინახულებთ ერთმანეთსო.

 

რა მომასვენებდა, დაველოდე საღამოს, ცოტა რომ მიწყნარდა ვითარება, გავიპარე პალატიდან, გავყევი ნელ-ნელა კედლებს და დავადექი კობას თავზე, შებინტულ-დასიებულ- დალურჯებული, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო. რომ ვუთხარი, ვინ ვიყავი, გასკდა სიცილით, თან მეუბნება:

 

- დღეს ნუკრი ფათრეკაშვილი და ლაშა პაქსაშვილი იქვნენ ჩემთან, გაგრის საავადმყოფოში გეძებდნენ ბიჭები, იქ უთხრეს, რომ კარიდორში ვინც დაჭრილები იწვნენ, ყველა დაიღუპა და ზოგი მორგში ჩაიყვანეს და ზოგი გემზე დატვირთეს ოჯახებში გასაგზავნადო. ხვალ თუ ზეგ შენთან მიდიან რაიონში სამძიმარზე, დროზე შეატყობინე სახლში, გული არ გაუხეთქონო.

 

რაიონში დაკავშირება ვერ შევძელი, მაგრამ ბიძაჩემს (მამაჩემის ძმა), რომელიც თბილისში ცხოვრობს, შევატყობინე ვითარების შესახებ, მანვე მოახერხა მამაჩემთან დაკავშირება, რომელმაც საერთოდ არაფერი იცოდა მაშინდელი კომუნიკაციის საშუალებების არარსებობის გამო.

 

ერთი თვე გავატარე „არამიანცის“ საავადმყოფოში, თითქმის გამოვჯანმრთელდი, რაც მაწუხებდა, ეს იყო ყურებში დარჩენილი ძლიერი შუილი, სმენის ნაწილობრივ დაქვეითება და მუდმივად ყურიდან უწყვეტად მომდინარე ყვითელი გოგირდის სუნით სითხე.

 

ყურის ექიმა რომ შემამოწმა, თქვა:

 

- ორივე ყურის დამცავი აპკი გახეთქილია, ამის აღდგენა დღევანდელი საშუალებებით ვერ ხერხდება, დროთა განმავლობაში დაყრუება გემუქრება, დროა, მწარე რეალობას თვალი გაუსწორო.

 

რომ გამომწერეს, თბილისში ბიძაჩემთან დავრჩი რამდენიმე დღე, სადაც ბიძაჩემის ახლობელი მამაკაცი და ქალბატონი მოვიდნენ. სადილის დროს ბიძა ჩემზე ეუბნება:

 

- ახალგაზრდა კაცია, იქნებ უშველო, ცოდოა დაყრუებისთვის ამ ასაკში, ექიმები ვერაფერს შველიან და შენ თუ უშველი, სხვა გზა არ არის.

 

მე ცოტა გამიკვირდა, რა უნდა მიშველოს? ან როგორ? არც ექიმს ჰგავს თითქოს?!

 

ეს კაცი მიყურებს და მეკითხება:

 

- გინდა, მორჩე?

 

ბიძაჩემის სერიოზულ სახეს და ბიცოლაჩემის იმედიან თვალებს რომ გადავხედე, ხომ არ ვაწყენინებ-თქო, ვიფიქრე და აღარ მითქვამს არაფერი, უბრალოდ, თავი დაუქნიე.

 

- კარგი, მაშინ დავიწყოთ, - თქვა და ხელით მეორე ოთახისკენ მიმითითა, ხოლო დანარჩენებს უთხრა, არ შეგვაწუხოთო.

 

დამსვა სავარძელში და თვითონ მოპირდაპირე სავარძელში განთავსდა და მითხრა:

 

- რაზეც გინდა, იმაზე იფიქრე, ოღონდ არ ისაუბრო და შეეცადე, თვალები ჩემი მიმართულებით გეჭიროს, - თვითონ კი ორივე თვალი დახუჭა.

 

ვისხედით ალბათ 4-5 წუთი, რამდენჯერმე გულში ვიფიქრე, რომ გავეპარო, ნეტა თუ გაიგებს-თქო? თუმცა მოვითმინე. რომ დაასრულა, მითხრა, რომ რამდენიმე დღეში ისევ იქნებოდა საჭირო შემდეგი სეანსი და წავიდა.

 

ბიძაჩემს ვკითხე, თუ ვინ იყო ეს უცნაური კაცი? მითხრა, რომ მას შეუძლია ე.წ. მესამე თვალის მეშვეობით იმის დანახვა და ცვლილებაც კი, რაც ჩვენ უბრალო ადამიანებს არ შეგვიძლიაო.

 

მე, რა თქმა უნდა, გავიცინე, ირონიით ვუთხარი:

 

- ხოო, ალბათ მიტომ დახუჭა სეანსის დროს ორივე თვალი, კარგად რომ გაეხედა ოპტიკურ სამიზნეში მესამე თვალით.

 

ბიძაჩემმაც ამხედა და მითხრა: ის ამაში არც ფულს ითხოვს და არც რაიმეს, ზრდილობიანად მოიქეცი.

 

მინდა, ვთქვა, რომ იმ საღამოსვე ყურებიდან გოგირდიანი სითხის დენა მკვეთრად შემცირდა და შუილმაც იკლო.

 

სამი თუ ოთხი დღის შემდეგ ისევ მოვიდა ეს კაცი, ისევ გავიმეორეთ იგივე 4-5 წუთიანი პროცედურა. რომ დაასრულა, მითხრა, რომ ერთი სეანსი კიდევ დაგვჭირდება რამდენიმე თვის შემდეგ და აუცილებლად უნდა მივსულიყავი, როცა შემომითვლიდა ბიძაჩემის მეშვეობით.

 

ამის შემდეგ სითხეს დენა და შუილი ყურებიდან საერთოდ გაქრა და სმენამაც კვირების განმავლობაში ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო.

 

რა თქმა უნდა, ეს გამოჯანმრთელებაც ჩემს ძლიერ ჯამრთელობას და ექიმების უცოდინარობას დავუკავშირე.

 

ამის შემდეგ თითქმის წელი გავიდა, კიდევ მივიღე სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, კიდევ რამდენჯერმე მოვხვდი „არამიანცის“ საავადმყოფოში დაჭრილი, სადაც მედ-პერსონალი უკვე გადაკოცნით მხვდებოდა, სად დაიკარგე აქამდეო?!

 

დასრულდა ომიც, დაბრუნდა ქვედანაყოფი თბილისში მუდმივი დისლოკაციის ადგილზე.

 

მოგვცეს შვებულება. დაიწყო ომის შემდგომი სინდრომი, სმა, ჩხუბი (ჩხუბი ძირითადად იმ საზოგადოებასთან, რომელიც ომში არც გამოჩენილან და ომში დამარცხებაში ჩვენ დაგვადანაშაულეს), წვეტიანი თავგადასავლები და ასე შემდეგ.

 

ამ თითქმის ერთი წლის მანძილზე რამდენჯერმე შემომითვალა ბიძაჩემის მეშვეობით, რომ მენახა, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით თავს ვარიდებდი.

 

ერთ საღამოსაც მე და ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც მრავალი ჭირი გადავიტანეთ, ბიძაჩემს ვესტუმრეთ.

 

გაშალა ბიძამ სუფრა და ის იყო უნდა დაგვეწყო პურის ჭამა, კარები გაიღო და ეს კაცი შემოვიდა, ბიძაჩემის რეაქციაზე მივხდი, რომ მანაც არაფერი იცოდა მოულოდნელი სტუმრის შესახებ. თუ მაშინდელ უშუქობას და სხვა კომუნიკაციების არარსებობასაც გავითვალისწინებთ, არც ბიძაჩემს ექნებოდა შეტყობინების საშუალება.

 

შემოვიდა, ყველას მოგვესალმა და მე მეუბნება:

 

ჩვენი დაწყებული მკურნალობის ბოლო ეტაპი უნდა დავასრულოთ.

 

თქვა და იმ ოთახისკენ წავიდა, სადაც მანამდე გავიარეთ ორი პროცედურა.

 

ბიძაჩემმა ისეთი საყვედურნარევი სახით შემომხედა, არაფერი მითქვამს, უბრალოდ გავყევი.

 

დაჯდა თავის სავარძელში, მეც მიმითითა წინა სავარძელზე და დახუჭა თვალები. მეც დავჯექი და უბრალოდ უვყურებ. გავიდა 4-5 წუთი, გაახილა თვალები და მეუბნება:

 

- როგორც ვხედავ, სმენა სრულად აღდგენილია, ჯამრთელობის მხრივ პრობლემები არ გაქვს, შეგვიძლია დავემშვიდობოთ ერთმანეთს, მეტი სეანსი საჭირო აღარ არის.

 

მეც ზრდილობის გამო მადლობა გადაუხადე და ადგომა დავაპირე, ხელით მანიშნა, დაჯექიო და მკითხა: ვხედავ, რომ ჩემი არ გჯერა, რატომ?

 

- რა ვიცი, აბა, არ დაგიმალავთ, რომ არ მჯერა ამ კაშპიროვსკების და რაღაც მსგავსი თემების, - ვუპასუხე გულახდილად.

 

- კი მაგრამ, ყურები ხომ მოგირჩა? მაგის გარდა თავის შიდა არეში საკმაო დაზიანებები იყო, რომელიც ადრე თუ გვიან გაგანადგურებდა? - დამიბრუნა კითხვა.

 

- არ ვიცი, აბა რა გითხრათ, მე ეგ უბრალოდ მყარი ჯამრთელობის შედეგი მგონია, ან იმ წამლების გვიანი მოქმედების შედეგი, რომელსაც საავადმყოფოში მასმევდნენ. არ ვიცი. თუმცა, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი დროის დახარჯვისთვის და ყურადღებისთვის, -  შევეცადე კვლავ გამომეჩინა ზრდილობა და თან ვცდილობ, გავექცე ამ ჩემთვის არასასიამოვნო საუბარს.

 

- მამაშენი რომ მოვარჩინე, არც მაშინ გჯეროდა? - მკითხა მოულოდნელად და თვალებში ჩამხედა.

 

- მამაჩემი? მამაჩემს იცნობთ? არ ვიცი, რაზე საუბრობთ, - ვიკითხე გაკვირვებულმა და გაოცებულმა ერთად.

 

- ჰო, მამაშენი, 7 წლის წინ რომ ლოგინად ჩავარდა სისხლძარღვების შევიწროვებით, გახსოვს?

 

ახლა კი დატრიალდა რაღაც გონებაში, მართლაც ჰქონდა მამაჩემს ორივე ფეხზე სისხლძარღვების შევიწროვება, ჯერ სიარული უჭირდა და შემდეგ საერთოდ ლოგინად ჩავარდა. ბიძაჩემი ჩამოვიდა მაგ საქმისთვის თბილისიდან და თქვა, რომ მამაჩემი თბილისში უნდა წაიყვანოს თერაპიაზე. მაგრამ მამაჩემი ისე ცუდად იყო, რომ ვერ წავიდა, ვერ შეძლო.

 

მაშინ ბიძაჩემს იმ მკურნალმა მამაჩემის სურათის ჩატანა მოსთხოვა თბილისში და უკეთ რომ გახდებოდა, შემდეგ თავადაც უნდა ჩასულიყო.

 

რამდენიმე დღეში მამაჩემი მართლაც ადგა ლოგინიდან, მართალია, უჭირდა სიარული, მაგრამ მაინც უკეთ გრძნობდა თავს. შემდეგ ჩავიდა თბილისში და უკან რომ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ, დღემდე აღარ შეუწუხებია იმ პრობლემას.

 

მივხდი, რომ ეს კაცი იყო. უკვე მოკრძალება გამიჩნდა მის მიმართ, კიდევ ერთხელ გადაუხადე მადლობა, თანხას და რაღაც ასეთებს არ ეკარებოდა, ბიძაჩემიდან ვიცოდი, ამისთვის ვუთხარი, რომ თუ რაიმეში დაგჭირდე, სადაც არ უნდა იყო და რა ვითარებაშიც, როგორც შემეძლება, ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი.

 

- შენ ვერ შეძლებ ჩემს დახმარებას, - მიპასუხა მოკლედ, - ხოლო თუ გინდა, რომ ჩემი შენდამი გაწეული საქმე დააფასო, დაანებე ამ ჯარს და ომს თავი, დაოჯახდი და მომავალიც უკეთესი გექნება და ქვეყანაც დროზე დალაგდებაო.

 

- ჯარს თავი როგორ დავანებო, ომი ჯერ არ დამთავრებულა, აფხაზეთი და ოსეთი მტერს დაუტოვოთ?! რამდენიმე თვე ჯარი დაისვენებს, შემდეგ მოემზადება, გადაიარაღდება და ისევ უნდა წავიდეთ. მე ვერ მივატოვებ იქ ბიჭებს, ისედაც ბევრნი დავტოვეთ იქ.

 

გაეღიმა და მითხრა: - ვიცოდი, რომ უარს მეტყოდი, მე უბრალოდ ჩემი სათქმელი გითხარი. ჯარს შენით არ დაანებებ თავს, მაგრამ მოგვიანებით მოგიწევს. აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას კიდევ რამდენიმე ათეული წელი ვერ ვხედავ, ტყუილად ემზადები მაგისთვის.

 

ეს ბოლო წინადადება რაღაც უხეში ტონით თქვა და მეც გამაღიზიანა.

 

- თქვენ საიდან იცით? შეიძლება მკურნალობა ან ჰიპნოზები შეგიძლიათ, მაგრამ ათეული წლის შემდეგ რა იქნება? ნათელმხილველი ხართ? შეგიძლიათ ისეთი რამე მითხრათ, რაც დამარწმუნებს თქვენს ნათელმხილველობაში? მოდი, ჩემზე არ მინდა, შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს ბიძაჩემიდან ჩემზე, ამიტომ მოდი, ჩემს მეგობარზე მითხარი, აი, ჩემთან ერთად რომ არის მეორე ოთახში? შეგიძლია?

 

ეტყობა, მეც გაღიზიანებულად და უკმეხად მომივიდა შეკითხვა, ადგა, ქუდი დაიხურა, ხელი ჩამომართვა დამშვიდობებისას და მითხრა:

 

- არ გესიამოვნება, რასაც გეტყვი, ამიტომ შენ არ გეტყვი, მისი უახლოესი მომავლის შესახებ ბიძაშენს და ბიცოლაშენს ვეტყვი და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მათ გითხრან. ჩვენ მეტს აღარ შევხვდებით, თუ განგებამ არ შეგვყარა.

 

წარმატებები მისურვა და ოთახიდან გავიდა.

 

სუფრაზე არ გაჩერდა, მეჩქარებაო. ბიძამ და ბიცოლამ, რა თქმა უნდა, გააცილეს. მე არ გავყევი, გაბრაზებული მივუჯექი სუფრას.

 

ბიძაჩემს და ბიცოლაჩემს უკან დაბრუნებულებს არც ერთს ფერი არ ედოთ, არც ჭამა-სმის ხასიათი ჰქონდათ რომელიმეს.

 

მე და ჩემა მეგობარმა რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, ბიძაჩემმა ბოდიში მოიხადა და მასთან ერთად მეორე ოთახში გასვლა მთხოვა, ბიცოლაჩემიც თან გამოგვყვა.

 

- იცი, რა მითხრა იმ კაცმა შენს მეგობარზე?

 

- რაო? - ვიკითხე არცთუ სასიამოვნო პასუხის მოლოდინში.

 

- უახლოეს დღეებში დაიღუპებაო, - მითხრა ბიცოლაჩემმა და ტირილი წასკდა.

 

- კარგი რა, - ირონიული ღიმილით შევეცადე, აბსურდულად წარმომეჩინა ვითარება.

 

- კი, სწორედ ასე გვითხრა, სიკვდილი პირდაპირ გვერდით უდგას, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და ეგ როგორ მოხდება, არავინ იცისო. თუ გადაწყვეტთ, რომ უთხრათ, შენ ძმიშვილს უთხარით, რომ გვერდიდან არ მოშორდეს, მას შეუძლია, მისი მფარველის საშუალებით სიკვდილიდან მეტ-ნაკლებად დაიცვასო.

 

- აუუ, ბიცო, კარგი რა, ამდენი ომი გამოვიარეთ და ახლა აქ? კარგი რა, წამოდით, სუფრასთან დავსხდეთ და ეგ ამბავი თქვენ თვითონ მოუყევით, „კაკრაზ“, დაღუპულების სადღეგრძელოსაც შევსვამთ-მეთქი.

 

როცა მოუყვნენ ჩემს მეგობარს, სიცილით მოკვდა, მისი ხსოვნის სადღეგრძელო თავად შესვა და მაინც სიკვდილის შვილები ვართო. მოკლედ, იმ საღამოს მაგრად ვიმხიარულეთ. ჩვენს მხიარულებაზე ბიძაჩემს და ბიცოლაჩემსაც მოეხსნათ ეს დარდი და საკმაო გვიანობამდე სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიაზე ვსაუბრობდით დაცლილი გრაფინების ფონზე.

 

ამ საღამოდან ათი დღის შემდეგ, ჩემა მეგობარმა რაღაც უმნიშვნელო მიზეზით, როცა მართლა არ ვიყავი მის გვერდით, „მაკაროვის“ პისტოლეტიდან შიგ გულში დაიხალა ტყვია.

 

„არამიანცის“ საავადმყოფოში გადავიყვანთ სასწრაფოდ, ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმები იმედიანად იყვნენ, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო.

 

გვიან საღამოს გონზე მოვიდა, ესაუბრა დედასაც, ძმასაც, თითქმის ყველას ვინც კი მისული იყო სანახავად, თითქოს ემშვიდობებოდა ყველას.

 

ბოლოს მე მიხმო და მეუბნება:

 

- ხედავ, რა ყოფილა განგება? მაინც ახდა იმ კაცის სიტყვები, როგორც ჩანს, ეს ყოფილა ჩემი ამ ქვეყნიური დანიშნულებაც. თუ იმ კაცმა იცოდა, რა მოხდებოდა? ესეიგი, დაგეგმილია, ესე იგი, ვიღაც ადგენს ჩვენზე გეგმას, თუ ვინ როდის უნდა გავიდეთ ამქვეყნიდან. ისე, კარგი იქნებოდა, იმ გეგმის თანახმად ბრძოლის ველზე დავღუპულიყავი, გმირთა მემორიალზე მაინც დარჩებოდა ჩემი სახელი, თუმცა, ეგ არაფერი. დღეს მე იქ ვიყავი და ვნახე, ეს დასასრული არ არის, ჩვენ კიდევ შევხდებით ერთმანეთს ადრე თუ გვიან.

 

ეს თქვა და გაცინება დააპირა, მაგრამ ტკივილმა სახე დაუმანჭა, აპარატმა, რომელზეც იყო შეერთებული, წრიპინი დაიწყო. გამოვიძახეთ უცებ ექიმები, გაგვიყვანეს პალატიდან.

 

რამდენიმე წუთში ექიმმა შეგვატყობინა, რომ გულში შიდა ჩაქცევები განვითარდა, ვერაფერი შევძელით და დაიღუპაო.

 

გმირთა მემორიალურ დაფას კი ამაყად ამშვენებს მისი სახელი და გვარი:

 

არჩილ თენგიზის ძე ბოსიკაშვილი.

 

დაე, ყოველი დღე ჩვენი იყოს განგება შენი უფალო, რამეთუ მეომარს ყველაზე მეტად სჭირდება მეოხება შენი.

 

ყველა მებრძოლს გილოცავთ ვეტერანის დღეს“, - წერს ჯიშკარიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი