logo_geo
„მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე, კაცზე, რომელმაც „ციხე-ტაძართა საგალობელი“ დაგვიტოვა!“
- +

20 ოქტომბერი. 2019. 18:53

 

ანი ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე, კაცზე, რომელმაც „ციხე-ტაძართა საგალობელი“ დაგვიტოვა!

 

„მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია.

 

სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან.

 

იყო ასეთი პროფესორი, ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა!

 

ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია, მაგრამ არა! რედაქტორმა სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი, უყურებს და ეუბნება:

 

– ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!.. არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან.

 

მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს:

 

– რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს…

 

იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას (ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი), “ბატონო შოთათი” მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით. მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე, უბრალოდ, სალამზე პასუხობდა.

 

საქმე მაშინ რთულდებოდა, თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ:

 

– რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე … რა ჰქვია?…

 

– ნიშნიანიძე გახლავართ, ბატონო ტრიფონ! – პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე.

 

თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა:

 

– მე „ის“ ვარ, ბატონო ტრიფონ, „მეორე“.

 

პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა:

 

– რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს! წაკითხული კი არა, გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს?

 

და გზას განაგრძობდა“, - ეს ბატონმა შოთა ნიშნიანიძემ თავად მიამბო, წერს ნინო დარბაისელი.

 

მარტო მისი ნათქვამი რად ღირს: „გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა

ხარივით მსმელი ვაჟკაცი, ხარითვალა და ხარქედა.

ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,

სიტყვა ხარივით გამწევი მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი,

ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი!“

 

და მთავარი: „ყველას აქვს უფლება კარგად იცხოვროს, მაგრამ არავის აქვს უფლება საქართველოზე უკეთ ცხოვრების!“ - ბრძანა, თუმცა, ესმით განაა?!“ - წერს ანდრონიკაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი