logo_geo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ პოლიტიკურ გამჭრიახობას, ბოროტების დამარცხებას, თავმდაბლობას, პატრიოტიზმს
- +

24 ოქტომბერი. 2019. 20:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას ეხმაურება და მის ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ ((#PovosDaFloresta​) ელჩად არჩევას მიესალმება.

 

მესამე დღეა ვკითხულობთ კომენტარებს ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად იმდენი ხეპრული შეფასებაც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსათვის. იგივე პატარა ქვეყნისათვის კი მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა ამ, მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად. ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მით უმეტეს, რომ ხარჯიც პირადია. თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები... "ქართული ოცნების" ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების საღლიცინო არ გახდეს“,- წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, კრიტიკოსთა ლოგიკით, რომლებიც ქვეყანაში პრობლემების არსებობას იყენებენ არგუმენტად, არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ,  არც საერთაშორისო ფორუმები თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ჩატარდეს და ქვეყანა უნდა იყოს ასე, ოკუპანტების თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების შემყურე.

 

დავუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყე-პარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი, ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პოლიტიკურ სინამდვილეს? ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას პირდაპირ სოციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა“,- წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი