logo_geo
მირიან ლებანიძე: მანქანამ შეყვარება იცის. თუმცა ევროპამ საცობებთან საბრძოლველად სხვა წამალი ვერ მოიფიქრა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 23:35

 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელი მირიან ლებანიძე წესების დარღვევით პარკირებაზე ჯარიმის გაზრდას სოციალური ქსელით ეხმიანება და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

 

ამბობს, რომ პარკირების ჯარიმის გზარდა არ აშინებს, რადგან ავტომობილს, თუ დასჭირდა სამსახურიდან 500 მეტრის მოშორებითაც გააჩერებს:

 

"პარკირების ჯარიმის გაზრდა არ მაშინებს, რადგან მანქანას ვაყენებ იქ, სადაც შეიძლება. დილაობით სამსახურის შორიახლო სამ წრესაც ვურტყამ და არც 500 მეტრში დაპარკინგებას ვერიდები. გამოგიტყდებით, ამ ზაფხულს ხაშურში დამაჯარიმეს არასწორი პარკინგისთვის და ისიც იმიტომ, რომ ამკრძალავი ნიშანი ვერ დავინახე. შექებასა და მხარზე ხელის ტყაპუნს არ ველოდები. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ქაოსი უფრო მეტ პრობლემას ქმნის. შესაძლოა, თბილისს მეტი პარკირების ადგილი სჭირდება... თუმცა, მთავარი პრობლემაა ის, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უმრავლესობა ჩვენგანს ყოველდღიურად კერძო ავტომანქანებით სარგებლობა არ უნდა გვჭირდებოდეს და არც უნდა გვინდოდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს სისტემა გაიმართება და ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა მიმზიდველი იქნება. დიახ, მძღოლისთვის ეს ცოტა რთული წარმოსადგენია. მანქანამ შეყვარება იცის. თუმცა, ხომ ვხედავთ, რომ ევროპამ საცობებთან საბრძოლველად ესეც სცადა, ისიც და ბოლოს საზტრანსპორტის განვითარებისა და პარკირების შეზღუდვის გარდა, სხვა წამალი ვერ მოიფიქრა...“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მირიან ლებანიძე.


აღსანიშნავია, რომ თბილისში, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა. შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.​

 

დღემდე თუ მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი. ახლა, თუ ფოსტით ვერ მოხდა ოქმის მიწოდება, იგი გამოქვეყნება სპეციალურ ვებგვერდზე – tp.ge. ამ მოდელს იყენებს შსს ვიდეო ჯარიმებთან დაკავშირებით.

 

თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი გადაიხდის ჯარიმას, მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას. პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. გუშინ, პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და გახდა 50 ლარი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი