logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: როგორ ვყვარებივართ... ჩვენი პატრიარქი... ჩვენი მოხუცი...
- +

3 ნოემბერი. 2019. 00:14

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სიონის ორშაბათობები...

ახლაც თვალნათლივ მახსოვს, ყოველ ორშაბათს, საღამოს 7 საათის დადგომას როგორ ველოდით 17-18 წლის ახალგაზრდები.

 

ეს დრო ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, - სიონის ტაძარში პატრიარქთან შეხვედრის დრო. ჩვენზე უმცროსებიც იყვნენ იქ და, რასაკვირველია, უფროსებიც.

 

80-იანი წლების დამლევი იყო, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანა. ჩვენც დამუხტულები ვიყავით.

 

პატრიარქი ბავშვებისთვის წირავდა ორშაბათობით, მერე დავწკრივდებოდით და ზეთით ჯვარს გამოგვსახავდა შუბლზე.

 

სიონიდან წამოსულებს მომდევნო ორშაბათ საღამომდე იმ ლოცვის მადლი მოგვყვებოდა...

 

უფრო უკეთესები ვხდებოდით, უფრო კეთილები, უფრო ჭკვიანები და გონიერები... რაღაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, - ჩვენ ხომ პატრიარქმა დაგვლოცა და მასთან ერთ კვირაში ისევ მოგვიწევდა შეხვედრა.

 

სიონის ტაძრის ეზო იყო ჩვენი ნავსაყუდელი. ადრე მივდიოდით და გავყურებდით საპატრიარქო სახლს, საიდანაც მზესავით გამოანათებდა ხოლმე პატრიარქი, გაგვიღიმებდა და ასე სახეზე ღიმილგადაფენილი გაივლიდა ბავშვების დერეფანს, ყველას გვეფერებოდა და გვლოცავდა, შევიდოდა ტაძარში და ჩვენც ბეღურებივით მივყვებით ბედნიერები...

 

იმ წლების გახსენებისას ახლაც სითბო მეღვრება გულში.

 

ის სიყვარული, რიდი და მოწიწება მომყვება მთელი სიცოცხლე და პატრიარქთან შეხვედრისას ახლაც განსაკუთრებული კრძალვა მაქვს.

 

ასე მგონია, ის 30 წლის წინანდელი ღიმილი, რომელიც უხვად გვეფრქვეოდა, მინათებდა და მინათებს გზას.

 

ახლაც, როცა ძალიან მიჭირს, ის ღიმილი მახსენდება და ვრწმუნდები, რომ პატრიარქმა ჩვენი, ჩვენი თაობის ახალგაზრდების გადასარჩენად დააწესა "სიონის ორშაბათობები".

 

დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ასე სხვებსაც არასოდეს დაავიწყდებათ ჩვენი დღე - ჩვენი ორშაბათი, ჩვენი საღამოს 7 საათი...

 

თითოეული ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ჩვენ გვიღიმოდა პატრიარქი, არადა, უწმინდესი და უნეტარესი, როგორც ბრძენი და შორსმჭვრეტელი მოძღვარი, ჩვენი სახით, მომავლის საქართველოს უღიმოდა და ლოცავდა.

 

პატრიარქის ლოცვის ძალა შეგეწიოთ მის ერთგულ სამწყსოს!

 

P.S. დავფიქრდი და, - ამ გახსენებისას პატრიარქის მზრუნველობაზე ვწერ. დავფიქრდი და, - თურმე კვლავაც როგორ მჭირდება, როგორ გვჭირდება...

არადა, პატრიარქსაც სჭირდება ჩვენი ზრუნვა, ჩვენი სითბო, ჩვენი სიყვარული... ისიც ადამიანია, ხანმოთეული მოხუცი და მასაც სტკივა, მასაც აწუხებს და მისი წარსულის გაფრთხილებაც გვმართებს, რადგან მის წარსულში ჩვენც ვართ, მისი ღვაწლის ნაწილი ვართ, ჩვენი აწმყოც მან შექმნა და ჩვენი მომავალიც მან განსაზღვრა.

როგორ ვყვარებივართ...

ჩვენი პატრიარქი...

ჩვენი მოხუცი...“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი