logo_geo
გვრიტიშვილი ანა დოლიძეს პრეზიდენტის შანტაჟში ადანაშაულებს: წამებულის მანტიის მოსხმა არ გამოუვა
- +

8 ნოემბერი. 2019. 23:07

 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს პრეზიდენტის შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  დოლიძე  ჩვეულებრივი სამართალდამრღვევია.

 

ბოლო დღეებში ანა დოლიძე და მისი მომხრე არასამთავრობოები, ე.წ. ექსპერტ-კონსტიტუციონალისტები პირდაპირ აშანტაჟებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ თუ იგი უფლებამოსილებას შეუწყვეტს დოლიძეს, ამით ხელს შეუწყობს ,,განსხვავებული აზრის დევნას“. ასევე, ერთხმად ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რადგან ეს არ არის განსაზღვრული კონსტიტუციით.

 

ანა დოლიძე არის ჩვეულებრივი სამართალდამრღვევი: იკავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებში; ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც საბჭოს წევრობასთან ასევე შეუთავსებელი საქმიანობაა; სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. ამისათვის მან პასუხი უნდა აგოს და ეს პასუხისმგებლობა არანაირად უკავშირდება დოლიძის მხრიდან განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმას. ასე რომ იყოს, ნაზი ჯანეზაშვილის გაწვევასაც მოვითხოვდით!

 

არასამთავრობოების და ე.წ. ექსპერტ-კონსტიტუციონალისტების ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: საქართველოს კონსტიტუციაში საერთოდ არ არის მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ, ასევე – მისი საპარლამენტო მდივნის შესახებ; მათი ლოგიკით გამოდის, რომ ანა ნაცვლიშვილი არალეგიტიმურად იყო დანიშნული საპარლამენტო მდივნად პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ? ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებები არაკონსტიტუციურია? რა თქმა უნდა, არა, რადგან ამგვარ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ანიჭებს კონსტიტუციის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.

 

ანა დოლიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს საქართველოს კონსტიტუციის 64-მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გამოცემული, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. დასაბუთებული მიმართვა მის აღმატებულებას ჩვენ უკვე გადავუგზავნეთ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც შინაარსობრივადაც და პროცედურულადაც აბსოლუტურად დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და მითითებულ ორგანულ კანონს.

 

P.შ. მიმდინარე წლის 20 მარტს, ამ გვერდზე გამოვაქვეყნე მოსაზრება, რომ ფარსი იყო ანა დოლიძის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის არჩევნებში მონაწილეობის დაანონსება, რადგან იცოდა, რომ რამდენიმე ათეული ხმის მიღებას თუ შეძლებდა და შეირცხვენდა თავს.

 

ახლა კი ცხადია, რომ დოლიძე ფორმალურადაც (ფაქტობრივად უკვე პოლიტოკოსია) ემზადება პოლიტიკაში გადასაბარგებლად. სამწუხარო და დაუშვებელი კი ისაა, რომ თავის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს სასამართლო ხელისუფლების რესურსებით (საბჭოს ტრიბუნის გამოყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის; სამსახურებრივი ავტომანქანით პოლიტიკურ აქციებზე მიმოსვლა და სხვ); სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის გზით ცდილობს დააგროვოს პოლიტიკური ქულები, საბჭო გამოიყენოს ტრამპლინად, რათა მიმდინარე წლის დასასრულისთვის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მაქსიმალურად სარფიანად მიეყიდოს და პარტიული სიით მაინც შეძლოს პარლამენტში მოხვედრა 2020 წლის არჩევნების შედეგად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიითაც მოელის ხეირს, წამებულის, დევნილის მანტიის მოსხმას, რაც არ გამოუვა!” - წერს გვრიტიშვილი.

 

 

big_banner
არქივი