logo_geo
ნინო ჯღარკავა: ბიჭო, გოგია, როგორ მოგვნატრებიხარ!
- +

9 ნოემბერი. 2019. 14:01

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორჯერ ვუყურე „პროფილს“ გოგი დოლიძეზე გადაცემას, მადლობა მაია ასათიანს, ასე მეგონა, გუშინ იყო ის საბედისწერო 8 მარტი, როცა სამსახურში, ტელევიზიის შენობაში შესულს მეხივით გავარდა, გოგია აღარ არის! ზუსტად ისეთივე ტკივილი მქონდა, როგორც მაშინ... მივხვდი, ისევ ისე მიყვარდა გოგი, ისევ ისეთი მონატრება ჰქონია ამ დიდ ადამიანს! ვუყურებდი მის შვილს ლევანჩოს (გოგი ეძახდა ასე) და გამახსენდა, როგორ დამიტოვა ტელევიზიის კაფეში, - ერთი ჭკუის ხართ თქვენ ორივე, დაგიტოვებ ცოტა ხანს, ახალი სიმღერა უნდა ჩავწერო, ნამცხვრები იყიდეთო და ფული დამიტოვა. ნახევარ საათში ლევანმა წუწუნი დაიწყო, გოგი მამა მინდაო, ჩავკიდე ხელი და ხმის ჩამწერ სტუდიაში შევიპარეთ, დიდი მინის შუშიდან დაგვინახა, გაგვიღიმა და იმღერა, იმღერა ისე, რომ ცრემლები წამომივიდა, მიკროფონში ჩაგვძახა - როგორი იყო, მამა?! რამხელა პატივი იყო, მე როგორ უნდა შემეფასებინა გოგის ნამღერი, ძლივს ამოვთქვი სასწაული და მიხაროდა, რომ პირველი მე მოვისმინე მისი ახალი სიმღერა! გამახსენდა კიდევ ერთი საოცარი საღამო რესტორან „მუხრანთუბანში“, გურამ თამაზაშვილის დაბადების დღე, თამადა გოგი ხარაბაძე, „ქართული ხმები“, მე ასაკითაც ძალიან პატარა, პირველად მოვხვდი ამ ბუმბერაზი ადამიანების გვერდით და ვისმენდი საოცრებებს, გოგი ხარაბაძის ბუბუნა ხმით ნათქვამ ლექსებს, მუხლზე დაჩოქილი გოგის გიტარაზე ნამღერს, გურამ თამაზაშვილის აჭარულ იუმორს და მის ცეკვას, გარედან ტურისტების ჯგუფი შემოვარდა, უკრავდნენ ტაშს, ყვიროდნენ ბისს, ბრავოო, ცრემლები სდიოდათ და არ შორდებოდნენ ჩვენს სუფრას! ეს იყო, ეს იყო მართლა თბილისური ურთიერთობა! რამდენი წელი გასულა, გავიდა დრო და ვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს! ბიჭო, გოგია, როგორ მოგვნატრებიხარ! მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები, ის არ ავიწყდება თბილისს“, - წერს ჯღარკავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი