logo_geo
თამარ უჯმაჯურიძე: დღეს გურამი გავაცილეთ... ტაშით...
- +

9 ნოემბერი. 2019. 21:30

 

„ფეისბუქმა“ შემახსენა, რომ დღევანდელ დღეს ქართველი მსახიობი და უბრალოდ, ქართველი კაცი - გურამ ფირცხალავა დაგვისაფლავებია. მაშინ დაწერილი სტატუსით ვეფერები დღესაც და ამაყი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივ კაცს ვიცნობდი. ნათელში იყავი, გურამ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ უჯმაჯურიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს გურამი გავაცილეთ... ტაშით... ეს ტაშიც სისულელეა, როცა ხვდები, რომ ადამიანი იქ აღარაა, სადაც აპლოდისმენტი რაიმეს ნიშნავს, თუმცა, ჩვენ, ამ ნაპირზე დარჩენილებს, სხვა რა შეგვიძლია? საშინლად გულდამძიმებულს, ერთი ამბავი გამახსენდა, გურამთან დაკავშირებული:

 

90-იან წლებში გია კაჭარავა "ბლუზს" იღებდა. ჰოდა, აიჩემა, ვორონცოვის მოედანზე, ხიდზე, ღამის 2 საათზე, წვიმა უნდა გადავიღოო.

 

უკუნეთია. გარშემო კაცის ჭაჭანება არაა. შორიახლოს სროლის ხმა ისმის(მაშინ ყველა ისროდა), ჩვენ კი ვდგავართ ხიდზე და ფილმს ვიღებთ. მე, ცხადია, გული მისკდება შიშით, მაგრამ რას ვიზამ?

 

გურამის სცენაა, თავსხმა წვიმაში სველდება ხელოვნური (სახანძროს მანქანიდან დასხმული) წვიმით. მე ავი წინათგრძნობა ამეკვიატა და გულს ვერ ვიწყნარებ.

 

ვხედავ, მოქრის "წივილ-კივილიანი" მანქანა, ბოლომდე აწეული მუსიკით, ჩერდება, 4 "ვერზილა" გადმოდის, ,,კაპოტზე'' ვეებერთელა საზამთროს დებენ, ჩეხავენ, გვერდით ღვინის ბოცას და ჭიქებს უწყობენ უხმოდ და "გვთხოვენ" დავლიოთ. რეჟისორი ცოფებს ყრის, ვერ ვაწყნარებთ. იძაბება სიტუაცია...

 

- კაცო, შენ რაჟა არ ხარ, სარჩიმელია,- შესძახა ერთ-ერთმა გურამს.

-რაჟა ვარ, რაჟა, -პასუხობს გურამი...

 

გადმოირბენს ჩვენი მთავარი გმირი, დალევს ბიჭებთან ერთად, მოუბოდიშებს, გადაიღებს კადრს, ისევ დალევს და ასე შემდეგ...გაირკვა, რომ ერთ-ერთის დაბადების დღე ყოფილა.

 

მოულოდნელად გვარდიის მანქანა ჩერდება, იქიდან ავტომატიანი ბიჭები გადმოდიან...როგორ გინდა, მთვრალი ბიჭები და იარაღიანი ხალხი ერთად გყავდეს და თან კინო გადაიღო? აქაც გურამმა იმარჯვა-კვდება, ისე ეშინია იარაღისო, ჩემზე უთხრა. ბიჭებმა იარაღი მანქანაში ჩაკეტეს და გასაღები ჩამაბარეს, წასვლამდე შენთან იყოსო. მეორე დღეს აფხაზეთში მიდიოდნენ საომრად.

 

გაჩაღდა ქეიფი, დაემატა სასმელიც და საზამთროც...

 

ვხედავთ, მოდის ახალგაზრდა კაცი, ხელში რატომღაც კატით... ჩაცუცქდა და ხმის ამოუღებლად გვიყურებს. "კაიფშია" აშკარად, თვალს ვერ ახელს... შესთავაზეს ამასაც ბიჭებმა, დაგვლოცეო. იუარა... "ჯერ ამის დონემდე მივიდეთ და მერე დავაძალოთ ამას",-იხუმრა გურამმა და კიდევ ერთხელ განმუხტა დაძაბულობა.

 

ბოლოს, გრძელ ლაბადაში გამოწყობილი კაცი მოგვიახლოვდა. "კა გე ბე!"-გაგვცრა ტანში...

 

ვიღებდით კინოს დილამდე, ერთად ქეიფობდნენ "კინოშნიკები", მოქეიფე ბიჭები, გვარდიელები, ნარკომანი და უშიშროების თანამშრომელი.

 

ერთი ზედმეტი არ თქმულა, ერთი შელაპარაკებაც არ მახსოვს მთელი ღამის განმავლობაში და ის ღამე ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა ჩემთვის, ალბათ, დანარჩენებისთვისაც.

 

ყველაფრის ასე ლამაზად ამწყობ-დამწყობი კი გურამ ფირცხალავა იყო, რომელმაც იმ ღამეს, ჩვენი ფილმის გარდა, 90-იანი წლების ქუჩის სცენაზეც უამრავი როლი ითამაშა და ყველა კარგად გამოუვიდა. საოცრება ის იყო, რომ ამდენი სმის მიუხედავად, ბახუსი სულ არ დასტყობია, ის ხომ ნამდვილი ქართველი იყო, ქართველები კი ადრე, ვინმეს რომ შეემჩნია, ისე არ თვრებოდნენ.

 

ნათელში გამყოფოს უფალმა, გურამ!“ - წერს უჯმაჯურიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი