logo_geo
ალეკო ავაზნელი: სანამ სასულიერო პირების განკითხვას დაიწყებთ, მანამ თქვენს სულში ჩაიხედეთ, რას აკეთებდით ამ დროს!
- +

14 ნოემბერი. 2019. 12:10

 

 

 

ალეკო ავაზნელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები ქვეყანას ტოვებდნენ ოჯახებით და ქვეყნიდან იპარებოდნენ, ჩვენი უწმინდესი და მისი დასი კონფლიქტის ზონაში შედიოდნენ და გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცები გადმოჰყავდათ და ქრისტიანული წესით კრძალავდნენ. ასე რომ, სანამ სასულიერო პირების განკითხვას დაიწყებთ, მანამ თქვენს სულში ჩაიხედეთ, რას აკეთებდით ამ დროს!

 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. გაზეთ „კვირის პალიტრის“ არქივში ინახება ინტერვიუ პატრიარქის იმდროინდელი დაცვის უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან.

 

სოსო ოხანაშვილი: „აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო…

 

14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომლებსაც ნუგეში სჭირდებოდათ. იქიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდი იყო და თავიდან უარზე ვიყავით. პატრიარქმა არ დაიშალა. პროცესში ჩაერთო რუსეთის მაშინდელი ელჩი და უსაფრთხოების გარანტიები მოგვცა. რა თქმა უნდა, რუსების დაპირების იმედად ვერ ვიქნებოდით.

 

ამ დროს შემეხმიანა ვლადიმერ ჩაჩიბაია (გენშტაბის უფროსი) და სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ იქ არავის ეცნო (იმ დღეებში ჩაჩიბაია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა). გარდა ამისა, თან წავიყვანე სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმული სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ რამდენიმე წევრი. გვახლდნენ სასულიერო პირებიც.

 

15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ, შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით).

 

ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა. მერე ბორისოვს გადასცა 10 000 დოლარი – თუ შეიძლება, ეს თანხა მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო… კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო, წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო. რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა, პატრიარქი მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო. ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო… პატრიარქმა თქვა, ბიჭები უნდა წავასვენოთო. მერე მითხრა, ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო… პატრიარქი მანქანიდან ხედავდა, როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს… მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა…“, - წერს ავაზნელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი