logo_geo
ანი აშორდია: სპეცრაზმელმა დაიჩოქა და მანიშნა, მუხლზე დამედგა ფეხი, ჩემი დღის გმირი ხარ!
- +

20 ნოემბერი. 2019. 12:38

 

 

ჟურნალისტი ანი აშორდია 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ისტორიას იხსენებს და ერთ-ერთ სპეცრაზმელს გადარჩენისთვის მადლობას უხდის:

 

„სპეცრაზმელს! გამარჯობა, უცნობო! მე „POSTV-ახალი ამბების“ ჟურნალისტი, ანა აშორდია ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის, კითხულობ.

მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს დაშლის დღეს (18 /11/2019) გადაგვხდა. მინდა მოგითხროთ ერთ სპეცრაზმელზე, რომელმაც ჩვენ (მე და ჩემი ოპერატორი) გადაგვარჩინა.

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ლევანი, ვიღებდით პიკეტირებული პარლამენტის შენობის კადრებს, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი დავინახეთ, რომელმაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით სვლა დაიწყო.

 

ჩვენ, ისევე როგორც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელმა, დავიწყეთ კადრებისა და სინქრონების გადაღება და აღმოვჩნდით სრულ ვაკუუმში. მარცხენა მხარეს სპეცრაზმელები, მარჯვნივ – აქციის მონაწილეები, უკან კი – პარლამენტის შენობა. ისეთი ჭყლეტა იყო, აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვხედავდი.

 

ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ცხოვრებას ვასრულებდი. მოკლედ, იმდენმა ფიქრმა გამიელვა თავში, იმდენმა გრძნობამ მომაკითხა და იმდენმა ინსტინქტმა მომიკაკუნა კარზე, რომ კონცენტრაციის უნარიც კი დავკარგე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარი თავის ხელში აყვანას. წარმოიდგინეთ, მე და ლევანი ვართ ყუთში, საიდანაც გამოსვლას ვერ ვახერხებთ და თან შიგნით ვიჭყლიტებით.

 

ამ ფიქრებში და გრძნობებში ვარ და უცბად, ანგელოზად მომევლინა სპეცრაზმელი, რომელმაც ვაკუუმიდან ჩვენი გამოყვანა სცადა. პირველ რიგში, ხელი მოგვკიდა და გაგვიყვანა ამ საშინელი ჭყლეტიდან. შემდეგ ჩემს ოპერატორს დაეხმარა, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ბოძზე ასულიყო. ლევანი მაღალი ბიჭია, მაგრამ მასაც კი სპეცრაზმელის დახმარება დასჭირდა ბოძზე ასვლაში. მე? მე ლევანი მეძახის, ხელს მიწვდის და ჩემს ათრევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ეს რომ დაინახა (იმავე სპეცრაზმელმა), შემობრუნდა, დაიჩოქა, ფეხი გაამაგრა და მანიშნა, რომ შემეძლო, დაჩოქილ ფეხზე დამედგა ჩემი ჭუჭყიანი კედები, ასეც მოვიქეცი და გავედი სამშვიდობოს, პარლამენტის ბოძზე.

 

საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო შენ!

მადლობა გადარჩენისთვის!

ჩემი დღის გმირი ხარ!

 

P.S. შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ჩემი საჯარო მადლობა გმირ სპეცრაზმელს“, - წერს ჟურნალისტი.

 

 

big_banner
არქივი